LIFE

ვირტუალური სივრცე რეალური ურთიერთობების წინააღმდეგ - რა უპირატესობები აქვს ციფრულ სამყაროს?

ვირტუალური სივრცე რეალური ურთიერთობების წინააღმდეგ - რა უპირატესობები აქვს ციფრულ სამყაროს?

თანამედროვე სამყარო ყოველდღიურად იცვლის ფორმებსა თუ სივრცეებს და ინაცვლებს ციფრულ სამყაროში. მოგვწონს ეს თუ არა, რეალობა ასეთია.


გაციფრულებული სამყარო უდიდესი გამოწვევაა ადამიანის  რეალური ცხოვრებისთვის,  რომელიც სავსეა ყოველდღიური შეგრძნებებითა და ემოციებით.  (IM)-მა, რაც დაუყოვნებლივ შეტყობინებას ნიშნავს, მნიშვნელოვნად  ჩაანაცვლა ადამიანის რეალური ხმა მობილურ ტელეფონში, რაც ნაკლებ  დროს მოითხოვს კომუნიკაციისთვის.

თანამედროვე სამყაროს პირმშოებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიზიკური და ემოციური ჩამოყალიბების პროცესში არიან, გაცილებით დიდ კომფორტს სთავაზობს კიბერსივრცე ვიდრე რეალური სამყარო.

ახლა მოგითხრობთ იმ უპირატესობებზე რასაც ვირტუალური სამყარო გვთავაზობს ურთიერთობების კუთხით.   რეალურ სივრცეში, დრო, რომელიც უკვე წარმოუდგენლად ძვირფასი გახდა,  არახელსაყრელი და მცირეა. კიბერ სივრცე კი გვთავაზობს „დროის მანქანას“, რაც ამცირებს დროს და ზრდის პროდუქტიულობას.
 
  • ურთიერთობები გამარტივდა, რაც ნაკლები ემოციური ზიანის ხარჯზე მოხდა. ინტერნეტსივრცეში ადამიანები საკუთარი სურვილით ახდენენ საკუთარი თავის (ემოციის, ჰობის, ინტერესების, მისწრაფებების) რეპრეზენტაციას, რაც კომფორტულ გარემოს ქმნის მეგობრობის წამოწყების ან „დაქენსელების“ თვალსაზრისით. თუ კი რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს ერთმანეთის გაცნობის შედეგად, რაც საკმაო დროს მოითხოვდა, იმედგაცრუება გველოდა, კიბერსამყაროში იმედგაცრუების კოეფიციენტი საკმაოდ შემცირებულია, რადგან თავიდანვე გვაქვს ინფორმაცია ადამიანი სასურველია თუ არა ურთიერთობისთვის. 
 
  • გარდა ამისა კიბერსივრცეში ადამიანებში მარტოობის განცდა მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგანაც აღნიშნული სივრცე ინტერესების მიხედვით გაერთიანებულ ჯგუფებს გვთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის მარტოობის განცდის კოეფიციენტს თანამედროვე სამყაროში.
ადამიანის გარეგნობა და სოციალური კაპიტალი ინტერნეტსივრცეში უკანა პლანზეა, ინტერესები და მენტალური თანხვედრა კი წინა პლანზეა წამოწეული. 


თუმცაღა საპირწონედ,  წინა თაობის წარმომადგენლები სიყალბესა და გულწრფელობაზე საუბრობენ,  რეალურობასა და ხელოვნურად შექმნილ, ილუზორულ სამყაროებზე. ახალი თაობისთვის ეს ილუზორული სამყარო გაცილებით ავთენტური და ნამდვილია.

პროცესი შეუქცევადია.  ისღა დაგვრჩენია ფეხი  ავუწყოთ ხელოვნურ ინტელექტს და ის მხოლოდ სასიკეთოდ გამოვიყენოთ.  ინფორმაციის სწრაფი გადამუშავებით დავზოგოთ სამყაროს ბუნებრივი რესურსები, ვიხსნათ დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფებისგან და ადამიანი ემოციური დაზიანებისგან.