იაპონელები მსოფლიოში ცნობილები არიან თავიანთი ინტელექტით, ძლიერი ჯანმრთელობით, თავაზიანობითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ იაპონია, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, განსაკუთრებული და უნიკალურია. იაპონიის, როგორც ქვეყნის, წარმატებისა და განსაკუთრებულობის ერთ-ერთი საიდუმლო განათლების გასაოცარ სისტემაშია.
10. კოლეჯის წლები ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო „არდადეგებია“
„საგამოცდო ჯოჯოხეთის“ გავლის შემდეგ, იაპონელ მოსწავლეებს შეუძლიათ, ცოტა დაისვენონ. ამ ქვეყანაში კოლეჯში სწავლის წლები ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო წლებად მიიჩნევა. ზოგჯერ კოლეჯს, „სამსახურამდე“ დასვენების პერიოდსაც უწოდებენ.
9. ერთ ტესტს შეუძლია, განსაზღვროს ბავშვის მომავალი
სკოლის დასასრულს, მოსწავლეებს უტარდებათ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდა, რომელიც, ფაქტობრივად, მათ მომავალს განსაზღვრავს. მოსწავლეები ირჩევენ ერთ კოლეჯს, რომელშიც სურთ სწავლის გაგრძელება. კოლეჯს თავად აქვს განსაზღვრული ქულების რაოდენობა და თუ სტუდენტი ბარიერს ვერ გადალახავს, შესაბამისად, ვერც აბარებს. კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რადგან სკოლადამთავრებულთა მხოლოდ 76% აგრძელებს კოლეჯში სწავლას.
8. აკადემიური მოსწრება იაპონიაში 99.99%-ია
თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სკოლის პერიოდში ზარმაცობდა. თუმცა, იაპონელი მოსწავლეების უმრავლესობა, როგორც ირკვევა, სიზარმაცით სულაც არ გამოირჩევა. ისინი არ აცდენენ გაკვეთილებს და არ იგვიანებენ სკოლაში. გარდა ამისა, იაპონელი მოსწავლეების 91%-ის განცხადებით, არასოდეს აცდენენ სკოლას, ან იშვიათ შემთხვევაში, მხოლოდ კონკრეტული საგნის კურსებს არ ესწრებიან. რამდენ ქვეყანას შეუძლია დაეწიოს ამ სტატისტიკას?
7. მოსწავლეები სკოლის ფორმებს ატარებენ
თითქმის ყველა იაპონური სკოლის შინაგანაწესი სკოლის უნიფორმის ტარებას მოითხოვს. ზოგიერთ სკოლას თავისი, განსაკუთრებული დიზაინი აქვს, თუმცა, სკოლების უმრავლესობა მარტივ, სადა დიზაინს ანიჭებს უპირატესობას. სასკოლო ფორმების არსებობა სოციალური ბარიერების მსხვრევას ემსახურება და მიზანი საქმიანი, სასწავლო, სამუშაო განწყობის შექმნაა. ასევე, სკოლის ფორმა მოსწავლეებში ერთიანობისა და გუნდურობის განცდას ქმნის.
6. ტრადიციული საგნების გარდა, მოსწავლეები იაპონურ წერასა და პოეზიასაც სწავლობენ
იაპონური იეროგლიფები ბამბუკის დახრილი ფუნჯით იწერება და მის საწერად ბრინჯის ქაღალდს იყენებენ. იაპონური ხელწერა, იგივე შიოდო, არის ხელოვნება, რომელიც ტრადიციულ ფერწერაზე არანაკლებ პოპულარულია. ჰაიკუ, მეორე მხრივ, იაპონური პოეზია, იყენებს გამოხატვის მარტივ ფორმებს და მკითხველს ღრმა ემოციებს აღუძრავს. თითოეული სასწავლო კურსი მოსწავლეებში იაპონური კულტურისა და საუკუნოვანი ტრადიციების პატივისცემას ემსახურება.
5. კლასგარეშე სემინარები იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მიზნით, იაპონელი მოსწავლეების უმრავლესობა სკოლამდელ მოსამზადებელ დაწესებულებებში სწავლობს ან სკოლის შემდეგ დამატებით სემინარებს ესწრება. მსგავსი ტიპის კლასები და სემინარები ძირითადად საღამოობით იმართება. საღამოობით სემინარებიდან მომავალი მოსწავლეების მცირე ჯგუფების ხილვა იაპონიაში ჩვეულებრივი და საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მოსწავლეები დაახლოებით 8 საათს ატარებენ სკოლებში, თუმცა, ამის გარდა, ისინი დამატებით, არაფორმალურ განათლებას კლასგარეშე სემინარებიდან იღებენ, რომლებსაც არდადეგებსა და შაბათ-კვირასაც კი ესწრებიან. გასაკვირი არ არის, რომ ამ ქვეყნის მოსწავლეებს არასოდეს აქვთ ერთნაირი ნიშნები დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში.
4. იაპონიის სკოლებს სტანდარტული ლანჩ მენიუ აქვთ, რომელსაც საკლასო ოთახებში მიირთმევენ
ერთ-ერთი განსაკუთრებულობა, რაც იაპონურ საგანმანათლებლო სისტემას ახასიათებს, მოსწავლეთა და მოზარდთა ჯანსაღ კვებაზე საკმაოდ დიდი ყურადღების გამახვილებაა. საჯარო სკოლებში სასკოლო ლანჩი სტანდარტული მენიუს მიხედვით მზადდება და მომზადების პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ კვალიფიციური მზარეულები, არამედ ჯანსაღი კვების პროფესიონალებიც. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მიირთმევენ ლანჩს საკლასო ოთახებში, რაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების უშუალო ურთიერთობებს უწყობს ხელს.
3. იაპონური სკოლების უმრავლესობას არ ჰყავს დამლაგებელი
სკოლების უმრავლესობას თავად მოსწავლეები ალაგებენ. საკლასო ოთახების გარდა, მოსწავლეები ალაგებენ კაფეტერიას, სკოლის დერეფნებსა და საპირფარეშოებსაც კი. მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია სკოლის დასუფთავებაზე, ყოველწლიურად იცვლება. იაპონელების რწმენით, განათლების სისტემის ამგვარი მოწყობა, როცა მოსწავლეები თავად ალაგებენ თავიანთი სკოლის შენობას, ზრდის მათი გუნდური მუშაობის უნარსა და პასუხისმგებლობის გრძნობას. ამასთანავე, თავიანთი არეული ნივთების დალაგება, იატაკის დაგვა და წმენდა აჩვევს მათ შრომას და ასწავლის საკუთარი და სხვისი შრომის პატივისცემას.
2. აკადემიური წელი იწყება პირველ აპრილს
მსოფლიოს სკოლების უმრავლესობაში სწავლას სექტემბერში ან ოქტომბერში იწყებენ, იაპონიაში კი სწავლის დაწყების თარიღიც მკვეთრად განსხვავებულია დანარჩენი მსოფლიოსგან. იაპონიაში აკადემიური და ბიზნესკალენდრის ათვლა აპრილში იწყება. სასწავლო წლის დაწყების პირველი დღე იმ ულამაზეს პერიოდს ემთხვევა, რომლითაც ასე გამოირჩევა იაპონია – ალუბლის ყვავილობის პერიოდს.
აკადემიური წელი 3 სემესტრად იყოფა: პირველი აპრილიდან 20 ივლისამდე, პირველი სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე, 7 იანვრიდან 25 მარტამდე. იაპონელ მოსწავლეებს ზაფხულში 6-კვირიანი არდადეგები აქვთ. ხოლო, ზამთარსა და გაზაფხულზე 2-კვირიანი შესვენებები.
1. უპირველესად ქცევას სწავლობენ
იაპონურ სკოლებში, მოსწავლეები მეოთხე კლასამდე არანაირ გამოცდას არ აბარებენ. მეოთხე კლასამდე, ანუ 10 წლამდე, მოსწავლეებს ეძლევათ მხოლოდ მარტივი ტესტები. აღსანიშნავია, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში, იაპონიის სკოლის მიზანი მოსწავლეებისთვის კონკრეტული ცოდნის მიცემა არ არის. უპირველესად, მოსწავლეები სწავლობენ კარგ ქცევებს, ივითარებენ ხასიათს. მათ ასწავლიან სხვა ადამიანების პატივისცემას, ცხოველებისა და ბუნების მიმართ თავაზიან და ჰუმანურ დამოკიდებულებას. პირველი 3 წლის განმავლობაში სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების ისეთ საკითხებზე მუშაობას, როგორიცაა თანაგრძნობის უნარის, გულუხვობის, კეთილშობილების გამომუშავება და გამოვლენა. ამის შემდეგ კი ისინი სწავლობენ თავშეკავებას, თვითკონტროლსა და სამართლიანობას.
თემები: იაპონია, სკოლა, ბავშვები, განათლება, საგანმანათლებლო სისტემა, მოსწავლეები
წყარო: <a href="https://brightside.me/wonder-places/10-distinctive-features-of-the-japanese-education-system-that-made-this-nation-the-envy-of-the-world-214655/" target="_blank">brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია