ყოველთვის, როცა ადამიანის ქცევებზე ვსაუბრობთ, რა შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად და რა – არა, კონკრეტული საზოგადოების მენტალობაც უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა, როგორც თანამედროვე მკვლევრები აღნიშნავენ, არსებობს რამდენიმე საკითხი, რამდენიმე ქმედება, რომელიც თანამედროვე და ღირსეული ქალისთვის ყოველთვის შეუფერებელი იქნება, როგორ საზოგადოებაშიც არ უნდა ცხოვრობდეს იგი.
ჩამონათვალი, რომელსაც აქ გთავაზობთ, ქცევასა და ქმედებაზე მეტად, შინაგან პრინციპებსა და მისგან გამოწვეულ ქმედებებზეა ორიენტირებული:
1. მშობლების დადანაშაულება
დღესდღეობით მოდური გახდა ყველა პრობლემის სათავის ღრმა ბავშვობაში ძიება. ბუნებრივია, არსებობენ ცუდი მშობლები, რომელთა ბრალიცაა ის ტრავმები, რომლებიც მათ შვილებს ზრდასრულ ასაკშიც აწუხებთ და განვითარების საშუალებას არ აძლევთ. სამწუხაროდ, მძიმე ბავშვობისგან ტრავმირებულ ადამიანებს ხშირად პროფესიონალის დახმარება სჭირდებათ, რათა შეძლონ და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ. მიუხედავად ამისა, ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ მსგავსი ისტორიები არც ისე გავრცელებულია და არც ყველას პრობლემას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანები ვიზრდებით და უკან მოვიტოვებთ წარსულში მომხდარ კარგ თუ ცუდ ისტორიებს. ხშირად მშობლებს ვადანაშაულებთ იმაში, რომ სათანადოდ ვერ აღგვზარდეს, არ მოგვცეს მიმართულებები, თუმცა, გვავიწყდება, რომ კარგა ხანია, პატარა გოგონები აღარ ვართ და დროა, თავად მოვაგვაროთ და გამოვასწოროთ საკუთარი პრობლემები. დაჩაგრულის მდგომარეობაში თავის ჩაყენება, იმაზე ჩივილი, როგორ გვიჭირს ცხოვრება დღეს, რადგან დედამ ბავშვობაში „ბარბი“ არ გვიყიდა, ღირსეული ქალის შესაფერისი საქციელი არ არის. მშობლებს არ ევალებათ, იყვნენ იდეალურები. ისინიც ადამიანები არიან, თავიანთი, განსხვავებული პრობლემებით.
2. ადამიანების გაკრიტიკება გარეგნობის მიხედვით
უნდა გვესმოდეს, რომ ეს დისკრიმინაციაა. გარეგნული ნიშნებით ადამიანის დისკრიმინირების უფლება არავის აქვს. ამის გაკეთება მაშინაც კი არ შეიძლება, თუ თავს ვიმართლებთ და ვამტკიცებთ, რომ ჩვენი შეშფოთების მიზეზი კონკრეტული ადამიანის კეთილდღეობის სურვილია. ჩვენ არ გვეხება სხვა ადამიანების წონა, არ გვევალება, ფარისევლურად ვიღელვოთ სხვათა ჯანმრთელობის პრობლემებზე. ადამიანი თავად წყვეტს, რა მოუხერხოს თავის წონას, ჯანმრთელობასა და გარეგნობას. როგორი ფოტოებიც არ უნდა განათავსონ სხვებმა სოციალურ ქსელში, ისინი არ იმსახურებენ კრიტიკის სახელით შენიღბულ შეურაცხყოფას. არავინ გვეკითხება, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის ადამიანი. სხვისი სხეული და გარეგნობა ჩვენი საქმე არ არის.
