არ მეგულება ადამიანი, რომლისთვისაც არასოდეს უთქვამთ, რომ თავი ყოველთვის მართალი ჰგონია. არც ისეთი ადამიანი მეგულება, რომელსაც ერთხელაც არ უფიქრია, რა მოხდებოდა, თუ სხვისი ტრაგედია მას შეემთხვეოდა. ზოგჯერ ჩვენ ფიქრები უცნაური მიმართულებით ვითარდება და როგორც ჩანს, ყველაფერი, რაც ჩვენს ფიქრებსა და წარმოსახვაში იქმნება, მართალი არ არის.
შესაძლოა, თავი მართლაც ყოველთვის მართალი ან სამართლიანი გვგონია, შესაძლოა, მართლაც გვიჭირს საკუთარ უბედურებასა თუ ბედნიერებაზე პასუხისმგებლობის აღება და მუდმივად სხვებისკენ ვიშვერთ ხელს. ყოველივე ამას კი ჩვენი დამახინჯებული, მრუდე ფიქრები განაპირობებს. იმისთვის, რომ სწორი მიმართულებები მივცეთ ჩვენს წარმოსახვას და სხვა კუთხით დავიწყოთ მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრი, საჭიროა, გავიგოთ, რას აღვიქვამთ არასწორად:
1. ფილტრაცია: ყველა უარყოფითი დეტალის გაზვიადებით, ვერ ახერხებ სიტუაციის დადებითი მხარეების გაანალიზებას.
2. პოლარიზებული ფიქრი: ფაქტებს აფასებ ან შავად, ან თეთრად. კარგად ან ცუდად. ან სრულყოფილი ხარ, ან არასრულფასოვანი და „ლუზერი“. შენთვის არ არსებობს ოქროს შუალედი.
3. განზოგადებული ფიქრი: ერთადერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, მტკიცებულებასა და ფაქტზე დაყრდნობით, ზოგად დასკვნებს აკეთებ. თუ ცხოვრებაში ერთხელ შეგემთხვა ცუდი, ელი, რომ უსასრულოდ ასე გაგრძელდება.
4. აზრების კითხვა: იცი, რას გრძნობენ ადამიანები, ან რატომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. თუმცა ეს ყველაფერი იცი არა იმიტომ, რომ მათ გითხრეს, უბრალოდ, მათი აზრების კითხვის უნარი გაქვს. წინასწარ შეგიძლია გამოიცნო ადამიანის განწყობა შენ მიმართ.
5. გატრაგიკულება: მუდმივად უბედურებას ელი. ყურს მოჰკრავ თუ არა სხვების პრობლემას ან უბედურებას, მაშინვე იწყებ ფიქრს: „ხომ შეიძლება, მეც იგივე დამემართოს?“
6. პერსონალიზაცია: ფიქრობ, რომ რასაც ადამიანები აკეთებენ, ან ფიქრობენ, ყველაფერი მათი რეაქციაა შენ მიმართ, ანუ შენ გეხება. ასევე, სხვებს ადარებ თავს და ცდილობ იმის განსაზღვრას, ვინ უფრო ჭკვიანია, ვინ უფრო ლამაზი და ა.შ.
7. არასწორი კონტროლი: თუ ფიქრობ, რომ გარედან გმართავენ და თავი უმწეოდ და ბედისწერის მსხვერპლად მიგაჩნია, ე.ი. შენი შინაგანი კონტროლის მექანიზმი არასწორად მუშაობს. ეს შემთხვევა სხვების უბედურებასა და ბედნიერებაზე პასუხისმგებლობას აჩენს და შენც საკუთარი თავი გარშემომყოფი ადამიანების ბედნიერებასა თუ ტკივილზე პასუხისმგებელი გგონია.
8. მცდარი სამართლიანობა: შესაძლოა, განრისხდე და გაბრაზდე, როცა არავინ გეთანხმება იმაში, რაც სამართლიანი გგონია. თუმცა ხშირად შენი შეხედულება მცდარია და სიტუაცია სულაც არ არის ისეთი სამართლიანი, როგორადაც აფასებ.
9. დადანაშაულება: საკუთარ მწუხარებასა და ტკივილში მუდამ სხვა ადამიანებს ადანაშაულებ. უმჯობესია, შენს მდგომარეობაზე თავად აიღო პასუხისმგებლობა.
10. ასე უკეთესი იქნება: ზოგჯერ ადამიანები წინასწარ განსაზღვრავენ საკუთარ ქმედებებსაც და სხვებისაც. და როდესაც მათ მიერ გაწერილ გეგმებს ვერ ასრულებენ, ანუ იმედებს უცრუებენ, ისინი ბრაზდებიან. ხოლო როცა თავად არღვევენ თავისავე დადგენილ წესებს, თავს დამნაშავედ გრძნობენ.
11. ემოციური მსჯელობა: შენ გჯერა, რომ რასაც გრძნობ, აუცილებლად სიმართლეა. მაგალითად, თუ გრძნობ, რომ მოსაწყენი და სულელი ხარ, მართლა მოსაწყენი და სულელი ხდები.
12. არასწორი ცვლილება: ელი, რომ სხვა ადამიანები შეიცვლებიან და მოგერგებიან, ან შეიცვლებიან და მათზე ზეწოლას შეძლებ. შენ უნდა შეცვალო ადამიანები, რადგან ბედნიერება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია და რომელსაც ასე ელი, მთლიანად გარშემომყოფებზეა დამოკიდებული.
13. გლობალური განზოგადება: მსოფლიოში მომხდარ ერთ-ორ უარყოფით ფაქტს გლობალურ უარყოფით მოვლენად აზოგადებ.
14. მუდამ მართალი: მუდამ ამტკიცებ, რომ შენი მოსაზრებები და ქმედებები სწორია. არც კი უშვებ, რომ შესაძლოა, ცდებოდე. ამიტომ ყველაფერს გააკეთებ, რომ საკუთარი სიმართლის დემონსტრირება შეძლო.
15. სანაცვლოს არასოდეს ელი: ფიქრობ, რომ ანგარიშვალდებული ხარ, გააკეთო ყველაფერი, რასაც აკეთებ და თავსაც მაშინ გრძნობ კარგად, როცა არავინ გაქებს, ან სანაცვლოდ იგივეს არ გიკეთებს.
თემები: ფიქრი, ვარიანტები
წყარო: <a href="http://www.stumbleupon.com/su/2PZqbx/www.surrenderworks.com/library/imports/distortedthinking.html?ref_src=fb" target="_blank">www.stumbleupon.com</a>