ბავშვები ქცევებსა და ჩვევებს ოჯახში იყალიბებენ. ისინი მაგალითს ოჯახის წევრებისგან იღებენ და არც ის მოსაზრებაა აზრს მოკლებული, რომ ბავშვი „ოჯახის სარკეა“. იმისთვის, რომ ბავშვებმა სხვა ადამიანების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება, სწორად აზროვნება, ღირებულებების პრიორიტეტულობა და მათი პატივისცემა ადრეულ ასაკშივე ისწავლონ, მომავალში კი თავად შეძლონ თავიანთი შვილების სწორად აღზრდა, სასურველია, უმნიშვნელო, ერთი შეხედვით, წვრილმანი საკითხების, ბავშვებთან ერთად გადაწყვეტა.
ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვებს არასოდეს არაფერი ეკითხებათ; რომ მათი საქმეა კვება, დასვენება და თამაში. და ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთონ, როგორც მშობელი ჩათვლის საჭიროდ. ხშირად შვილებს არც კი უხსნიან, რატომ არის კარგი ან ცუდი ესა თუ ის აკრძალვა. ეს მიდგომა არასწორია. ბავშვებს სჭირდებათ ბევრი საუბარი, აინტერესებთ ყველაფერი და უფლებაც აქვთ, იცოდნენ.
ამიტომ, თუ გსურთ, თქვენი შვილი თავიდანვე სწორად განვითარდეს და ცხოვრებაში პრიორიტეტებიც სწორად დაალაგოს, მიჰყევით ჩვენს რჩევებს:
10. განუსაზღვრეთ დრო კომპიუტერთან
განსაკუთრებით საღამოს, შეუმცირეთ დრო, რომელსაც კომპიუტერთან, ტელევიზორთან ან მობილურ ტელეფონთან ატარებს. ამის ნაცვლად, მოემზადეთ შემდეგი დღისთვის და სიმშვიდეში დაისვენეთ ღამით.
ტელევიზორისა და კომპიუტერის ეკრანის გამოსხივების გარეშე, თქვენც და თქვენს შვილებსაც მარტივად დაგეძინებათ და უკეთაც გამოიძინებთ.
9. მიჰყევით გრაფიკს
გრაფიკი აუცილებელია, რადგან ის ქმნის წესრიგს და მნიშვნელოვანია თქვენი შვილის უსაფრთხოებისა და ბედნიერებისთვის. განრიგის მიხედვით მოქმედება დაგეხმარებათ დღის მნიშვნელოვანი საკითხების შესრულებაში. აუხსენით ბავშვებს, რატომ არის მნიშვნელოვანი, მიჰყვეთ შედგენილ გრაფიკს და იმოქმედოთ შესაბამისად.
გრაფიკი შეიძლება გიწესებდეთ, რომელ საათზე გაიღვიძოთ, რომელზე ისაუზმოთ და რომელზე დატოვოთ თქვენი შვილი სკოლაში.
8. გამოიყენეთ გონების სავარჯიშოები
ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად, თქვენი შვილისთვის გონებრივი სავარჯიშოებიც აუცილებელია. მიეცით მათ სხვადასხვა ასაწყობი სათამაშოები, მაგალითად, ფაზლები. თქვენც მათთან ერთად შექმენით რაიმე ლამაზი. ასევე, არსებობს უამრავი სახალისო და საგანმანათლებლო თამაში, რაც შეგიძლიათ, თქვენს შვილთან ერთად ითამაშოთ.
7. ივარჯიშეთ ერთად
იპოვეთ შესაძლებლობა, ივარჯიშოთ ერთად მთელმა ოჯახმა. შეიძინეთ ველოსიპედები და ისეირნეთ ერთად, მოაწყვეთ პიკნიკები, ან უბრალოდ მშვიდი საღამო თეატრსა და კინოში. ატარეთ ბავშვები პარკებსა და სკვერებში ყოველ კვირას, რომ მათ საშუალება ჰქონდეთ, სხვა ბავშვებთან ერთად ითამაშონ.
არ აქვს მნიშვნელობა, ვარჯიშის რომელ ფორმას აირჩევთ თქვენი ოჯახისთვის, მთავარია, ეცადოთ, რომ იმოქმედოთ ერთად და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით.
6. სადილის დრო კომუნიკაციისა და ურთიერთობის დროა
ისადილეთ ერთად მთელმა ოჯახმა. არ გამოტოვოთ და არ დაუშვათ, რომ ამისთვის დრო ვერასოდეს გამონახოთ. სადილისას მოუყევით შვილებს თქვენი დღის შესახებ და კვირის გეგმებიც გაანდეთ. იმეგობრეთ საკუთარ შვილებთან.
იმისთვის, რომ თავადაც გაიხსნას თქვენთან, ითამაშეთ სხვადასხვა თამაშები. მაგალითად, დააწესეთ, რომ ყოველდღიურად ოჯახში ყველა უნდა მოჰყვეს თავისი დღის შესახებ ერთ დადებით და ერთ უარყოფით ამბავს. ამ ამბებისგან გამოწვეული ემოციების შესახებაც ისაუბრეთ. ეს ხელს შეუწყობს ბავშვებში დადებითი თვისებების ჩამოყალიბებას და ბედნიერ, მშვიდ და ჯანსაღ ოჯახურ ცხოვრებას. და ეს მაშინაც კი, როცა ბავშვები თინეიჯერობის ასაკში გაცილებით ჩაკეტილები და გულჩათხრობილები ხდებიან.
5. ყურადღება მიაქციეთ, რას მიირთმევს ბავშვი სკოლაში
იმისთვის, რომ დარწმუნებული იყოთ, რას მიირთმევს თქვენი შვილი სკოლაში, უნდა გაიგოთ, რა ტიპის საკვებს სთავაზობთ ბავშვებს სკოლა ან თავად გაუმზადოთ და გაატანოთ ლანჩი.
ყველაზე დიდი, რაც თქვენი შვილისთვის შეგიძლიათ, გააკეთოთ, არის ის, რომ ყოველდღიურად იკვებოს საუზმესა და სადილს შორის და იკვებოს ჯანსაღად. ამიტომ მოუმზადეთ მათ გემრიელი და ჯანსაღი ლანჩი და დაიზღვიეთ თავი იმისგან, რომ თქვენი შვილი არ შეჭამს სკოლის ახლოს არსებული საცხობების გაურკვეველ ნაწარმს.
4. არ გამოტოვოთ საუზმე
მშობლების უმრავლესობა საუზმეს არ მიიჩნევს კვების უმნიშვნელოვანეს ნაწილად. ამიტომ ხშირად არც თავად საუზმობენ და არც შვილებს ასაუზმებენ. ზოგჯერ, დროის უქონლობის გამო, ერთი ფინჯანი ყავის დალევასაც ძლივს ახერხებენ.
აუცილებლად გამონახეთ დრო საუზმისთვის, გაიღვიძეთ რამდენიმე წუთით ადრე და მიირთვით იოგურტი და ხილი. შეგიძლიათ, საუზმე ღამით მოამზადოთ და დილით, უბრალოდ, შეათბოთ. ეს ნაკლებ დროსაც წაგართმევთ და გაცილებით ჯანსაღი არჩევანიცაა.
3. წაიხემსეთ ჯანსაღად და ერთად
იმის გამო, რომ საყიდლების სიიდან საბოლოოდ ამოიღეთ არაჯანსაღი წასახემსებელი, ისეთი, როგორიცაა ჩიფსები, გაზიანი სასმელები და სხვ., თქვენი შვილები ფიქრობენ, რომ საერთოდ აღარ ექნებათ საშუალება, გემრიელად და ტკბილად წაიხემსონ. თქვენ კი აუხსენით მათ, რომ ტკბილეული და კონსერვანტების შემცველი, ერთი შეხედვით, გემრიელი საკვები არ არის ჯანსაღი, მაგრამ ბავშვებს რომ ძალიან უყვართ გემრიელობები?
ამიტომ უმჯობესია, მათი არაჯანსაღი წასახემსებელი ჯანსაღით ჩაანაცვლოთ. მოძებნეთ რეცეპტი, რომლითაც იმაზე ჯანსაღ ორცხობილებს ან შოკოლადის ტკბილ ნამცხვრებს დაამზადებთ, ვიდრე მაღაზიებში იყიდება.
2. სცადეთ ახალი საკვები
ყოველ ჯერზე, როცა საყიდლებზე წახვალთ, ეცადეთ, ოჯახისთვის ახალი და განსხვავებული პროდუქტი შეიძინოთ. თუ თქვენს შვილებს არ მოეწონებათ, აუხსენით, რომ არაუშავს, რომ მთავარია, დააგემოვნეთ და შანსი მიეცით ახალ პროდუქციას. ხოლო, თუ თქვენი შვილები პირველივე ჯერზე არ დააგემოვნებენ რაიმე ახალს, ნუ დასჯით მათ ამის გამო.
1. საყიდლებზე იარეთ ერთად და განიხილეთ, რის ყიდვას აპირებთ
შვილის საყიდლებზე უბრალოდ ტარება არაფერს ნიშნავს და ნურც იმის მოლოდინი გექნებათ, რომ ის რაიმე გაუთვალისწინებელს არ მოგთხოვთ. უმჯობესია, მასთან ერთად განიხილოთ, რის შეძენას აპირებთ და რა მიზნით. სავაჭრო ცენტრები ათასნაირი პროდუქციით არის სავსე და ამიტომ არჩევანი ყოველთვის ახალ და ჯანსაღ პროდუქტზე შეაჩერეთ. აუხსენით მათ, რომ როგორც მათი, ასევე თქვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია სწორი კვება.
ბავშვები, როგორც წესი, უპირატესობას გემრიელ, თუმცა, არაჯანსაღ საკვებს ანიჭებენ. ესაუბრეთ მათ მსგავსი საკვების შემცველობაზე და აუხსენით, რატომ არის ცუდი იდეა მათი შეძენა.
თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის, თქვენი შვილების ჯანსაღი და სასარგებლო ჩვევებისთვის, ეცადეთ, გაითვალისწინოთ ზემომოყვანილი რჩევები. რა თქმა უნდა, ჯანსაღი არ ნიშნავს საუკეთესოს, თუმცა საუკეთესომდე, სასურველია, მაქსიმალურად ეცდოთ და ხელი შეუწყოთ თქვენი შვილის სწორი მიმართულებით განვითარებას. ამას კი მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით მოახერხებთ.
თემები: ოჯახი, მშობლები და შვილები, ბავშვები, ჩვევები
წყარო: <a href="http://familyfocusblog.com/top-10-healthy-habits-kids-learn-now/" target="_blank">familyfocusblog.com</a>