ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ მოწყენილობა - ბედნიერების მიღწევის გზაა
- 09.11.2024
(რატომ უნდა მისცეთ საკუთარ თავს უფლება იყოთ სევდიანი)
ჩვეულებრივ, ადამიანები უარყოფით ემოციებს მალავენ, ცდილობენ მათ დადებით ემოციად გადაქცევას ან უბრალოდ უარყოფენ, მაგრამ, სინამდვილეში, როგორც ფსიქოლოგები გვეუბნებიან, ნეგატივისგან გადარჩენის საუკეთესო გზა მისი მიღებაა, ამისთვის კი აუცილებელია ემოციური მიზეზების აღმოჩენა, რათა თავი დააღწიოთ მას და იპოვოთ ძალა სიცოცხლისთვის.
თქვენ ჩვეულებრივი მოკვდავი ხართ, ამიტომ უნდა იგრძნოთ მოწყენაც და სევდაც, ისევე როგორც ამას განიცდით მცირე წარუმატებლობის შემდეგ - მაგალითად, როგორიცაა, საყვარელი ნივთის დაკარგვა, გასაუბრებაზე ჩავარდნა ან ტესტის დაბალი შეფასება.
მოწყენილობა გვეუფლება მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგაც, როგორიცაა თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან დაშორება ან ახლობელი ადამიანის გარდაცვალება.
თუ რატომ არ უნდა დავმალოთ უარყოფითი ემოციები, ფსიქოლოგები 2 ძირითად მიზეზს გამოყოფენ:
პირველი და უმთავრესი - უარყოფითი ემოციების აღიარებით და გათავისებით იქნებით მხოლოდ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი; როდესაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ უარყოფით ემოციებს და ვცდილობთ მათ ჩახშობას, ისინი "არსად" მიდიან, უბრალოდ, ემოციები სხვა ფორმას იღებს: მაგალითად, იწყებთ ნათესავების მიმართ შეურაცხყოფას, ისტერიულად აწესრიგებთ სახლს, ან დეპრესიული აშლილობის წინაშე დგახართ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უარყოფითი ემოციების სრულფასოვნად მიღება, განცდა და გაანალიზება.
მეორეც, მხოლოდ ამ გზით შეცვლით თქვენს ცხოვრებას! ნებისმიერი კრიზისი თავიდან ბოლომდე უნდა მიიღოთ, გაისიგრძეგანოთ და ისწავლოთ მათი მართვა, რათა მინიმუმ, გამოცდილება მიიღოთ.
თუ თქვენ მუდმივად ცდილობთ ნეგატიური ემოციების უგულებელყოფას ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: „არა უშავს“, „ყველაფერი გაივლის“, „ისეთი არაფერი მომხდარა“, მაშინ დისონანსს უქმნით ტვინს. მას ესმის, რომ ახლა თავს ცუდად გრძნობთ, მაგრამ ცდილობთ დაარწმუნოთ იგი სხვაგვარად, გადაიყვანოთ სხვა რელსებზე, როცა გონებას და ემოციას ამის რესურსი არ გააჩნია.
როგორც ფსიქოლოგები გვირჩევენ, გაცილებით ეფექტური და მარტივია ნეგატიური სიტუაციის ყველა ეტაპის გავლა, ვიდრე მისი მიჩქმალვა და დაბლოკვა - შეეცადეთ შეებრძოლოთ მას და ამგვარად ისწავლოთ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავება, ოპტიმისტური ფრაზები კი მხოლოდ ბოლო ეტაპზე გამოდგება, როცა დუღილის ტემპერატურა ნელ-ნელა დაიკლებს.
როგორ ვიცხოვროთ სევდაში ისე, რომ ისევ აღარ დაბრუნდეს?
მოწყენილობის განსაცდელად მნიშვნელოვანია თქვენი ყველა „ცუდი“ ემოციის ამოცნობა. მაგალითად, ჩამოწერეთ ყველა ემოცია, რასაც განიცდით ნეგატიური სიტუაციის შემდეგ: შური, ბრაზი, აგრესია, ეჭვიანობა, ტკივილი, საკუთარ თავში ეჭვი და ა.შ. ეს მიდგომა დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და გაიგოთ, რა ხასიათის გამოვლინებებით მოგიწევთ ცხოვრება გარკვეული დროის განმავლობაში.
შემდეგი ნაბიჯი არის დესტრუქციულ აზრებზე მუშაობა. მაშინაც კი, თუ ფსიქოლოგს მიაკითხავთ და ისაუბრებთ იმაზე, რაც შეგემთხვათ, დეპრესიულმა აზრებმა შეიძლება კვლავ შემოგიტიოთ. მაგალითად, იფიქრებთ, რომ ვერაფერს გაუმკლავდებით, ვერ იპოვით საყვარელ ადამიანს, ვერ მიაღწევთ წარმატებას სწავლაში თუ კარიერაში. ყოველი ასეთი აზრი არ უნდა "ჩაქრეს" და გაცამტვერდეს, პირიქით, უნდა დაიჭიროთ და ჩამოწეროთ. თქვენი აზრების და განცდების გვერდით დაწერეთ ლოგიკური კონტრარგუმენტები. მაგალითად: თუ ფიქრობთ, რომ - "კარგ სამსახურს ვეღარასდროს ვიპოვი", მის კონტრარგუმენტად შეგიძლიათ მოიყვანოთ შემდეგი მსჯელობა: - „ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მე მაქვს დიდი სამუშაო გამოცდილება და ზუსტად ვიცი, აუცილებლად ვიპოვი უკეთეს სამსახურს“.
გაიმეორეთ ეს რიტუალი, როცა ნეგატიური ფიქრები შემოგიტევთ. ასევე არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის დაჯილდოება სასიამოვნო აქტივობებით, მაგ.: კინოში სიარული, ბუნებაში გასეირნება, შოპინგი, მეგობრებთან კაფეში სტუმრობა და თქვენი საყვარელი ყავის მირთმევა.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია