LIFE

გსურთ ხანგრძლივი ქორწინება? დაიცავით ამერიკის პრეზიდენტის 3 ოქროს წესი

გსურთ ხანგრძლივი ქორწინება? დაიცავით ამერიკის პრეზიდენტის 3 ოქროს წესი

ჯიმი კარტერი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი (რიგით 39-ე პრეზიდენტი, 1977-1981 წლებში) და ნობელის პრემიის მფლობელია მშვიდობის დარგში, მაგრამ ის ამბობს, რომ როზალინ კარტერზე დაქორწინება "საუკეთესო რამაა, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა".


ჯიმი და როზალინ კარტერებმა გასულ წელს ქორწინების 75 წლისთავი აღნიშნეს, რაც ყველაზე გრძელი ქორწინებაა, თუკი ამერიკის პრეზიდენტების პირად ცხოვრებას გადავავლებთ თვალს. 97 და 94 წლის ასაკში, ისინი ჯერ კიდევ ძალიან შეყვარებულები არიან და ახალგაზრდა წყვილებს, წარმატებული ურთიერთობის საიდუმლოს უზიარებენ.
 

თქვენი მეუღლე, თქვენი პარტნიორი უნდა იყოს - თანაც ყველაფერში, რასაც აკეთებთ.

ეს შეიძლება რთული იყოს, თუ თქვენ მეწარმე ან ბიზნესმენი ხართ, ან თუნდაც თუ დამოუკიდებლად გიყვართ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ, კარტერები ამბობენ, რომ თუ გსურთ თქვენი მეუღლის ნამდვილი პარტნიორი გახდეთ, მაშინ მას ყველაფერი უნდა გაუზიაროთ, მათ შორის - თქვენი კარიერული არჩევანი. ეს აუცილებლად დადებითად იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დაუშვია ისაა, რომ ქორწინების დასაწყისში, გადაწყვეტილებებს როზალინთან კონსულტაციის გარეშე იღებდა.


მაგალითად, მამის გარდაცვალების შემდეგ, მან დამოუკიდებლად გადაწყვიტა მიეტოვებინა საზღვაო ფლოტი და დაბრუნებულიყო მშობლიურ ქალაქში. ამ გადაწყვეტილებამ განარისხა როზალინი, რადგან 1950-იანი წლების დასაწყისში, არ იყო მარტივი დედამთილისა და დედის სიახლოვეს ცხოვრება. ისინი აქტიურად ერთვებოდნენ წყვილის ცხოვრებაში. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებით კი, ეს გარდაუვალი ხდებოდა. მოგვიანებით, ჯიმიმ ეს შეცდომა გამოასწორა და ცოლი მისი ცხოვრების ნამდვილი პარტნიორი გახდა - იქნებოდა ეს საპრეზიდენტო კამპანია თუ პოლიტიკური შეხვედრები.

არასოდეს დაიძინოთ გაბრაზებულმა

კარტერები ამბობენ, რომ ამ წესის დაცვა ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა იჩხუბოთ.  

როგორც წყვილების თერაპევტები მიიჩნევენ, იმისთვის, რომ ურთიერთობა განვითარდეს, წყვილმა აუცილებლად უნდა იჩხუბოს. მაგრამ ასეთი შემთხვევების დროს, მნიშვნელოვანია საკითხებზე საუბარი და შეთანხმების მიღწევა. სულ მცირე იმის შეთანხმება, რომ ახლა ვერ თანხმდებით და დილით, სუფთა გონებაზე, საკითხს ხელახლა დაუბრუნდებით.

დარწმუნდით, რომ ერთად ყოფნა სასიამოვნოა

კარტერებისთვის ეს ნიშნავს წლების განმავლობაში საერთო ინტერესების პოვნას, მათ შორის თევზაობას, თხილამურებზე დგომას და შინაური ცხოველების მოვლას.

„ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის მოგზაურობა საყვარელი საერთო აქტივობების სიაში ლიდერობს. მაგრამ მაშინაც კი, თუ თქვენ უბრალოდ სამეზობლოში სეირნობთ ან საუზმეს ამზადებთ, ერთად ყოფნით სიამოვნების მიღების უამრავი გზა არსებობს - იქნება ეს აზრების, იდეების, მოგონებებისა თუ თანმხლები დუმილის გაზიარება“.

ეს ისეთი ყოფითი რამაა, და მაინც, ადვილია მისი დავიწყება. თუ პარტნიორთან ერთად ყოფნა გსიამოვნებთ, მეტი მოტივაცია გექნებათ, რომ ურთიერთობა, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ. ნებისმიერ ურთიერთობას, როგორი ბედნიერებიც არ უნდა იყოთ, მუდმივი შრომა და განვითარება სჭირდება.