სილამაზე

როგორ მოვუაროთ ტუჩებს ზამთარში

როგორ მოვუაროთ ტუჩებს ზამთარში

ქალის ასაკი მისი ტუჩების მდგომარეობის მიხედვით მარტივად შეგვიძლია გამოვიცნოთ. ისევე როგორც სახის კანი, 30 წლიდან ტუჩის კანიც თანდათან დაბერებას იწყებს: ფერმკრთალდება, ჩნდება პირველი ნაოჭები და კარგავს ელასტიკურობას.

მშრალი, დახეთქილი ტუჩები ზამთრის სიცივის ერთ-ერთი პირველი ნიშანია. ტუჩების თხელი და ნაზი კანი, პირველი რეაგირებს კლიმატის ცვლილებაზე. ზამთრის კონდიცირებული ჰაერი, ყინვა, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ქარი - ეს ყველაფერი ტუჩებზე გარდა არაესთეტიკური გავლენისა, დისკომფორტსაც იწვევს.

ნახეთქების და ბზარების გაჩენისა და სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, TREND გიზიარებთ ტუჩის მოვლის რამდენიმე მარტივ წესს.

სიცივე და ტუჩის დამატენიანებელი

ცივ ამინდში გარეთ გასვლამდე ყოველთვის წაისვით ტუჩებზე დამატენიანებელი, რათა კანი დაიცვათ არასასიამოვნო სიცივისა და ქარისგან.

ყოველთვის გამოიყენეთ პროდუქტები SPF შემადგენლობით. იმისდა მიუხედავად, რომ შემოდგომაზე და ზამთარში მზე არ არის ისეთი ცხელი, როგორც ზაფხულში, ულტრაიისფერი სხივები მაინც ზემოქმედებენ და ტუჩები უფრო მგრძნობიარეა ფოტოდაბერების მიმართ, ვიდრე სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილი.

ტუჩის მოვლის ღამის რუტინა

საღამოს, ძილის წინ ტუჩები კარგად გაიწმინდეთ მაკიაჟისგან. ნუ უგულებელყოფთ ტუჩის მოვლის სპეციალური პროდუქტების გამოყენებას.



პერიოდულად დაიმასაჟეთ ტუჩები რბილი კბილის ჯაგრისით; ამ მარტივი მანიპულაციის წყალობით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ნაოჭები და გაზარდოთ სისხლის მიმოქცევა, ამასთან, მსუბუქი მასაჟი ტუჩს უფრო ცოცხალ და ნათელ ფერს უბრუნებს.

ტუჩის სკრაბი და აქერცვლა

არ დაგავიწყდეთ ტუჩის აქერცვლა სპეციალური სკრაბის გამოყენებით, რომლის ყიდვა დღეს თითქმის ყველა კოსმეტიკურ მაღაზიაშია შესაძლებელი. ტუჩის სკრაბი უფრო ნაზია, ვიდრე სხვა ტიპის სკრაბი და არ აზიანებს კანს.

უარი პრიალა ტუჩსაცხებს

ზამთრის ცივ და ყინვიან დღეებშია მოერიდეთ ტუჩის პრიალა საცხები გამოყენებას, რადგან ის შეიცავს ცვილს, რომელიც სიცივეში იყინება, რითაც სარგებლის ნაცვლად, პირიქით, აზიანებთ და აშრობთ ტუჩებს. პრიალა ტუჩსაცხები შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ზაფხულის ცხელ დღეებში.

ჯანსაღი პროდუქტები

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ძილის წინ ტუჩის მკვებავი კრემის, ბალზამის ან ტუჩის ნიღბის წასმა. ასევე, კარგი იქნება თუ თქვენს რაციონში დაამატებთ გარგარს, ქიშმიშს, ლეღვს და ავოკადოს, ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ საკვებ დანამატებს, რაც განაპირობებს ქორფა, ლამაზ და მოვლილ ტუჩებს.