LIFE

ყოველ დილიას აგვიანებთ? 7 მარტივი ხრიკი, რომლებიც დილის რუტინას შეგიცვლით

ყოველ დილიას აგვიანებთ? 7 მარტივი ხრიკი, რომლებიც დილის რუტინას შეგიცვლით

დილის სიჩქარე, დაგვიანების შიში, ჩაცმისთვის დაკარგული დრო და საუზმის გამოტოვება - ეს ყველაფერი ბევრისთვის ყოველდღიური რეალობაა.

თუმცა დილის რუტინის მცირედი ცვლილებებით შესაძლებელია, დღე გაცილებით მშვიდად და ორგანიზებულად დაიწყოთ. ამისთვის სულ რამდენიმე მარტივი ჩვევის გამომუშავებაა საჭირო.

1. შხაპი საღამოს მიიღეთ

თუ დილით შხაპის მიღება დიდ დროს გართმევთ, სცადეთ, ეს პროცედურა საღამოს გადაიტანოთ. ასე დილით აღარ მოგიწევთ თმის დაბანასა და გაშრობაზე დროის დახარჯვა. გაღვიძების შემდეგ კი შეძლებთ, პირდაპირ ჩაცმასა და სხვა საქმეებზე გადახვიდეთ. გარდა ამისა, საღამოს შხაპი ზოგისთვის დღის ბოლოს მოდუნების სასიამოვნო საშუალებაცაა.

2. არასასურველი თმის მოცილება საღამოს დაგეგმეთ

თუ დილით შხაპის მიღებისას თმის მოცილებაზეც ხარჯავთ დროს, შეგიძლიათ, ეს პროცედურა საღამოს შეასრულოთ. ასე დილით რამდენიმე დამატებითი წუთი დაგრჩებათ. განსაკუთრებით მოსახერხებელია ეს მათთვის, ვისაც დილით სწრაფად უწევს სახლიდან გასვლა.

3. ტანსაცმელი წინა საღამოს შეარჩიეთ

დილით ხშირად იმაზე მეტი დრო იხარჯება, ვიდრე გვგონია, იმის გადაწყვეტაში, რა ჩავიცვათ. ზოგჯერ საყვარელი ტანსაცმლის ძებნაც გვიწევს, ზოგჯერ კი აღმოჩნდება, რომ შერჩეული სამოსი ერთმანეთს არ უხდება. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ტანსაცმელი წინა საღამოს შეარჩიეთ და ერთ ადგილას მოამზადეთ. წინასწარ შეარჩიეთ ფეხსაცმელი და აქსესუარებიც, რათა დილით დამატებითი ფიქრი აღარ დაგჭირდეთ.

4. სადილი წინა საღამოს მოამზადეთ

თუ სამსახურში ან სასწავლებელში სახლიდან წაღებული საკვები მიგაქვთ, მისი მომზადება დილის ნაცვლად საღამოს სცადეთ. წინასწარ ჩაალაგეთ ლანჩბოქსი და მაცივარში შეინახეთ. ასე დილით საჭმლის მომზადებაზე დროს აღარ დაკარგავთ და სახლიდან გასვლისას არც მისი დავიწყების რისკი იქნება. ამასთან, წინასწარ დაგეგმილი კვება სწრაფი და ნაკლებად სასარგებლო საკვების შეძენის საჭიროებასაც შეამცირებს.

5. მაღვიძარა 15 წუთით ადრე დააყენეთ

თუ დილით მუდმივად აგვიანებთ, სცადეთ, მაღვიძარა ჩვეულებრივზე 15–20 წუთით ადრე დააყენოთ. ეს მცირე დრო შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ მშვიდად მოემზადოთ, ისაუზმოთ და სახლიდან აუჩქარებლად გახვიდეთ. თუმცა მნიშვნელოვანია, ადრე დაძინებაც შეძლოთ, რათა დამატებითი დრო ძილის ხარჯზე არ მიიღოთ.

6. ამინდის პროგნოზი საღამოს შეამოწმეთ

დილით სახლიდან გასვლის შემდეგ იმის აღმოჩენა, რომ წვიმს, ცივა ან თოვს, ხშირად დამატებით პრობლემებს ქმნის. შესაძლოა, უკან დაბრუნება და ქურთუკის, ქოლგის ან შესაბამისი ფეხსაცმლის მოძებნა მოგიწიოთ. ამის თავიდან ასაცილებლად, ამინდის პროგნოზი წინა საღამოს შეამოწმეთ და მეორე დღისთვის საჭირო ნივთები წინასწარ მოამზადეთ. ასე მოულოდნელობებიც ნაკლები იქნება და დილითაც დროს დაზოგავთ.

7. ავტომობილი საწვავით წინასწარ გაავსეთ

თუ სამსახურში ან სხვა დანიშნულების ადგილზე ავტომობილით მიდიხართ, საწვავის შევსება დილის ნაცვლად წინა საღამოს დაგეგმეთ. წარმოიდგინეთ, სახლიდან უკვე გასული ხართ, მაგრამ საწვავის მაჩვენებელი მინიმუმზეა - ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერება კი დაგვიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ, თუ საწვავის შევსება გჭირდებათ, უმჯობესია, ეს წინასწარ გააკეთოთ.

დილა უფრო მშვიდი რომ გახდეს, სულაც არ არის საჭირო რთული გრაფიკის შედგენა. საკმარისია, რამდენიმე ყოველდღიური საქმე წინა საღამოს შეასრულოთ. ტანსაცმლის მომზადება, სადილის ჩალაგება და მომდევნო დღის დაგეგმვა დაგეხმარებათ, დილით ნაკლები იჩქაროთ და დღე უკეთესი განწყობით დაიწყოთ.