კრიზისი, პრობლემები ყველა წყვილის სასიყვარულო ურთიერთობას ახლავს თან. ზოგ შემთხვევაში, პრობლემები სერიოზულია, ზოგჯერ კი ნაკლებ სერიოზული. ზოგიერთი წყვილი ქორწინებიდან 2-3 წელიწადში იღებს განქორწინების გადაწყვეტილებას, სხვები ხანგრძლივად ცხოვრობენ ერთად და ბედნიერად.

ვნახოთ 9 პრობლემა, რომლებიც ბევრი წყვილისთვის საერთო პრობლემებია და რომელთა მოგვარებასაც ჭკვიანი ადამიანები კონფლიქტის გარეშე, მარტივად ახერხებენ.

1. ზედმეტი წონა - ქორწინების შემდეგ, როგორც წესი, წყვილები წონაში იმატებენ. გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, ქორწინებიდან პირველ წელს ადამიანი საშუალოდ 2 კგ-ს იმატებს წონაში და ეს ეხებათ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. ხშირად წონის მომატებას ფსიქოლოგები ფსიქოლოგიურ კომფორტს უკავშირებენ. ამ კომფორტს კი, ადამიანებს თანაცხოვრება და ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთისადმი ნდობა უქმნით.

თუ პარტნიორებს მოგწონთ ერთმანეთი ნებისმიერ ფორმაში, პრობლემაც არ არსებობს, მაგრამ თუ გენატრებათ თქვენი და თქვენი პარტნიორის ის ფორმა, როგორიც ქორწინებამდე გქონდათ, შესაძლოა პრობლემამ იჩინოს თავი. გამოსავალი მარტივია, დაიწყეთ წონაში დაკლებაზე ზრუნვა ერთად. დაკავდით ჯანსაღი ცხოვრების წესით, ერთად ივარჯიშეთ, ისეირნეთ. ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახდება და ზედმეტ კილოგრამებსაც დაემშვიდობებით.

2. ბავშვების დაბადებას თან სდევს ფინანსური კრიზისი - რა თქმა უნდა, როცა ოჯახს ახალი წევრები ემატებიან, უფრო მეტი ფულია საჭირო და შესაძლოა, ფინანსურ კრიზისშიც აღმოჩნდეთ. კვლევის თანახმად, მშობლების დიდი ნაწილი თითქმის არასდროს არაა ფინანსურად მზად შვილის გაჩენისთვის. ეს ყველაზე მეტად საშუალო და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს ეხებათ.

კარგი იქნება, თუ ფულის დაზოგვას ბავშვის გაჩენამდე ბევრად ადრე დაიწყებთ და ეცადეთ, რომ არ იყიდოთ ისეთი ნივთები, რომლებსაც არაფერში გამოიყენებთ. შეგიძლიათ ბავშვისთვის მეორადი ეტლი და საწოლი შეიძინოთ, რომელიც ხარისიანიც იქნება და ამავდროულად, დიდი თანხის გადახდა არ მოგიწევთ.

3. კონფლიქტი დედამთილთან - რძლისა და დედამთილის ურთიერთობა ზოგჯერ იმდენად კონფლიქტურია, რომ ნამდვილ დრამაში გადაიზრდება ხოლმე. ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ცოლისა და ქმრის ურთიერთობაზეც. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, წყვილების საკმაოდ დიდი ნაწილი დაშორების გადაწყვეტილებას სწორედ დედამთილის გამო იღებს.დედამთილთან კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო გამოსავალია ცალკე ცხოვრება.

თავდაპირველად ცალკე ცხოვრება, შესაძლოა, ფინანსურად საკმაოდ რთული იყოს, მაგრამ გაუთავებელ ოჯახურ კონფლიქტებს ნამდვილად სჯობს. თუ არ გაქვთ შესაძლებლობა ცალკე ცხოვრების, მაშინ დიმპლომატია გამოიყენეთ.

4. ფულის ხარჯვა - კონფლიქტი ხდება მაშინაც, როცა პარტნიორებიდან ერთი ფულის შოვნაზე, მის დაზოგვაზეა ორიენტირებული, ხოლო მეორე მხოლოდ ხარჯავს.

ექსპერტები გირჩევენ, რომ ისაუბროთ ერთმანეთთან ფინანსურ საკითხებზე გულწრფელად. გამოყოთ პრიორიტეტები. ერთად გადაწყვიტეთ როგორ განკარგოთ ოჯახის ბიუჯეტი. ამ მეთოდით როგორც ფინანსურ კრიზისს, ასევე კონფლიქტს აირიდებთ თავიდან.

