ცხოვრებაში რომანტიკული ურთიერთობის პირველი გამოცდილება ღრმა კვალს ტოვებს თითოეულ ჩვენგანში და მთელი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე მიგვყვება.
"შეყვარება თავისთავად ძლიერი გამოცდილებაა", - განმარტავს ფსიქოლოგიის დოქტორი შერი ჯეიკობსონი. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ოქსიტოცინის გამოყოფით, რომელიც გვაიძულებს ენერგიულად და ბედნიერად ვიგრძნოთ თავი.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს დოფამინისა და სეროტონინის მომატებული დონე ახალგაზრდა წყვილების სისხლში. ნიშანდობლივია, რომ ამ ქიმიური ელემენტების მსგავსი დონე აღმოაჩინეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანების ანალიზშიც, რაც „ფსიქოლოგიური ფიქსაციის“ ნიშანია. პირველი სიყვარულის შემთხვევაში, ეს ნამდვილად არის ფსიქოლოგიური ფიქსაცია ზოგიერთ ადამიანში.
თავისთავად სიყვარული შესანიშნავი გრძნობაა, მაგრამ პირველი სიყვარული კიდევ უფრო ამაღელვებელი, შეუცვლელი და ყველასთვის დაუვიწყარი გრძნობაა და თუ რატომ, ამაზე ქვემოთ მოგიყვებით:
პირველი კოცნა
წარმოიდგინეთ, რომ პირველად აპირებთ პარაშუტით გადახტომას. ბუნებრივია, დაგეუფლებათ ღელვა, იგრძნობთ ადრენალინის მოზღვავებას. სოციალური ფსიქოლოგისა და ესექსის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ვერონიკა ლამარშის თქმით, ადამიანები თითქმის იგივეს გრძნობენ პირველი რომანტიკული ურთიერთობის დროს. განსაკუთრებით პირველი კოცნისას.
”პირველი კოცნა სამუდამოდ აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში, შემდეგ ჯერზე, როდესაც ამას სხვა ადამიანებთან გააკეთებთ, შეიძლება არ იყოს ასეთი ემოციური და დასამახსოვრებელი“ - განმარტავს იგი.
გადაშლილი წიგნი
„რომანტიკული ურთიერთობები ეს არის დახარჯული დრო, ფიზიკური სიახლოვე და ნდობის მაღალი დონე. ჩვენ გულს ვუშლით შეყვარებულებს, ვუზიარებთ მათ საიდუმლოებებს და სურვილებს. ოპტიმიზმითა და რწმენით ვართ სავსე. საკუთარ თავს უფლებას ვაძლევთ ვიყოთ დაუცველები, გავრისკოთ და ვენდოთ სხვებს.
ვფიქრობ, ეს არის ის, რაც პირველ სიყვარულს ასე უნიკალურს, კაშკაშას და დასამახსოვრებელს ხდის” - განმარტავს ჯეიკობსონი.
ასეთი ურთიერთობები კი ხშირად გულისტკივილით მთავრდება. ამიტომაც, ვცდილობთ, შემდეგ ჯერზე უფრო ფრთხილად ვიყოთ და არ დავემსგავსოთ გადაშლილ წიგნს, რომლის წაკითხვა ძალიან მარტივია.
„ჯილდო“
15-დან 25 წლამდე პერიოდში რომანტიკული ურთიერთობიდან ვიღებთ ემოციურ და ინტიმურ ურთიერთობას. ეს არის ერთგვარი „ჯილდო“ და ეს იმაზე სასიამოვნოა, ვიდრე სკოლაში ან უნივერსიტეტში კარგი შეფასება.
სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებმა შეიძლება უგულებელყონ სწავლა, როდესაც პირველ რომანტიკულ ურთიერთობაში იქნებიან. დოქტორ ჯეიკობსონის აზრით - „პრიორიტეტების ამ ცვლილებამ შეიძლება ბევრი პრობლემა მოიტანოს, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ცხოვრებაში“.
პირველი თანამოაზრე
პირველი რომანტიკული პარტნიორი დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი. მან შეიძლება შეამჩნიოს, რომ გაქვთ იუმორის გრძნობა, რაც შეიძლება გახდეს თქვენი საკუთარი თავის აღქმის ნაწილი. ხშირად, პირველ შეყვარებულში შეგიძლიათ იპოვოთ თანამოაზრე, რომელიც მხარს უჭერს თქვენს ამბიციებსა და ოცნებებს, რომლებსაც მშობლები და მეგობრები არ იზიარებენ.
„ვარდისფერი სათვალე“
ჩვენ ვიწყებთ პირველ სიყვარულს "ვარდისფერი სათვალით" და ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ახალ ურთიერთობაზე. „ხშირად ხდება, რომ მიმდინარე ურთიერთობები ჩვენთვის ნაკლებად ენერგიული ან სანდო გვეჩვენება, ვიდრე გვსურს“, ამიტომ ვიწყებთ უკან დაბრუნებას, ვეყრდნობით პირველი სიყვარულის გამოცდილებას, როგორც ყავარჯენს.
პირველი რომანტიკული ურთიერთობა, საფუძველია ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის და თუ ჩვენი პირველი გამოცდილება მაღალი ხარისხისაა, მაშინ უფრო მეტად კმაყოფილები ვიქნებით მომავალი პირადი ცხოვრებით.” - დასძენს ვერონიკა ლამარში.
თემები: სიყვარული, პირველი კოცნა