3. სხვისი განსაცდელის არაფრად ჩაგდება
„კარგი რა, უარესადაც ვყოფილვარ!“, „მოძებნა არაფრისგან სანერვიულო!“, „ზოგიერთს საერთოდ არაფერი აქვს და შენ რაღაც სისულელეზე ნერვიულობ!“ – ალბათ, ყველას გვითქვამს მეგობრისთვის მსგავსი ფრაზები. ამ შემთხვევაში, ჩვენი საქციელი გაუმართლებლადაც შეიძლება ჩაითვალოს. სხვა ადამიანების განსაცდელის არაფრად ჩაგდება არ არის სანიმუშო ქმედება. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ თანაგრძნობას არ გვასწავლიან, არ ვიცით, როგორ გამოვხატოთ სწორად მხარდაჭერა, ხოლო ფსიქოლოგიური რჩევები არაეფექტური გვგონია. გვიჭირს, ვუთხრათ ადამიანს, რომ „ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი რამ შეემთხვა“, ასეთი ფრაზები სიყალბედაც მიგვაჩნია, მაგრამ ადამიანებს სჭირდებათ ამის მოსმენა ჩვენგან. სწავლა კი არასოდესაა გვიანი.
4. კეთილი მიზეზი
უპირველესად, სასურველია, გვახსოვდეს, რომ ადამიანს დახმარების ხელი მისივე თხოვნის შემთხვევაში უნდა გავუწოდოთ. თუ არ გვთხოვს, ე.ი. არ სჭირდება. დაუკითხავად დახმარებამ, მისი სურვილის გარეშე ვინმესთვის სიკეთის გაკეთებამ, შესაძლოა, პირიქით, ავნოს კიდეც მას.
5. მსხვერპლის დადანაშაულება
„რაზე ფიქრობდა? თავად არის დამნაშავე“ – ყველაზე საშინელი ფრაზები, რომელთა წარმოთქმაც საერთოდ არ არის მიზანშეწონილი, ხშირად ასე იწყება და მსხვერპლის გაუთავებელ დადანაშაულებაში გადაიზრდება ხოლმე. ხშირად გვესმის: „ბოროტმოქმედი დამნაშავეა, მაგრამ...“ არ არსებობს „მაგრამ“!
6. კრიტიკა
დახმარების მსგავსად, კრიტიკაც მაშინ უნდა გამოვხატოთ, როცა ამის გვთხოვენ. არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარი საკუთარ ახალ ვარცხნილობაზე გვკითხავს აზრს თუ სამეცნიერო ნაშრომზე, ეს ნიშნავს, რომ მისთვის ჩვენი კრიტიკა მნიშვნელოვანი და საჭიროა. ხოლო იმ ადამიანების გაკრიტიკება, რომლებიც აზრს არ გვეკითხებიან, სრულიად უადგილოა.
7. ხმამაღალი განცხადებები საკუთარ ღირსებაზე
მაშინ, როდესაც ადამიანები სხვა ადამიანების სულელურ ქმედებებსა და მარცხზე საუბრობენ, ხშირად ვისმენთ, ან თავად ვამბობთ, რომ ისეთი ცუდები არ ვართ, როგორებიც სხვები. რომ არასოდეს ჩავიგდებდით თავს მსგავს სიტუაციებში, რადგანაც ჭკვიანები და შორსმჭვრეტელები ვართ, ხოლო ისინი, სულელები და უპასუხისმგებლოები არიან. მსგავსი განცხადებები ყოველთვის აფიქრებინებს გარშემომყოფებს იმას, რომ რეალურად საპირისპიროს წარმოვადგენთ და ამასთანავე, ღირსების ნასახიც არ გაგვაჩნია. არ ღირს მსგავსი საუბრები.
8. სხვების ოჯახების კრიტიკა
ის, რომ ჩვენ ირგვლივ ადამიანებს შვილის გაჩენასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, ჩვენი საქმე არ არის. ამ საკითხზე არა თუ კითხვების დასმა, არამედ საუბარიც არ ღირს. ეს ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად მიიჩნევა, რომელიც ამავდროულად არაეთიკურია. სხვების ოჯახების დაგეგმვის პროცესი, სხვათა ორსულობა, სხვათა თავისუფალი ნება, გაიკეთონ აბორტი, ჩვენ არ გვეხება. ეს იმ კონკრეტული ადამიანების პირადი სივრცეა, სადაც არაფერი გვესაქმება.
თემები: ქცევები, გოგონები, რა არ შეშვენით