LIFE

პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ხონასის გრანდიოზული ინდური ქორწილი

პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ხონასის გრანდიოზული ინდური ქორწილი

ყველაზე პოპულარული და წარმატებული ინდოელი მსახიობი, პრიანკა ჩოპრა და მომღერალი ნიკ ხონასი უკვე ოფიციალურად ცოლ-ქმარი არიან. წყვილმა ინდოეთში გრანდიოზული, რამდენიმედღიანი ქორწილი გადაიხადა. ქორწილი ინდური ტრადიციების სრული დაცვით წარიმართა.

პატარძალს ქორწილში არ ჩაუცვამს თეთრი საქორწინო კაბა, მან ინდურ ტრადიციებს არ უღალატა და სწორედ ამ ტრადიციების შესაბამისი კაბა ჩაიცვა. პრიანკას კაბაზე დიზაინერმა აბუ ჯანი სანდერ ხოსლამ იზრუნა. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, კაბის დიზაინი ვინტაჟური სტილითაა ინსპირირებული.

პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ხონასის გრანდიოზული ინდური ქორწილი

პატარძლის სამკაულების ავტორიც იგივე დიზაინერია. რაც შეეხება ნეფეს, მის ჩაცმულობაზეც, აბუ ჯანი სანდერ ხოსლამ იზრუნა. ნიკ ხონასის სამოსშიც იგრძნობა ინდური სტილი.

როგორც გამოცემა People წერს, შესრულდა ინდური რიტუალი მეჰენდი. მეჰენდი ინდური ქორწილის განსაკუთრებული ნაწილია, რომელიც პატარძლის სახლში სრულდება და ამ რიტუალის გარეშე პატარძალს დაქორწინების უფლება არ აქვს. მეჰენდის რიტუალს პატარძლის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ასრულებენ. ამ დროს პატარძლის ხელებსა და ფეხებზე სპეციალური საღებავით სხვადასხვა ორნამენტებს ხატავენ, რომლებსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ.

თავიანთი ქორწილის ამსახველი ფოტოები წყვილმა „ინსტაგრამზეც“ გამოაქვეყნა.

„განსაკუთრებული რამ ჩვენს ურთიერთობაში ის არის, რომ ჩვენი ოჯახები გაერთიანდა და ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის რწმენასა და კულტურას. განსაკუთრებული ნაწილი გოგოსთვის ინდურ ქორწილში მეჰენდია. ცერემონია იყო ისეთი, როგორზეც ორივე ვოცნებობდით“, - წერენ ნიკ ხონასი და პრიანკა ჩოპრა თავიანთ „ინსტაგრამის“ გვერდზე.

პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ხონასის გრანდიოზული ინდური ქორწილი

დასავლურ ყვითელ პრესაში ნიკისა და პრიანკას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ პირველად 2017 წლის 1 მაისს დაწერეს მაშინ, როცა წყვილი მეთ გალაზე კამერების წინ პირველად გამოჩნდა ერთად, თუმცა ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოებისგან მალავდნენ სასიყვარულო ურთიერთობას და არაფერს ადასტურებდნენ.

პრიანკამ მაშინ ასე განმარტა: „მეთ გალაზე ჩვენ, ორივეს რალფ ლოურენის სამოსი გვეცვა და თემატურად ჩვენი სამოსი ერთმანეთთან იყო თანხვედრაში, სწორედ ამიტომ, ნიკმა მითხრა, არ გინდა ერთად მივიდეთ? და მეც ვუთხარი, კარგი, ერთად წავიდეთ, სულ ეს იყო“.

პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ხონასის გრანდიოზული ინდური ქორწილი

ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში, პაპარაცებმა წყვილი არაერთხელ დააფიქსირეს განმარტოებულები, რომანტიკულ გარემოში, ასევე მეგობრებთან ერთად. 8 ივნისს ნიკმა პრიანკა ბიძაშვილის ქორწილში წაიყვანა, 23 ივნისს კი, წყვილი მუმბაის ერთად ესტუმრა და უკვე ცხადი გახდა, რომ მათი ურთიერთობა გაცილებით სერიოზული იყო, ციდრე ფანები წარმოიდგენდნენ. როგორც ცნობილია, მუმბაიში მსახიობმა ნიკს თავისი ოჯახი გააცნო და ნიშნობისწინა ცერემონია გაიმართა.

პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ხონასის გრანდიოზული ინდური ქორწილი

27 ივლისს ნიკმა ჩოპრას 36-ე დაბადების დღეზე ხელი სთხოვა და მან თქვა „დიახ“. ინდოეთში ნიშნობის ტრადიციული ცერემონიაც გაიმართა, რომელსაც ნიკ ხონასის მშობლებიც ესწრებოდნენ.

ყვითელ პესაში აქტიურად წერენ წყვილის ასაკობრივი სხვაობის შესახებ. ნიკი 25 წლისაა, პრიანკა 36-ის, თუმცა 11 წლიანი ასაკობრივი სხვაობა მათ ბედნიერებას ხელს ვერ უშლის.



<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>