უსასრულოდ შეიძლება იმაზე საუბარი, რატომ არის გამორჩეული ეს ეპოქა და რა უპირატესობები აქვს სოციალურ სამყაროს, რომელშიც ვარსებობთ. ამიტომ, მოკლედ გეტყვით, რომ სოციალური სამყაროს უპირატესობა მის გლობალურობაშია. კერძოდ, იმაში, რომ ადამიანებს საშუალება აქვთ, მსოფლიოს ერთი კუთხიდან მეორეში ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია, მიულოცონ ისეთი დღესასწაულები, რომლებიც გლობალურად აღინიშნება და როგორიც არის ახალი წელი, შობა და სხვა. ასევე, გაუზიარონ დადებითი ემოციები, ინფორმაცია თავიანთი აქტივობების შესახებ და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ სამყაროს შეზღუდვები არ გააჩნია, არსებობს რამდენიმე „ოქროს წესი“, რისი გასაჯაროებაა უმჯობესი კონკრეტულ დროს. იმის გამო, რომ ახლოვდება ახალი წელი, ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის გამორჩეული დღესასწაული, გაგანდობთ რამდენიმე რჩევას იმის შესახებ, რისი „დაპოსტვა“ არ ღირს დღესასწაულის პერიოდში საკუთარ სოციალურ გვერდზე:
10. უწყვეტად ქსელში ყოფნა
წლების წინათ სადილზე ტელეფონით ხელში ჯდომა საკმაოდ უხეშ და სხვების მიმართ უპატივცემულო ტონად ითვლებოდა. დღეს კი ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ბუნებრივია, საკმაოდ სახალისოა, მუდმივად განაახლო ინფორმაცია იმის შესახებ, რას აკეთებ, როგორ ატარებ დასვენების დღეებს და როგორ ერთობი, თუმცა, უმჯობესია, მომენტით ისიამოვნო და მოგვიანებით განათავსო სახალისო გიფები, ფოტოები და სხვა მნიშვნელოვანი პოსტები. ეცადე, ახალი წლის დღეებში მსგავსი აქტივობები შეამცირო და მოცემულობებით ისიამოვნო.
9. სელფები დიდი რაოდენობით
დღესასწაულების პერიოდში უმჯობესია, ჩვენს სოციალურ გვერდებზე ავტვირთოთ საოჯახო ფოტოები მხიარული განწყობით. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც სოციალურ ქსელში მხოლოდ თავიანთი სელფების განთავსება სურთ. ჩვენ გირჩევთ, სხვებსაც შეუქმნათ და თავადაც შეიქმნათ სადღესასწაულო განწყობა. ამისთვის კი უმჯობესია, სამეგობრო წრესთან და ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოები განათავსოთ.
8. ყველაფერი, რაც არ გსურთ, თქვენმა უფროსებმა ნახონ
ახალი წლის პერიოდში ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ისე გაერთონ, როგორც სურთ. შესაძლოა, ჩვენი გართობის ფორმები ვიღაცისთვის მიუღებელია და ამიტომ საკუთარ პოსტებსა და სურათებს ვერ ვასაჯაროებდეთ კონკრეტული ადამიანების გამო. მაგალითად, ასეთები შეიძლება იყვნენ ჩვენი უფროსები. თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ სოციალურ ქსელში კონფიდენციალურობის დაცვა საკმაოდ რთულია და სხვა ადამიანების მეშვეობით, უფროსებსაც შეუძლიათ, ნახონ ფოტოები.
7. რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული საკითხები
მსოფლიოს ქვეყნები ამ შესანიშნავ დღესასწაულს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, გამომდინარე თავიანთი კულტურული და რელიგიური შეხედულებებიდან. სოციალური სამყარო კი საშუალებას გვაძლევს, კონტაქტზე ვიყოთ უცხოელ, სხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანებთან და ვემეგობროთ მათ, მიუხედავად მასშტაბური დაშორებისა. ამიტომ რადიკალური რეაქციებისა და დამოკიდებულებების გამომჟღავნებისგან, განსაკუთრებით რელიგიურ და კულტურულ კონტექსტში, უმჯობესია, თავი შეიკავოთ. ისიამოვნეთ და დატკბით საკუთარი ტრადიციებით და პატივი ეცით სხვებისას.
6. სხვისი ფოტოები
მართალია, საკუთარ გვერდზე იმის გაზიარების უფლება გვაქვს, რაც თავად გვსურს, მაგრამ უმჯობესია, სხვა ადამიანების ფოტოები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მოგწონთ, რომ ფოტოზე აღბეჭდილი განწყობა თქვენსას ემთხვევა, დაივიწყოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ფოტოები არადამაჯერებელია და არც სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
5. პოლიტიკური შეხედულებები
დიახ, პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან და ეს დღესასწაული სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ისინი ამ პერიოდში იმაზე მეტად არიან ადამიანები, ვიდრე დანარჩენი მთელი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში თავად პოლიტიკოსებიც კი ნაკლებს საუბრობენ თავიანთ საქმიანობაზე და ამიტომ უმჯობესია, ახალი წლის პერიოდში თქვენც თავი შეიკავოთ პოლიტიკური პოსტებისგან. ახალი წლის ჯადოსნურ დღესასწაულზე, ლამაზად მორთულ ქალაქსა და სახლებში, პოლიტიკის ადგილი აღარ რჩება. დატკბით ამ დღეების ჯადოსნურობით.
4. „ოჯახური დრამა“
ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, რომელზეც მთელი ოჯახი, ნათესავები და ახლობლები ერთად იკრიბებიან და აღნიშნავენ. ბუნებრივია, ყველა ის ადამიანი, რომელთანაც რაიმე საერთო გვაქვს, იდეალური არ არის და შესაძლოა, სულაც არ მოგვწონდეს, მაგრამ მათი სიმთვრალის, სადღესასწაულო სუფრაზე ვერნამღერი სიმღერის ჩანაწერისა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნის კადრების სოციალურ ქსელში გავრცელება აუცილებელი არ არის. სტატისტიკურად, ახალი წელი და შობა ის დღესასწაულებია, როცა ადამიანები, ყველაზე ხშირად დასცინიან ერთმანეთს. უნდა გახსოვდეთ, რომ სოციალური მედია არ არის ის ადგილი, სადაც ოჯახური ანტიპათიების გარჩევა, სხვისი მდგომარეობებისა და ახლობელი ადამიანების დაცინვა კარგი ტონია.
3. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი
ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი რამ, რაზეც შეიძლება ადამიანმა სადღესასწაულო დღეების პერიოდში ისაუბროს, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტია. რა თქმა უნდა, ფაქტი საკმაოდ სამწუხაროა, მაგრამ ასეთ დღეებში კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ადამიანები მსგავს განწყობებსა და ამბებს თავს გვახვევენ. მეორე მხრივ, სოციალური მედია საკმაოდ კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვო მაშინ, როცა ეს ნამდვილად გჭირდება. საყვარელ ადამიანთან ჩხუბისას კი ეს ყველას სჭირდება. თუმცა ახლობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა, გამხნევება და გვერდით დგომა, შესაძლოა, საყვარელი ადამიანისთვის დღესასწაულის გაფუჭებისა და განწყობის გაუარესების მთავარ მიზეზად იქცეს. გაუფრთხილდით მის გრძნობებსაც, ასეთი კონფლიქტები მალე გვარდება და ნუ ატკენთ მას გულს.
2. თითოეული საჩუქარი, რომელსაც გჩუქნიან
გახსოვდეთ, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელსაც არაფერს ჩუქნიან. რა თქმა უნდა, ემოციით გადმოცემული ისტორიები იმის შესახებ, რომ ბავშვობაში თქვენი ოცნების ბარბის სახლი ან ველოსიპედი მიიღეთ საჩუქრად და თავს პრივილეგირებულ ბავშვად გრძნობდით, შესაძლოა, ფარისევლობა და ტყუილი სულაც არ იყოს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად იღბლიანი, შეძლებული და ბედნიერი არ არის. იმის დაშვებაც სავსებით შესაძლოა, რომ მსგავსი ისტორიების თხრობითა და საჩუქრების ფოტოების გასაჯაროებით თქვენი ოჯახის, ახლობლებისა და, უბრალოდ, იმ ადამიანების მიმართ მადლიერების გამოხატვა გსურდეთ, ვინც დაგასაჩუქრათ, მაგრამ უმჯობესია, ასეთ დეტალებზე დღესასწაულის პერიოდში ყურადღება არ გაამახვილოთ. ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ხელფასიდან ხელფასამდე „თავი ძლივს გააქვთ“ და გაუწიეთ მათაც ანგარიში.
1. საჩუქარი, რომელიც არ მოგწონთ
საქართველოში, და არამარტო ჩვენთან, ტრადიციად იქცა წინასაახალწლო თამაში „სექრეთ სანტა“. თამაშის წესების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა, იმას კი ნამდვილად გირჩევთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მიღებული ისეთი საჩუქრების შესახებ, რომლებიც არ მოგწონთ, სოციალურ ქსელში ნუ დაწერთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღესასწაული სიხარულისა და მადლიერების დღესასწაულია და არ ღირს იმაზე წუწუნი, რომ სასურველი საჩუქარი ვერ მიიღეთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გიკეთებთ საჩუქარს. ეს შესაძლოა, იყოს საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი, თანამშრომელი ან თუნდაც სრულიად უცხო ადამიანი. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სხვის გვერდზე იხილეთ საჩუქარი, რომელიც არ მოგწონთ, სასურველია, არც ამის შესახებ გააკეთოთ კომენტარი.
თემები: ფეისბუქი, სოციალური ქსელები, სოციალური მედია, ახალი წელი, დაპოსტვა
წყარო: <a href="http://www.rd.com/culture/social-media-holidays/11/" target="_blank">www.rd.com</a>