LIFE

როგორ დავძლიოთ ტელეფონზე დამოკიდებულება?

როგორ დავძლიოთ ტელეფონზე დამოკიდებულება?

რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, მით მალე და დიდი დოზით შემოდის ის ჩვენს ცხოვრებაში და ხშირად ერთგვარი გამოწვევაც არის ჩვენი ყოველდღიურობის - სასარგებლო ფუნქციებთან ერთად, მათი წყალობით ბევრ დროს ფუჭად ვკარგავთ.

მოდით განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ სმარტფონის გადაჭარბებულ გამოყენებას.

გამოყავით ტელეფონისგან თავისუფალი დრო და ადგილები

პირველი წესი, რომელიც უნდა დანერგოთ - გამოყავით სივრცეები და დროის მონაკვეთები, როდესაც არ იქნებით ტელეფონზე დამოკიდებული, უფრო მეტიც, თქვენი ტელეფონი არ იქნება ადვილად ხელმისაწვდომი - შესაძლოა ეს იყოს თქვენი საწოლი ან სადილის მაგიდა. ასევე შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ტელეფონის გადადება კონკრეტული დროისთვის, როგორიცაა თქვენი ლანჩის საათი ან ოჯახთან შეხვედრის დრო.

ამ წესების დაცვა მნიშვნელოვანია, როგორი რთულიც არ უნდა იყოს; როდესაც ტელეფონისგან ფიზიკურად შორს იქნებით, დატოვებთ მას სხვა ოთახში, ეს დაგეხმარებათ სრულად კონცენტრირდეთ იმაზე, რასაც აკეთებთ და დაისვენოთ მისგან.

შეგიძლიათ ამას კამპანიის სახე მისცეთ და ჩართოთ თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრებიც.

გამორთეთ შეტყობინებები
შემდეგი ნაბიჯი თქვენი ტელეფონის გამოყენებაზე კონტროლის მოსაპოვებლად არის შეტყობინებების გამორთვა.
შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინებები მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი არხებისთვის. არ შეამოწმოთ ელფოსტა მაშინ, როცა არ გჭირდებათ; დღის განმავლობაში გამოყავით კონკრეტული დრო, როცა მეილებს გახსნით და უპასუხებთ.

დაკავდით ხელსაქმეებით

ტელეფონთან დიდი დროის გატარების ნაცვლად დაკავდით ფიზიკური აქტივობებით. გააკეთეთ მარტივი და სახალისო საქმეები: ხელნაკეთობები, ხატვა, ქარგვა, მებაღეობა, ინტერიერის მოწყობა, კერძების მომზადება ან ის, რაც გაგიხარდებათ.

ეს დაგეხმარებათ უფრო პროდუქტიულად იგრძნოთ თავი და მოერიდოთ სოციალური მედიის მავნე ელემენტებს, როგორიცაა უაზრო დისკუსიები, ყალბი ისტორიები ან ტოქსიკური ადამიანები.

შეამცირეთ ნეგატიური ინფორმაცია

ხშირად სოციალური მედია ბევრ ნეგატივს გვახვევს თავს, უმჯობესია მინიმალურად შეამციროთ მსგავსი უარყოფითი გავლენა, ან მთლიანად ამოიღოთ ასეთი რამ თქვენი ყოველდღიურობიდან. დაათვალიერეთ მხოლოდ ის გვერდები, რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და დადებითი ემოციით დაგმუხტავთ.

დაკავდით საყვარელი საქმით

თუ სოციალური მედია და ტელეფონი თქვენი გართობის მთავარი წყაროა, რთული იქნება მისგან თავის დანებება; სცადეთ დაკავდეთ იმ საქმით, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ, გამოიკვლიეთ და აღმოაჩინეთ ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ და რაც ადვილად დაგავიწყებთ სმარტფონების არსებობას.