როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენი შეყვარებული მამაკაცი ნარცისი აღმოჩნდა
- 23.12.2016
ჯანმრთელ ადამიანებს განწყობაც ჯანსაღი აქვთ, მხიარული სახის გამომეტყველებითაც გამოირჩევიან და კარგი იუმორითაც. როცა მათ თქვენს პრობლემებზე ესაუბრებით, ყურადღებით გისმენენ და სერიოზულად ეკიდებიან თქვენს შეხედულებებს. ისინი საკუთარ თავზეც ზრუნავენ და სხვების თანაგრძნობაც შეუძლიათ.
ამის საპირისპიროდ, ადამიანები, რომლებიც ნარცისიზმით, ანუ თავიანთი თავით ფანატიკურად არიან შეპყრობილნი, ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რა სურს, რა აწუხებს ან რას განიცდის სხვა ადამიანი. მსგავს ადამიანებთან ცხოვრება საკმაოდ რთულია, რადგან ისინი გამუდმებით მაქსიმუმს ითხოვენ თქვენგან. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, შესაძლოა, წყენა და სიბრაზე ძალიან დიდი ხნის მანძილზე გაჰყვეთ.
ნარცისიზმი ყველა ადამიანში ერთნაირი სახით არ ვლინდება. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ადამიანი, რომელიც გიყვართ, ან რომელთანაც ურთიერთობთ, ნარცისიზმით არის შეპყრობილი?
1. არასოდეს ისმენენ თქვენს სათქმელს
იმის ნაცვლად, რომ მოისმინონ და გაიზიარონ სხვების იდეები, ადამიანებს საუბრის საშუალებასაც არ აძლევენ. ამიტომ, თუკი ასეთებთან რაიმე საინტერესოზე საუბარს გადაწყვეტთ, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ შეგაქებენ, ან რამე დადებითი წამოსცდებათ. მეტიც, სავსებით, მოსალოდნელია, მოგვიანებით ან გარკვეული დროის შემდეგ, თავად ისაუბრონ იმ საკითხებსა და იდეებზე, რაზეც თქვენ საუბრობდით და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე აღნიშნონ, რომ იდეებიცა და აზრებიც მათ ეკუთვნით.
2. ყოველთვის ყველაფერი მათ ეხებათ
ზოგჯერ, ნარცისები გულუხვებიც არიან. მაგრამ სირთულე და გაუგებრობა ჩნდება მაშინ, როცა თქვენც იგივე გსურთ, რაც მას. ამ დროს, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული ხდება ის, რაც მათ სურთ, მათ სჭირდებათ და უმნიშვნელოა ის, რა გჭირდებათ თქვენ.
3. თავისი წესებით მოქმედებენ
ნარცისები იტანჯებიან დიდების დაუძლეველი სურვილით. ეს ნიშნავს, რომ მათ თავი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა წარმოუდგენიათ. ამიტომაც არც ის არის გასაკვირი, რომ სხვათა წესებს არ აღიარებენ და თავიანთი წესებით მოქმედებენ.
4. შენი პრობლემები არ აინტერესებთ
მათი გამუდმებული საფიქრალი მხოლოდ ის არის, რომ სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავს. ამიტომ, თუ გსურთ მასთან საუბარი სევდასა და მღელვარებაზე, ან სხვა გრძნობებზე, რასაც განიცდით, უნდა იცოდეთ, რომ ის არასოდეს მიიღებს თქვენს საუბარს საკუთარი თავის კრიტიკად. მათ ნაკლებად შესწევთ თანაგრძნობისა და მხარდაჭერის უნარი.
5. თუ ეკამათებით, დამნაშავეც თავად ხართ
როცა არასასურველი პასუხისმგებლობების აღებას აიძულებთ, იგი, თავდაცვის მიზნით, ყველაფერში თავად დაგადანაშაულებთ. ამიტომ ან თავი შორს უნდა დაიჭიროთ მათგან, ან დააიგნოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ უზნეოდაც მოიქცეს. იყავი რეალისტი და ნუ გექნება იმედი, რომ ასეთი ადამიანები ოდესმე შეიცვლებიან, რადგან ისინი არასოდეს სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე.
6. თუ ის გაბრაზებულია, დამნაშავე თქვენ ხართ
ყველაფერში სხვების დადანაშაულება ნარცისიზმის გამოვლინებაა. ეცადეთ, თავის თავზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები არ გააღიზიანოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისედაც ბრაზობენ. ასეთ შემთხვევებში ისინი უკონტროლოები ხდებიან (მათი უკონტროლობაც, რა თქმა უნდა, „თქვენი ბრალია“), თუმცა, ყველაზე უარესი ის არის, რომ საკმარისია, გაბედოთ და თავად გამოხატოთ მათ მიმართ ოდნავი აგრესია ან უკმაყოფილება, ისინი საშინლად ფეთქდებიან და ნამდვილ ჯოჯოხეთს აწყობენ.
თუ თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევები ძალიან ჰგავს ნარცისიზმით შეპყრობილი ადამიანის ქცევებს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდად იქნება. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სხვა ბევრი კარგი თვისებაც აუცილებლად ექნებათ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მათ მეტად უყვართ თავიანთი თავი, ვიდრე სხვებს და მათ შორის თქვენც. ეცადეთ, თქვენც გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს, ყოველთვის დარჩეთ მოწოდების სიმაღლეზე, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს მათ კრიტიკას, თუმცა თავად ყოველთვის იყავით კრიტიკულები მათ მიმართ. რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ბუნებრივია, ხანდახან ზედმიწევნით ყველაფრის გათვალისწინება და დაცვა რთულია, მაგრამ, თუ ადამიანი გიყვართ და ის თქვენთვის ძვირფასია, არ ღირს მისი დაკარგვა იმის გამო, რომ ისეთია, როგორიც არის. უბრალოდ, ეცადეთ, გაუგოთ.
თემები: სიყვარული, ნარცისიზმი, ნარცისი
წყარო: <a href="http://www.womenshealthmag.com/sex-and-love/in-love-narcissist?utm_source=facebook.com&utm_medium=Social&utm_term=672252145&utm_campaign=Women's+Health" target="_blank">www.womenshealthmag.com</a>