შენთვის სიურპრიზი გვაქვს - შენ გჭირდება სტრესი შენს ცხოვრებაში. სტრესის გარეშე ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენია. ისევე როგორც სხვა ყველაფერში, აქაც ოქროს გასაღები ზომიერებაა. ბევრი სტრესი მენტალური და ფიზიკური პრობლემების საწინდარია.
ისეთი გლობალური მოვლენები როგორიცაა შიმშილობა, ომი, პანდემია, გარემოს დაბინძურება და კატაკლიზმები საყოველთაო და დიდი სტრესის გამომწვევი მიზეზებია, თუმცა არსებობს სხვა ხარისხობრივად უფრო პატარა, მაგრამ ყოველდღიური სტრეს-ფაქტორები როგორიცაა: საცობში დგომა, საგზაო შემთხვევა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხმრავლობა და უჰაერობა, ცუდი ამინდი, დედლაინი, სამსახურებრივი გაუგებრობები და სხვა. ყველაზე შეუმჩნეველი სტრესორი ადამიანისთვის კი თავად ადამიანი შეიძლება გახდეს. ყველა ადამიანისთვის სტრესი უნიკალური და სუბიექტურია.
ისეთი სახალისო და უწყინარი ანტი-სტრესორი როგორიც სანაპიროზე მზის აბაზანების მიღება და კოქტეილის მირთმევაა, გადაღლილი ადამიანის ანტი-სტრესი, მაგრამ ფუტკარივით მუშა ადამიანის სტრესორი შეიძლება იყოს.
ადამიანი სტრესთან გამკლავების სამ ძირითად საფეხურს გადის: განგაში, წინააღმდეგობა და ამოწურვა.
- სტრესის იდენტიფიცირება: აღმოჩენა, როდესაც შენ სტრესორს აღიარებ, რომ ის სტრესორია.
- ფიზიკური აქტივობები: როდესაც დაღლილობა, ბრაზი ან შიში დასაშვებს აჭარბებს, ფიზიკური პასუხი საუკეთესო გამოსავალი შეიძლება იყოს. ასეთია: სირბილი, გასეირნება, ჩოგბურთი, სუნთქვის სავარჯიშოები, სხეულის მოდუნება და გაწელვები. დაიმახსოვრე, „შენი სხეული და გონება ერთად მუშაობს“.
- გააზიარე შენი სტრესი: ვინმესთან საუბარი შენს პრობლემაზე ძალიან დაგეხმარება. ეს ვიღაც შეიძლება შენი ოჯახის წევრიც აღმოჩნდეს. მასწავლებელი, ლექტორი, ტრენერი. თუ კი ჩათვლი, რომ სპეციალისტის დახმარებაა საჭირო, დაიწყე ფსიქოლოგთან ვიზიტით.
- იგრძენი შესაძლებლობების საზღვრები: თუ კი გრძნობ, რომ პრობლემა უფრო დიდია და ამ მომენტში ვერ შეცვლი მოცემულობას, ნუ დაიწყებ ბრძოლას, არ შეხვიდე წაგებულ ომში, აირჩიე დახმარება.
- მოუფრთხილდი საკუთარ თავს: შენ განსაკუთრებული ხარ გახსოვს? მიეცი საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობა, ნუ გადაღლი ტვინს, რომელიც ერთგულად გემსახურება. გახსოვდეს, რომ საკვები არ არის მხოლოდ ფიზიკური ენერგია ის სულიერ ენერგიადაც გარდაიქმნება.
- გამოყავი დრო გართობისთვის: მუშაობა და განტვირთვა სასარგებლოა. ჩაანაცვლე ისინი გონივრულად, რადგან ყოველდღიური რუტინა მექანიკაა, რომელსაც ხანდახან განახლება სჭირდება.
- იყავი მონაწილე: მოწყენილი ხარ? იცოდე, რომ შენთან ახლოს არის ადგილი, „სადაც რაღაცები ხდება“. იყავი ჩართული სოციალურ ცხოვრებაში, ნუ იქები მხოლოდ დამკვირვებელი. შეგრძნებაც ისეთივე სასარგებლოა, როგორც შეფასება. დაეხმარე საკუთარ თავს სხვების დახმარებით, ეს ზოგჯერ საუკეთესო ანტი-სტრესორია.
- ნუ იქნები ყოველთვის მართალი: დასვი კითხვები, ნუ დაღლი საკუთარ თავს. მიეცი საშუალება საკუთარ მე-ს დაუშვას შეცდომა. შეცდომა ხანდახან საუკეთესო მასწავლებელია და სიცილის მომგვრელიც.
- ტირილი სისუსტის ნიშანი არ არის: ტირილი ხანდახან დიდი სარგებელია გადაღლილი ან დასტრესილი გონებისთვის, ის მას მოდუნების საშუალებას აძლევს. ტირილი ერთგვარი განტვირთვაა. შეგიმჩნევიათ ძილიანობა ტირილის შემდეგ?
- აირჩიე მყუდრო ადგილი: გქონდეს ერთი თავშესაფარი, სადაც არ ითამაშებ, იქნები მხოლოდ საკუთარი თავი, დაისვენებ , იფიქრებ და პაუზის შესაძლებლობას მისცემ გადაღლილ გონებას.
- რელაქსაციის ხელოვნება: საუკეთესო სტრატეგია სტრესის ასაცილებლად სწორედ რელაქსაციაა. ახალი ადგილები და უცნობი გარემო ხშირად გვეხმარება . მოგზაურობა, ახალი ადამიანები და კულტურები ხანდახან საუკეთესო რელაქსაციაა.
- შემოქმედებითი აქტივობები: არასდროს გაგჩენია სურვილი დაგეხატა? შეიძლება პიკასო არ ხარ, მაგრამ საკუთარ თავში ახალი პიკასოს პოვნაა შესაძლებელი. იცეკვე, იმღერე, დარგე ყვავილები, იურთიერთე ბუნებასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან. ბუნებასთან მეგობრობა შეიძლება შენთვის საუკეთესო გზა აღმოჩნდეს სტრესთან გასამკლავებლად.
თემები: სტრესი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია