გაღიზიანების ან გაბრაზების დროს წარმოთქმულმა დაუფიქრებელმა სიტყვებმა, შეიძლება გაცილებით მეტი ზიანი მიაყენოს ბავშვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ყველაზე „შეგნებული“ მშობლებიც კი, ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ და ამისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა, არსებობს რამდენიმე ტაბუდადებული ფრაზა, რომელიც არასოდეს უნდა უთხრათ შვილს.
ნუ ხარ ბრაზიანი
ბავშვები ხშირად ტირიან ან ბრაზდებიან ისეთ წვრილმანებზე, რაც უფროსებისთვის უმნიშვნელოა. არასოდეს დაამციროთ მათი გრძნობები აგრესიული გზით. ბავშვები ძალიან ემოციურები არიან.
თუ განუწყვეტლივ ეუბნებით, რომ მათი ქცევა არ არის მართებული და არ ღირს ამხელა ბრაზი და წყენა ამის გამო, საბოლოოდ ბავშვი საკუთარ თავში ჩაიკეტება და შეწყვეტს ემოციების გამოხატვას და თქვენს ნდობასაც.
„დედა გაბრაზდება“
კლასიკური მანიპულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვს თავი დამნაშავედ აგრძნობინოს, არის - "ამას ნუ გააკეთებ, თორემ დედა გაბრაზდება“.
ერთი შეხედვით ეს უწყინარი ფრაზაა, რომელმაც პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა აღძრას, მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვები უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე.
უკეთესად შეგიძლია
თითოეული ბავშვი უნიკალურია, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. სხვასთან შედარებამ შეიძლება შეუქმნათ არაადეკვატურობის ან შურის განცდა, რაც აისახება თავდაჯერებულობაზე, შესაბამისად არასდროს უთხრათ მათ: „შენ უკეთესად შეგიძლია“.
ზარმაცი, სულელი და ხმაურიანი ხარ
ფსიქოლოგების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რამ, რაც მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ შვილებისთვის, არის, არ მიაკერონ სხვადასხვა იარლიყები, მაგალითად, როგორიცაა: სულელი, ზარმაცი, ხმაურიანი და სხვ.
ასეთი შეფასებები ზიანს აყენებს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას. მშობლები იწყებენ გარკვეული ქცევების ასოცირებას იმ იარლიყთან, რომელიც შვილს მიაწერეს, იმის ნაცვლად, რომ რეალურად გაიგონ, რა ხდება მათი შვილის განვითარებაში და რატომ დაიმსახურეს ასეთი შეფასება.
შეურაცხმყოფელი მეტსახელები ბავშვს ადრეული ასაკიდან უქვეითებს თავდაჯერებულობას და სჯერა იმ სიტყვების, რასაც თქვენ ეუბნებით.
შეეშვი, მე გავაკეთებ
ეს ფრაზა (და შემდგომი ქმედება) აპროგრამებს ბავშვს მომავალში წარუმატებლობისთვის. ბავშვი, რომელსაც გამუდმებით ეუბნებიან, რომ რამეს კარგად ვერ აკეთებს და არ აძლევენ შეცდომის უფლებას, თავს უვარგისად გრძნობს. ასეთ ბავშვს დიდობაში შეეშინდება გადაწყვეტილებების მიღების და დამოკიდებული დარჩება მშობელზე, რომელიც ყოველთვის შეცდომებს უსწორებდა.
"შენ არასდროს..." ან "შენ ყოველთვის"
ბავშვებს, რა თქმა უნდა, აქვთ საკუთარი ჩვევები, მაგრამ იმის თქმა, რომ თქვენი შვილი „ყოველთვის“ ან „არასდროს“ რაღაცას აკეთებს, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.
ამერიკელი ფსიქოლოგის რობინ მაკმანის აზრით, ასეთი განზოგადებული განცხადებების გამოყენება არის „წითელი დროშა“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ აღარ გაინტერესებთ რა ხდება შვილთან ამ მომენტში. არ გაქვთ მასთან ღია ურთიერთობა და ამიტომაც წინასწარ არასწორ დასკვნას აკეთებთ.
"არ გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი/გაჩუმდი"
შეურაცხმყოფელი ფრაზა, რომელიც კრძალავს საკუთარი გრძნობების გამოხატვას, მთლიანად ბლოკავს ბავშვის უფლებას, გამოხატოს თავისი აზრი.
თუ იყენებთ ასეთ ენას, არც კი გქონდეთ იმედი, რომ გულწრფელი საუბარი გექნებათ შვილთან. მუდმივი „გაჩუმება“ ბავშვს შეუქმნის დაუცველობას და შფოთვას, რის გამოც ის იდარდებს იმაზე, თუ რა შეიძლება ითქვას და რა არ შეიძლება. მისი აზრისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებით თქვენ დაკარგავთ მის ნდობას და ვერასოდეს შეიტყობთ მის ცხოვრებაში სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე.
თემები: დედები და შვილები, ბავშვები