კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს
- 24.10.2021
როდესაც ჩვენ იმ განსაკუთრებული ადამიანის ძიებას ვიწყებთ, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გვეყვარება, ხშირად, გარკვეულ მოლოდინებს ვიქმნით. ერთ-ერთი ასეთია ასაკი. სინამდვილეში მართალია ბევრი ადამიანისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ სხვებისთვის საერთოდ არ არის...
ასეთია კეტრინ ზეტა-ჯონსის და მაიკლ დუგლასის შემთხვევა. მათთვის ასაკს არასოდეს ჰქონდა მნიშვნელობა. დუგლასი მეუღლეზე 25 წლით უფროსია და გავრცელებული ცრურწმენების მიუხედავად, მათი სიყვარული დაწყებიდან 20 წლის შემდეგაც კი კვლავ ძლიერია. ესაა საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობა, სიყვარულს ხელს არ უშლის.
სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ...
კეტრინ ზეტა-ჯონსი 1969 წლის 25 სექტემბერს დაიბადა და კარიერა მხოლოდ 15 წლის ასაკში დაიწყო. მან უცებ მოიპოვა პოპულარობა სამშობლოში, გაერთიანებულ სამეფოში. თუმცა მსოფლიომ მისი სახელი 1998 წელს გაიცნო, მას შემდეგ რაც ანტონიო ბანდერასთან ერთად ითამაშა „ზოროს ნიღაბში“. ამ ფილმის წარმატებამ ახალგაზრდა მსახიობს არა მხოლოდ მყისიერი პოპულარობა მოუტანა, არამედ შეახვედრა იმ მამაკაცს, რომელიც მოგვიანებით მისი ცხოვრების სიყვარული გახდა...
საინტერესოა, რომ მაიკლ დუგლასიც 25 სექტემბერს დაიბადა, თუმცა, 25 წლით ადრე. როგორც პოპულარული მსახიობის, კირკ დუგლასის შვილმა, ბავშვობა გადასაღებ მოედანზე გაატარა. მამამისისგან უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, ის მის გზას გაჰყვა და პროფესიად მსახიობობა აირჩია. მსახიობის დებიუტი ჯერ კიდევ 1966 წელს შედგა.
„ზოროს ნიღაბი“
1997 წელს კეტრინ ზეტა-ჯონსის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა - იგი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა, რათა ჰოლივუდში პოპულარობა მოეპოვებინა. ისტორია ზღაპრულად სულაც არ გაგრძელდა და მრავალი ქასთინგის შემდეგ, ძლივს მიიღო ელენას როლი. როლი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა...
მან არა მხოლოდ პროფესიონალურ დონეზე მიაღწია ახალ სიმაღლეებს, არამედ სწორედ „ზოროს ნიღაბმა“ შეახვედრა მაიკლ დუგლასს, რომელიც იმ ეტაპზე, უკვე ინდუსტრიის მძიმეწონოსანი პიროვნება იყო - ფილმის ნახვის შემდეგ, მსახიობმა ახალგაზრდა, ლამაზ ქალთან შეხვედრა მოითხოვა.
„...და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“
კეტრინი იხსენებს, რომ შეხვედრის მიზეზი კინოინდუსტრია იყო:
„კინოფესტივალზე მივდიოდი. ვფიქრობდი, რომ მაიკლ დუგლასს ჩემთან შეხვედრა სამუშაოდ სურდა, რადგან ვიცოდი, რომ ის პროდიუსერიც იყო და მსახიობიც. გულწრფელად ასე ვფიქრობდი, რადგან მთლიანად კარიერაზე ვიყავი გადართული. თანაც, მივდიოდი კინოფესტივალზე - სწორედ აქ იდება მთავარი კინოგარიგებები. ასე რომ, არ მიფიქრია: „ღმერთო ჩემო, მას ჩემთან პაემანი სურს“! თუმცა ჩემთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში მითხრა, რომ სურდა ჩემი შვილების მამა გამხდარიყო. ამიტომ მარტივად მივხვდი, ეს შეხვედრა არ ეხებოდა სამუშაოს“.