5. შესაძლოა თქვენი პარტნიორის რაიმე ჩვევა ძალიან გაღიზიანებთ და თავს გაბეზრებთ - რამდენიმეთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, როცა პარტნიორს უკვე კარგად იცნობთ, მასში ისეთ თვისებებსაც აღმოაჩენთ, რომელიც ძალიან გაბეზრებთ თავს და გაღიზიანებთ, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს სიყვარულის დასასრულს არ ნიშნავს.

გვერწმუნეთ, თქვენც გაქვთ რაიმე ისეთი ჩვევა, რომელიც მას არ მოსწონს. ჭკვიანი წყვილები ყოველივესგან ტრაგედიას არ ქმნიან და ცდილობენ, გაუგონ ერთმანეთს. თქვენ ის გიყვართ და უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიცაა, სწორედ ეს იქნება თქვენი ბედნიერი თანაცხოვრების მთავარი საიდუმლო.

6. პარტნიორებს მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ - ზოგჯერ შეიძლება მას დაავიწყდეს ქორწინების თარიღი, გაცნობის თარიღი, ან თქვენი დაბადების დღე. ზოგიერი ამ ფაქტისგან ნამდვილ ტრაგედიას ქმნის და სერიოზული კონფლიქტის მიზეზი ხდება.

ფსიქოლოგები გარწმუნებენ, რომ არ ღირს ასეთი დრამების დადგმა. თქვენ ხომ გახსოვთ მნიშვნელოვანი თარიღები? - ჰოდა, შეახსენეთ პარტნიორს. გვერწმუნეთ ურთიერთობა ასე უფრო სასიამოვნო გახდება.

7. წლების შემდეგ აღარ არის ურთიერთობა საინტერესო - რა თქმა უნდა, წლების შემდეგ არ არის თანაცხოვრება ისეთი აღმაფრთოვანებელი, როგორიც პირველ ეტაპზე იყო. მთელი ცხოვრება ნამდვილად არ ჰგავს თაფლობის თვეს. ნუ ელოდებით, რომ მთელი ცხოვრება რომანტიკული საღამოებით იქნება სავსე.

ცოლ-ქმრული ურთიერთობის დროს სხვა პრიორიტეტები და პასუხისმგებლობები ყალიბდება. ოჯახი, სახლის საქმეების განკარგვა, ბავშვები - ყოველივეზე თანაბრად უნდა იზრუნოთ. ზოგჯერ იგრძნობთ, რომ დაგღალათ ამგვარმა ცხოვრებამ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პარტნიორი აღარ გიყვართ. ეს ცხოვრებაა.

გირჩევთ, ხანდახან მაინც მოიწყოთ რომანტიკული საღამოები, არ დაელოდოთ პარტნიორს, თავად გამოიჩინეთ ინიციატივა, წადით კინოში, მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი. ეს ახალი სიცოცხლით აავსებს ურთიერთობას.

8. თქვენ 24 საათი, კვირაში შვიდი დღე ერთად ხართ და ეს მოსაბეზრებელია - ზოგიერთი ამბობს, რომ ცოლ-ქმარმა მთელი დრო ერთად უნდა გაატაროს და ამით ურთიერთობა უფრო გამყარდება, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ, განსხვავებული ინტერესებითა და მისწრაფებებით.

ის, რაც ჩვენ მოგვწონს, შესაძლებელია პარტნიორს არ მოსწონდეს და პირიქით. არ არის აუცილებელი მთელი დრო მის გვერდით იყოთ. მიეცით საკუთარ თავსაც და მასაც შესაძლებლობა, რომ ხანდახან დრო ერთმანეთის გარეშე გაატაროთ. ამაში ცუდი არაფერია.

9. ცუდი მეგობრები - ახალდაქორწინებული წყვილები იძენენ არა მხოლოდ ოჯახის ახალ წევრებს, არამედ ახალ მეგობრებსაც. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ მეუღლეებს დიდად არ ხიბლავთ ერთმანეთის მეგობრები. ფიქრობენ, რომ ისინი ცუდ გავლენას ახდენენ პარტნიორზე.

რეალურად, დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობისთვის იმას, თუ როგორ აღიქვამთ საყვარელი ადამიანის მეგობრებს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ „მას“ სჭირდება საუკეთესო მეგობარი, ისევე როგორც თქვენ. მეგობრებთან მას წლები, საუკეთესო მოგონებები და ისტორიები აკავშირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ თქვენი პარტნიორი თავისი მეგობრებით.