ასაკის მატებასთან ერთად, ნაოჭების გაჩენაც ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა, ისიც ვიცით, რომ ზოგჯერ ნაოჭებს არაფერი აქვს საერთო ასაკთან – ისინი ნაადრევადაც ჩნდება და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ადრეულ ასაკშიც გვიწევს. ამის განმაპირობებელი შესაძლოა, ის კოსმეტიკური საშუალებები იყოს, რომლებსაც მაკიაჟისთვის ვიყენებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არამარტო ეს კონკრეტული საშუალებები. ნაოჭების გამომწვევი, შესაძლოა, იყოს ის ცუდი ჩვევებიც, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგალითად:
9. ძილი
ძილის ფორმას ძალიან დიდი გავლენა აქვს კანის მდგომარეობაზე. თუ პირქვე გძინავთ, სახეზე ნაოჭები ჩნდება. ასევე, უპირატესობა მიანიჭეთ ატლასის ქსოვილს, განსაკუთრებით სახის მიმდებარედ, ან შეეცადეთ, იძინოთ ზურგზე დაწოლილმა.
8. მზისგან დამცავ კრემებზე უარის თქმა
ყველგან ვკითხულობთ, რომ მზისგან დამცავ საშუალებებზე უარის თქმა კანისთვის საზიანოა, თუმცა, ხშირად მაინც არ ვიყენებთ მას. მზის სხივებზე რამდენიმე წუთით გაჩერებაც კი ამცირებს კოლაგენის რაოდენობას კანში და იწვევს ნაოჭების წარმოქმნას. მზისგან დამცავი კრემების გამოყენება რეკომენდებულია ყოველდღიურად. სასურველია, ისეთი შეარჩიოთ, რომელიც თუთიის ოქსიდსა და ტიტანიუმის დიოქსიდს შეიცავს.
7. სახის დაძაბვა მაკიაჟის გაკეთებისას
ნაოჭების გამოწვევის ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად მაკიაჟის გაკეთებისას სახის დაჭიმვა და დაძაბვა მიიჩნევა. მაკიაჟის გაკეთებისას არ არის სასურველი შუბლის შეკვრა და პირის გაღება. იმისთვის, რომ თვალები დიდი ხნით არ დაგეძაბოთ, უმჯობესია თვალის ლაინერის გამოყენება.
6. გამონაყარის წვალება
ნუ შეეხებით გამონაყარს. მიეცით საშუალება, თავისით გაქრეს ან გამოიყენეთ ნატურალური პროდუქცია მის შესამცირებლად. ნებისმიერ დროს, როცა გამონაყარს ეხებით, მით უმეტეს, როცა ძალიან აწვალებთ მას, აზიანებთ კანს, აღიზიანებთ, აჩენთ ნაპრალებსა და ნაოჭებს.
5. მაკიაჟის მოუშორებლობა
მაკიაჟით ძილი ნაოჭების გაჩენის მიზეზი კი არა, უფრო მათი გაჩენის მოთხოვნაა. მაკიაჟთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში სახეზე მტვერი და ჭუჭყიც გროვდება, რისი მოშორებაც დღის ბოლოს აუცილებელია. დღის ბოლოს სახის გაწმენდის გარეშე ძილი კანში კოლაგენის რაოდენობასა და კანის ელასტიკურობას ამცირებს. ასევე, იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, ფორების გაფართოებასა და ნაოჭების წარმოქმნას. ყოველ საღამოს, ძილის წინ გაისუფთავეთ და დაიტენიანეთ კანი.
4. საღეჭი რეზინი
პროფესორების თქმით, საღეჭი რეზინის ხშირი გამოყენება კონკრეტული ტიპის ნაოჭებს წარმოქმნის, რომელიც შესამჩნევი, თუმცა მიმიკურია. ამასთანავე, საღეჭი რეზინი პირის სტრუქტურულ ცვლილებებსაც იწვევს. მასზე უარის თქმა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალია კანის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის.
3. დალევა
ნებისმიერი ალკოჰოლი კანის დეჰიდრატაციას იწვევს. ალბათ, ყველა ვამჩნევთ იმას, რომ, როცა ღამით ალკოჰოლს ვიღებთ, დილაობით ჩვენი კანი გამომშრალი და მოშვებულია. დროთა განმავლობაში, თუ ორგანიზმი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებს, კანი კარგავს ელასტიკურობას და ჩნდება ნაოჭები, რისი მთავარი მიზეზიც კანის დეჰიდრატაციაა. „ამასთანავე, ალკოჰოლმა ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლოა, ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს, მაგალითად, გააქროს ან შეამციროს ვიტამინების რაოდენობა. ვიტამინები კი, თავისთავად, მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტებია, რაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს კანისა და სხეულის სიჯანსაღეში. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალკოჰოლი ხელს უშლის ახალი უჯრედების გაჩენას. ვიტამინი A კი საჭირო ნივთიერებაა კოლაგენის წარმოქმნისთვის. როცა კოლაგენი არ წარმოიქმნება, კანი ელასტიკურობას კარგავს“. – ამბობს მაროტა ჯეიმსი, სახის პლასტიკური ქირურგი.
2. დიეტა
თუ კანის სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება ხანგრძლივი დროით გსურთ, მაშინ გაითვალისწინეთ ის, რასაც ძველი დროის ადამიანები ამბობდნენ: „შენ ხარ ის, რასაც ჭამ!“ დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვების მიღება არა მხოლოდ ჯანსაღ წონას გაკარგვინებთ, არამედ ნაადრევადაც გაბერებთ. „მსგავსი საკვების მიღების საკმაოდ საზიანო პროცესისას, შაქრის მოლეკულები უერთდება ცილებს (მათ შორის კოლაგენსაც), რის შედეგადაც, შაქრის მოქმედება ძლიერდება და მახინჯ ფორმებს იღებს“, – ამბობს გასტროტექნოლოგი როშინი რაჯაპაკსა. შეამცირეთ შაქრის მოხმარება და თქვენს კანზე ეს აშკარად აისახება!
1. მოწევა
მოწევა ნაოჭების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამის შესახებ ჩატარებულია ძალიან ბევრი კვლევა, მათ შორის ტყუპებზეც, რომელიც ნათლად აჩვენებს ამ საოცარ განსხვავებას. მოწევის შეწყვეტა საგრძნობლად ამცირებს ნაოჭების რაოდენობასაც და მათ წარმოქმნასაც.
თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, კანი, ნაოჭები
წყარო: <a href="http://www.womenshealthmag.com/beauty/what-causes-wrinkles?utm_source=facebook.com&utm_medium=Social&utm_term=688137778&utm_campaign=Women%27s+Health" target="_blank">www.womenshealthmag.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია