20-დან 30 წლამდე ასაკი სავსეა აღმოჩენებით, ახალი გამოცდილებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით.
ეს ის პერიოდია, როდესაც ბევრს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, პროფესიული გზის არჩევა, მოგზაურობა და საკუთარი თავის უკეთ გაცნობა უწევს. ზოგჯერ რთულია იმის გარკვევა, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რაზე არ ღირს დროისა და ენერგიის დახარჯვა. თუმცა არსებობს რამდენიმე რამ, რომელთა ცოდნაც ამ ასაკში ცხოვრებას გაგიმარტივებთ და საკუთარი სურვილების უკეთ გააზრებაში დაგეხმარებათ.
1. არასოდეს დაკარგოთ ის, რაც ნამდვილად გიყვართ
ნუ გაატარებთ მთელ დროს ისეთი საქმეების კეთებაში, რომლებიც სიამოვნებას არ განიჭებთ. ეცადეთ, იპოვოთ საქმიანობა, რომელიც გაინტერესებთ და მოტივაციას გაძლევთ.
ეს შეიძლება იყოს პროფესია, ჰობი ან ახალი მიმართულება, რომლის გამოცდაც დიდი ხანია გსურთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ შეძლებთ მხოლოდ საყვარელი საქმის კეთებას, თუმცა მნიშვნელოვანია, ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესებისთვისაც გამონახოთ დრო.
2. ისწავლეთ თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის ბალანსის დაცვა
20-დან 30 წლამდე ასაკში თავისუფლების სურვილი ხშირად განსაკუთრებით ძლიერია. გინდათ, იმოგზაუროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ, დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილებები და საკუთარი ცხოვრება თავად მართოთ. ამასთან, თანდათან იზრდება პასუხისმგებლობებიც - ფინანსური, პროფესიული თუ პირადი.

მნიშვნელოვანია, ისარგებლოთ თავისუფლებით, მაგრამ არც ის დაივიწყოთ, რომ თქვენს გადაწყვეტილებებს შედეგები მოჰყვება. დამოუკიდებლობა სწორედ ამ ორი მხარის შეთავსებასაც გულისხმობს.
3. იმოგზაურეთ და ნუ ჩათვლით, რომ ეს ფუფუნებაა
მოგზაურობა მხოლოდ დასვენება არ არის. ახალი ქვეყნების, ქალაქებისა და კულტურების გაცნობა განსხვავებული გამოცდილების მიღებისა და სამყაროს ახლებურად დანახვის შესაძლებლობას გაძლევთ. თუ ამის საშუალება გაქვთ, ნუ გადადებთ მოგზაურობას მუდმივად.
არ არის აუცილებელი, შორეულ და ძვირად ღირებულ მიმართულებებს ეწვიოთ - ზოგჯერ ახლომდებარე ქალაქში გატარებული რამდენიმე დღეც კი დაუვიწყარ მოგონებად იქცევა. მთავარია, სიახლეების აღმოჩენის სურვილი არ დაკარგოთ.
4. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ ყველას არ მოსწონხართ
შეუძლებელია, ყველას მოეწონოთ და ყველა ადამიანთან საერთო ენა გამონახოთ. ნუ შეცვლით საკუთარ შეხედულებებსა და ხასიათს მხოლოდ იმისთვის, რომ კონკრეტულ წრეს მოერგოთ.
ხშირად საუკეთესო მეგობრები სწორედ მაშინ ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც საკუთარ თავს არ ვთმობთ და გულწრფელად ვიქცევით. მეტი დრო დაუთმეთ მათ, ვისთანაც თავს თავისუფლად გრძნობთ და ვისთან ურთიერთობაც სიამოვნებას განიჭებთ.
5. ნუ იჩქარებთ სერიოზული ურთიერთობის დაწყებას
20-დან 30 წლამდე ასაკში დაოჯახება ან ხანგრძლივი ურთიერთობის დაწყება აუცილებელი არ არის. თუ ამ ეტაპზე პარტნიორი არ გყავთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რამეს აგვიანებთ.