მიუხედავად იმისა, რომ კეტრინი ამ შეთავაზებით დიდად არ მოიხიბლა, მამაკაცმა მაინც შეძლო მისი კომუნიკაციაზე დათანხმება და მათ სატელეფონო მეგობრობა დაიწყეს. გადატვირთული გრაფიკის გამო, ისინი უბრალოდ ვერ ახერხებდნენ შეხვედრას.
2000 წლის ნოემბერში ნიუ-იორკში, სასტუმრო პლაზაში გრანდიოზული ქორწილი გაიმართა, სადაც წყვილმა საკუთარი სიყვარული დააკანონა. თუმცა ქორწინებამდე 3 თვით ადრე, მაიკლ დუგლასი ქალის პირველი შვილის მამა გახდა. წლების შემდეგ, 2003 წელს, მათ მეორე ქალიშვილი შეეძინათ.
ნამდვილ სიყვარულს შეუძლია გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება
მაგრამ საუკეთესო სასიყვარულო ისტორიებშიც კი, ყოველთვის დგება ტრაგიკული მომენტი და სამწუხაროდ, არც მათი ამბავია გამონაკლისი. მათი ბედნიერება მაშინ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, როდესაც მაიკლ დუგლასს, 2010 წელს ყელის კიბო დაუდგინეს. საბედნიეროდ, მან შეძლო ავადმყოფობის დამარცხება. თუმცა აღნიშნული სტრესის შედეგად, კეტრინ ზეტა-ჯონსს ფსიქიკური პრობლემები დაეწყო და მოგვიანებით ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰოსპიტალიზაცია არჩია. ის მშფოთვარე წლები ორივესთვის რთული იყო, ამიტომ მათ დროებითი დაშორება და სიტუაციის ანალიზი გადაწყვიტეს.
მაგრამ სიყვარულს შეუძლია გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება და ეს დაშორება მხოლოდ მათი გაძლიერების საშუალება იყო.
მაიკლ დუგლასმა აღნიშნა:
„მე არ ვფიქრობ, რომ როდესაც სიყვარული აღარ არსებობს, ურთიერთობა გამოსწორდება. ჩვენ ნამდვილად გვიყვარდა ერთმანეთი, ამიტომ დაშორებამ დაგვანახა, რომ ერთად ყოფნა და კომპრომისები გვინდოდა“.
ბედნიერი ქორწინების საიდუმლო
მათი ბედნიერი ქორწინების საიდუმლო ღია ურთიერთობაა. ისინი ყველაფერს უზიარებენ ერთმანეთს. სწორედ ასევე ზრდიან შვილებს და შვილიშვილებს.
გასულ წელს მათ ერთად აღნიშნეს ქორწინების 20 წელის იუბილე. კეტრინ ზეტა-ჯონსი აღიარებს, რომ რაც მეტი წელი ემატება, მით მეტად ემსგავსება მეუღლეს და 25-წლიანი ასაკობრივი სხვაობა სულ უფრო და უფრო მეტად მცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ეს არასდროს ყოფილა მათი პრობლემა:
„ისტორიულად, ასაკით უფრო კაცისა და ახალგაზრდა ქალის ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მაგრამ უცებ მიდიხარ თაობამდე, სადაც ეს უცნაური ამბავი ხდება. როდესაც დედაჩემი მელაპარაკებოდა მამაკაცებზე და ცხოვრებისეულ საკითხებზე, ის არასოდეს უსვამდა ხაზს ასაკს. ეს კი ძალიან უცნაურია, რადგან მაიკლი და ჩემი მშობლები ერთი ასაკის არიან. ამის მიუხედავად, ისინი არასოდეს აღნშნავენ, რომ ჩვენს შორის 25 წლიანი განსხვავებაა“.
თემები: სიყვარული, ბედნიერება, წყვილი, სიყვარულის ისტორია, კეტრინ ზეტა ჯონსი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია