თუ ფიქრობთ, რომ გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთობას ხშირად უარყოფითი ემოციები მოაქვს, შეიძლება გყავდეთ ტოქსიკური მეგობრები. ასეთი ადამიანების ამოცნობის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია: ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ ნერვები და დროულად დაასრულოთ ტოქსიკური მეგობრობა.
როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური მეგობრები?
არ გრძნობთ მათგან მეგობრულ მხარდაჭერას
ტოქსიკური მეგობრები ყველაზე ხშირად საუბრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე, თქვენი საქმეებით დაინტერესების გარეშე. როცა თავს ცუდად გრძნობენ, თქვენგან დახმარებას ელიან, მაგრამ როცა თქვენ გრძნობთ თავს ცუდად, ისინი არ ჩქარობენ დახმარებას. მათი პრობლემები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი.
თუ გრძნობთ, რომ იმაზე მეტს აძლევთ, ვიდრე იღებთ, უმჯობესია ურთიერთობა შეწყვიტოთ.
ვერ იღებენ უარს
ხშირად, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ ვახერხებთ მეგობრისთვის ხელის გაწვდენას. თუ ამ დროს თქვენი მეგობარი განაწყენებულია და გადანაშაულებთ ეგოიზმში, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის თქვენთან მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის ურთიერთობს.
კარგი მეგობრები თანაუგრძნობენ ასეთ სიტუაციებს და არ მოითხოვენ თქვენგან მსხვერპლს.
არ უხარიათ თქვენი მიღწევები
მეგობრობის საუკეთესო ნაწილი წარმატებებისა და მხიარული მოვლენების ერთად აღნიშვნაა. თუმცა, ტოქსიკური მეგობრები სხვაგვარად ფიქრობენ: მათთვის მეგობრობა ყოველთვის კონკურენციაა. თქვენი წარმატება მათ არა თუ ახარებთ, არამედ აღიზიანებთ კიდეც. ისინი ეჭვიანობენ თქვენს მიღწევებზე და ზოგჯერ არც ცდილობენ ამის დამალვას.
კარგი მეგობარი არის ის, ვინც ყოველთვის ბედნიერია შენი წარმატებებით.
მათთან საუბრის შემდეგ თავს დაღლილად გრძნობთ
მეგობრობა არ უნდა იყოს ემოციური ატრაქციონი. თუ მეგობართან ურთიერთობის შემდეგ უარყოფითი ემოციები გიპყრობთ თავს დაღლილად გრძნობთ, ღირს დაფიქრდეთ, გჭირდებათ თუ არა საერთოდ ასეთი მეგობრობა.
ნამდვილი მეგობრები, როგორც წესი, ცდილობენ გაახალისონ ერთმანეთი. თუ კონკრეტულ ადამიანთან კომუნიკაცია განადგურებს, ეს დიდი ალბათობით ტოქსიკური მეგობარია.
არ იცავენ საზღვრებს
არის სიტუაციები, როცა რაღაცის გაკეთება არ გინდათ: საშინელებათა ფილმზე წასვლა, წვეულებაზე ალკოჰოლის მიღება ან პირადი ცხოვრების დეტალების მოყოლა. კარგი მეგობარი არასოდეს დაგაძალებთ ამას, ის პატივს სცემს თქვენს საზღვრებს.
ტოქსიკური მეგობარი კი ცდილობს უარი გათქმევინოთ თქვენს პრინციპებზე და დააკმაყოფილოთ მისი სურვილები. შეეცადეთ დროულად ამოიცნოთ ეს ქცევა, რათა არ გახდეთ მანიპულაციის მსხვერპლი.
კარგავთ ნდობას მის მიმართ
ტოქსიკურმა მეგობრებმა შეიძლება გიღალატონ საკუთარი მიზნების გამო. ასეთი ადამიანები მეგობრულ ურთიერთობებს აღიქვამენ, როგორც კონკურენციას, ამიტომ სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლიათ თქვენს ზურგს უკან განიხილონ და უცნობებსაც კი მოუყვნენ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ.
ნამდვილი მეგობრები ინახავენ ჩვენს საიდუმლოებებს და რჩებიან ჩვენს ერთგულ მესაიდუმლეებად.
თუ ფიქრობთ, რომ ვინმე თქვენს შესახებ ჭორებს ავრცელებს, ეს თქვენი მეგობრების სიის გადახედვის მიზეზია.
და ბოლოს, მართალია არანაირ ურთიერთობაში გარანტიები არ არსებობს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით თქვენი მეგობრების ქცევებს თუ დამოკიდებულებებს, იმის გარანტია მაინც გექნებათ, რომ დროულად ჩამოშორდეთ ყალბ ადამიანებს.
თემები: მეგობრობა, ტოქსიკური ადამიანი