ნუ მიიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი მეგობრები უკვე დაოჯახდნენ ან სერიოზული ურთიერთობა აქვთ. მნიშვნელოვანია, პარტნიორი თავად გინდოდეთ და ურთიერთობა მხოლოდ საზოგადოებრივი მოლოდინების გამო არ დაიწყოთ. დაუთმეთ დრო საკუთარი სურვილების გარკვევას და ნუ იჩქარებთ.
6. იპოვეთ ვარჯიშის ისეთი სახეობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ
ფიზიკური აქტივობა ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სპორტდარბაზში უნდა იაროთ ან მკაცრი სავარჯიშო გრაფიკი დაიცვათ.
შეგიძლიათ, ცეკვა, ცურვა, იოგა, სირბილი ან უბრალოდ ფეხით სიარული სცადოთ. მთავარია, ისეთი აქტივობა შეარჩიოთ, რომელიც მოგწონთ და რომლის გაგრძელებაც არ გაგიჭირდებათ. რეგულარული მოძრაობა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ენერგიის მატებაში დაგეხმარებათ.
7. არ დაივიწყოთ წყლის დალევა
დატვირთული დღის განმავლობაში ზოგჯერ ისეთი მარტივი ჩვევაც გვავიწყდება, როგორიც წყლის რეგულარულად დალევაა. ეცადეთ, დღის განმავლობაში საკმარისი სითხე მიიღოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქტიურად მოძრაობთ ან ცხელ ამინდში დიდ დროს ატარებთ.

ორგანიზმისთვის წყალი აუცილებელია, ამიტომ ჰიდრატაციაზე ზრუნვა ყოველდღიური თავის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
8. ნუ იცხოვრებთ სოციალური ქსელების გავლენით
სოციალურ ქსელებში ხშირად ვხედავთ ადამიანების მოგზაურობებს, კარიერულ წარმატებას, ლამაზ სახლებსა და ბედნიერ ურთიერთობებს. სხვისი ცხოვრების მუდმივმა ყურებამ შეიძლება საკუთარი მიღწევების მიმართ უკმაყოფილება გაგიჩინოთ და დაგარწმუნოთ, რომ რაღაცას ვერ ასწრებთ.
გახსოვდეთ, რომ ეკრანზე ნანახი სხვისი ცხოვრების მხოლოდ ნაწილია. ნუ შეადარებთ საკუთარ ყოველდღიურობას სხვის საუკეთესო მომენტებს და მეტი ყურადღება დაუთმეთ იმას, რაც თავად გსურთ.
9. არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა
სწავლისთვის ასაკი შეზღუდვა არ არის. 20-დან 30 წლამდე შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი პროფესიული უნარები, ისწავლოთ უცხო ენა ან სრულიად განსხვავებული სფერო აღმოაჩინოთ. ნუ იფიქრებთ, რომ სკოლისა თუ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ განათლების მიღება აღარ არის საჭირო.
ახალი ცოდნა და გამოცდილება არა მხოლოდ კარიერულ განვითარებაში, არამედ პიროვნულ ზრდაშიც დაგეხმარებათ. შეინარჩუნეთ ცნობისმოყვარეობა და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების.
10. დააფასეთ ეს წლები და ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი
შესაძლოა, ზოგჯერ გეგონოთ, რომ ამ ასაკში უკვე ყველაფერი უნდა გქონდეთ გარკვეული: წარმატებული კარიერა, სტაბილური ურთიერთობა, ფინანსური დამოუკიდებლობა და მკაფიო გეგმები. სინამდვილეში, 20-დან 30 წლამდე პერიოდი ხშირად სწორედ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების აღმოჩენას ეთმობა.
ყველას განსხვავებული გზა აქვს და არ არსებობს ერთი კონკრეტული ასაკი, როდესაც ყველა მიზანს უნდა მიაღწიოთ. ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს შეცდომებისთვის, ნუ შეგეშინდებათ აზრის შეცვლისა და ახალი შესაძლებლობების გამოყენების. მიეცით საკუთარ თავს უფლება, ისწავლოთ, გამოსცადოთ და საკუთარი ტემპით განაგრძოთ წინსვლა.
თემები: ქალები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია