რა უნდა გააკეთოთ თვის დასაწყისში, რათა მთელი თვის განმავლობაში პროდუქტიულები იყოთ?
- 27.09.2026
ახალი თვე ახალი გეგმების, მიზნებისა და ცვლილებების დაწყების კარგი შესაძლებლობაა. თუმცა ხშირად საწყისი ენთუზიაზმი მალევე ქრება, საქმეები გროვდება, მოტივაცია იკლებს და თვის ბოლოს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ დაგეგმილის დიდი ნაწილი ვერც კი შეასრულეთ.
ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს. მთავარია, თვის პირველივე დღეებში ცოტა დრო საკუთარ გეგმებს, გარემოსა და ყოველდღიურ ჩვევებს დაუთმოთ.
1. დაგეგმეთ მომავალი კვირები
თვის პირველივე დღეებში გადახედეთ კალენდარს და ჩაინიშნეთ ყველაფერი, რაც მომდევნო კვირებში გელოდებათ: შეხვედრები, მნიშვნელოვანი საქმეები, ექიმთან ვიზიტები, ოჯახური ღონისძიებები თუ სხვა ვალდებულებები.
როდესაც ყველა თარიღი წინასწარ გაქვთ მონიშნული, უფრო მარტივია დროის განაწილება და იმის განსაზღვრა, როდის რა უნდა გააკეთოთ. ამასთან, თავიდან აიცილებთ ბოლო წუთს წარმოქმნილ ქაოსს და შეძლებთ, მნიშვნელოვანი საქმეებისთვის საჭირო დროც გამოყოთ.

2. გადახედეთ ფინანსებს
თვის დასაწყისი კარგი დროა იმის გასარკვევად, რამდენად გონივრულად დახარჯეთ ფული წინა თვეში. გადახედეთ თქვენს ხარჯებს, გაითვალისწინეთ აუცილებელი გადასახადები და წინასწარ განსაზღვრეთ, რა თანხა დაგჭირდებათ ყოველდღიური საჭიროებებისთვის.
ეცადეთ, ბიუჯეტი რეალისტურად შეადგინოთ და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც დატოვოთ გარკვეული თანხა. როდესაც ზუსტად იცით, რა ფინანსური შესაძლებლობები გაქვთ, გაცილებით მარტივია გადაწყვეტილებების მიღება და თვის ბოლოს ზედმეტი სტრესის თავიდან აცილება.
3. დაისახეთ რამდენიმე ახალი მიზანი
ახალი თვე შესანიშნავი შესაძლებლობაა, საკუთარ თავს ახალი მიზნები დაუსახოთ. თუმცა ნუ ეცდებით, ერთდროულად ბევრი რამის შეცვლას. შეარჩიეთ რამდენიმე კონკრეტული ამოცანა, რომელთა შესრულებასაც ოთხი კვირის განმავლობაში შეძლებთ.

შესაძლოა, გინდოდეთ, მეტი იაროთ ფეხით, ახალი უნარი შეიძინოთ, რეგულარულად ივარჯიშოთ ან დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დაასრულოთ. მთავარია, მიზნები რეალისტური იყოს და მათი მიღწევა ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვდეს. მცირე წარმატებებიც კი დაგეხმარებათ, მოტივაცია შეინარჩუნოთ და თვის ბოლომდე არ დაკარგოთ ინტერესი.
4. მოაწესრიგეთ სახლი
სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში ყოველდღიური საქმეების შესრულება გაცილებით მარტივია. ამიტომ თვის დასაწყისში სახლის დალაგებასაც დაუთმეთ დრო. მოიშორეთ ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ, დაალაგეთ კარადები, სამუშაო მაგიდა და ის სივრცეები, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ.

არ არის აუცილებელი, მთელი სახლი ერთ დღეში დაალაგოთ. შეგიძლიათ, საქმე რამდენიმე ნაწილად დაყოთ და ყოველდღიურად მცირე დრო დაუთმოთ. მოწესრიგებული გარემო კი დაგეხმარებათ, ნაკლები დრო დახარჯოთ საჭირო ნივთების ძებნაში და მეტი ყურადღება დაუთმოთ მნიშვნელოვან საქმეებს.
5. დაისახეთ კითხვის მიზანი
თუ კითხვა გიყვართ, ახალი თვე კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ამ სასიამოვნო ჩვევას მეტი დრო დაუთმოთ. შეარჩიეთ რამდენიმე წიგნი, რომელთა წაკითხვაც გსურთ, და განსაზღვრეთ, რამდენის დასრულებას შეძლებთ თვის განმავლობაში.
შეგიძლიათ, კვირაში ერთი წიგნის წაკითხვა დაგეგმოთ ან ყოველდღე 15-20 წუთი დაუთმოთ კითხვას. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო ლიტერატურა და ნუ დაისახავთ ისეთ მიზანს, რომლის შესრულებაც რთული იქნება. მთავარია, კითხვა სასიამოვნო საქმიანობად დარჩეს და არა კიდევ ერთ ვალდებულებად იქცეს.

პროდუქტიული თვე აუცილებლად დატვირთულ გრაფიკს არ ნიშნავს. ზოგჯერ რამდენიმე მარტივი ჩვევაც საკმარისია, რომ ყოველდღიური საქმეები უფრო მარტივად შეასრულოთ, დრო სწორად გადაანაწილოთ და დასახულ მიზნებს თანმიმდევრულად მიჰყვეთ.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია