საიდუმლო ამოხსნილია - რატომ მოგვწონს ტოქსიკური და ემოციურად მიუწვდომელი ბიჭები?
- 13.08.2020
ქალების უმრავლესობას, ერთხელ მაინც გამოუცდია ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, ვინც დაუმსახურებლად ცუდად ექცევა. ტოქსიკურ და ემოციურად მიუწვდომელ ბიჭებს შეუძლიათ ქალის ცხოვრება მთლიანად შეცვალონ, თანაც უკეთესობისკენ ნადვილად არა.
სიმართლე ისაა, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია ემოციურად მიეჯაჭვოს ისეთ პარტნიორს, რომელიც კარგი სულაც არ არის.
ემოციური მიჯაჭვულობა საშიშ რომანტიკულ პარტნიორზე, რომელიც მუდამ ახერხებს გულისტკენას - გეცნობათ ეს სცენარი? მაშინ იცოდეთ, რომ ტოქსიკურ ადამიანთან დაშორება ზუსტად იგივეა, რაც ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება. მიზეზი მარტივია, ადამიანის სიყვარული ბიოქიმიური მოვლენაა.
დოპამინი
დოპამინი აკონტროლებს ტვინის სიამოვნების და კმაყოფილების ცენტრებს. ისეთი პოზიტიური გამოცდილება, როგორებიცაა დაუვიწყარი პაემანი, წვიმაში სეირნობა საყვარელ ადამიანთან ერთად, საჩუქრები და მთლიანად, რომანტიკული ურთიერთობები, დოპამის გამოყოფას აძლიერებს.
საქმე ისაა, რომ დოპამინი კიდევ უფრო ჭარბად გამოიყოფა, როდესაც ადამიანი მოულოდნელ, ექსტრემალურ სიტუაციაშია. ის ფაქტი, რომ ტოქსიკურ ან ემოციურად მიუწვდომელ ბიჭს არ შეუძლია მოგვცეს ის, რაც ჩვენ გვინდა, გამუდმებით გვიბიძგებს მეტი და მეტი ვცადოთ, რომ ამ ადამიანისგან სასურველი ემოციები მივიღოთ. ზუსტად იგივე პრინციპია, რაც აზარტული თამაშებისას - მოთამაშეს მუდამ აქვს იმედი, რომ სლოტების მანქანას მოუგებს, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ხედავს წაგების მკაფიო შანსს.
სწორედ ამიტომაა ტოქსიკურ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობა ასეთი ძლიერი და ემოციური. სწორედ ამიტომ გვიჭირს ასეთი ურთიერთობის დასრულება.
ოქსიტოცინი
ოქსიტოცინს „სიყვარულის ჰორმონს“ უწოდებენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ის „ნდობის“ ჰორმონიცაა. კვლევების თანახმად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ჰორმონის გავლენა ქალებში უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცებში. მიზეზი ისაა, რომ ბავშვის დაბადებისას, სწორედ ეს ჰორმონი გამოიყოფა ჭარბი რაოდენობით.
„ნდობის“ ჰორმონის ზემოქმედებით, ადამიანს შეუძლია მარტივად აპატიოს. მნიშვნელობა არ აქვს როგორ ცუდად მოიქცა, გატკინა ან გაწყენინა პარტნიორმა, შეყვარებულ ადამიანს ადვილად შეუძლია პატიება. ამ ჰორმონის წყალობით, ბევრი პრობლემური ურთიერთობა გრძელდება წლების განმავლობაში. მათ შორის კი ტოქსიკურ ადამიანებთან.
ადრენალინი და ნორეპინეფრინი
ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობა ხელს უწყობს ისეთი ჰორმონების გამოყოფას, როგორებიცაა ადრენალინი და ნორეპინეფრინი. ორივე მათგანი პასუხისმგებელია სტრესულ სიტუაციებში ჩვენს რეაქციებზე. მათი გამოყოფა აძლიერებს კონცენტრაციას ისეთ პარტნიორზე, რომელიც მუდმივად ახერხებს გაგვაბრაზოს, გული გვატკინოს და გაგვაგიჟოს.
მოულოდნელი სიურპრიზებით სავსე ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობა კი იმის გარანტიაა, რომ ჩვენს ორგანიზმში მუდამ ჭარბი რაოდენობით იქნება ადრენალინი. შედეგად კი ხანგრძლივ, ტოქსიკურ და პრობლემურ ურთიერთობებს ვიღებთ.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, სიყვარულის შენარჩუნება, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა