LIFE

რა არის სეზონური ემოციური აშლილობა და როგორ გავუმკლავდეთ მას

რა არის სეზონური ემოციური აშლილობა და როგორ გავუმკლავდეთ მას

თბილი დღეების დადებით ემოციებს შემოდგომის მიწურულს სევდა და დაღლილობა ცვლის. ჩვეულებრივ, ადამიანები ამ ყველაფერს სეზონურ სიზარმაცეს მიაწერენ, სინამდვილეში კი საქმე გაცილებით რთულადაა - ჩვენი ორგანიზმი მკვეთრად რეაგირებს დღის შუქის შემცირებაზე, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სოციალიზაციას და არა მარტო, ერთი შეხედვით უვნებელი ზამთრის სევდა შესაძლოა სერიოზული შეშფოთების მიზეზი გახდეს, ის ზოგიერთ ადამიანში იწვევს სრული დეზორიენტაციის განცდას და ინტერესის დაკარგვას ყოველდღიური საქმეების მიმართ, ზოგჯერ კი შეიძლება ფსიქიკურ დაავადებად - სეზონურ დეპრესიად ჩამოყალიბდეს.

რა არის სეზონური ემოციური აშლილობა

სეზონური ემოციური აშლილობა (SAD) არის დეპრესიის სახეობა, რომელიც ვლინდება წლის გარკვეულ დროს, განსაკუთრებით შემოდგომაზე და ზამთარში. მისი სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია მადის ცვლილება (ჩვეულებრივ მომატებული), წონის მატება, მუდმივი ძილიანობა, შფოთვა და გაღიზიანება, სოციალური იზოლაცია და ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა. ამის გამო, ზოგიერთი ადამიანისთვის ზამთარი იქცევა ნამდვილ ბრძოლად, ყოველი დღე კი ახალ გამოწვევად.



თუმცა, გაზაფხულზე და ზაფხულში სიმპტომები ქრება და ადამიანები ბევრად უკეთესად გრძნობენ თავს. სწორედ ამიტომ სეზონური ემოციური აშლილობის დიაგნოსტიკა ხშირად რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად აღიარებულია, როგორც დაავადება, ბევრი უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს მას, ჯანმრთელობის გაუარესებას დაღლილობას ან ვიტამინების ნაკლებობას მიაწერს. ადამიანი შეძლებისდაგვარად უძლებს ცივ სეზონს და თბილი ამინდების დადგომისას „გამოჯანმრთელდება“, რის გამოც სპეციალისტებს დახმარებას არ მიმართავს. თუმცა, ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ დაარღვიოს ცხოვრების ხარისხი, არამედ გახდეს სხვა სერიოზული დაავადების დასაწყისი.

რა იწვევს სეზონურ ემოციურ აშლილობას?

მისი მიზეზი ორგანიზმის ბიოლოგიურ პროცესებშია, როდესაც დღის საათები მცირდება, ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსი ხდება. სეროტონინი ("ბედნიერების ჰორმონი“) პასუხისმგებელია მადასა და განწყობაზე. მისი წარმოებისთვის აუცილებელია ულტრაიისფერი სხივები და ვიტამინი D, რაც ძალიან დეფიციტურია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ამის გამო, ცივი ამინდის დადგომასთან და მზის შუქის დაქვეითებასთან ერთად, ორგანიზმში სეროტონინის დონე ეცემა და ადამიანს უტევს დეპრესიის გრძნობა.



გარდა ამისა, იცვლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერების, მელატონინის, ძილის ჰორმონის პოზიცია. ის არეგულირებს ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანების ცხოვრების რიტმს; როცა ბნელდება, ჩვენი ხედვა რეაგირებს სინათლის დონეზე და ინფორმაციას გადასცემს ტვინს, სადაც ხდება მელატონინის აქტიური წარმოება. ეს ჰორმონი მოქმედებს როგორც საძილე აბი ადამიანზე, ამიტომ დღის განმავლობაში სინათლის ნაკლებობა იწვევს სისუსტეს და ძილიანობას. მელატონინი ასევე აფერხებს

ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოტივაციასა და კარგ განწყობაზე.
ასევე არსებობს სეზონური აფექტური აშლილობის გენეტიკური თეორია. იგი ვარაუდობს, რომ დაავადება შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი. კვლევა ვარაუდობს, რომ ზამთარში დეპრესიისადმი მიდრეკილება შეიძლება დაკავშირებული იყოს დნმ-ის მახასიათებლებთან, რომლებიც გვხვდება ოჯახებში ან დამახასიათებელია გარკვეული კულტურისთვის.

როგორ გავუმკლავდეთ სეზონურ დეპრესიას?

სინათლის თერაპია

სინათლის თერაპია ყველაზე ეფექტური მეთოდია სეზონურ ემოციურ აშლილობასთან საბრძოლველად. სპეციალური ნათურები, რომლებიც ასხივებენ დაახლოებით 20-ჯერ მეტად, ვიდრე ჩვეულებრივი სახლის ნათურები, ანაზღაურებს მზის ნაკლებობას შიდა სიფხიზლის მექანიზმების გააქტიურებით- უპრიანია სახლში დაამონტაჟოთ ასეთი ნათურები და 20-30 წუთით დატკბეთ მისი შუქით.

მედიკამენტები

რთული სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის ანტიდეპრესანტები შეიძლება სასარგებლო იყოს. ეს პრეპარატები ხელს უწყობენ სეროტონინის დონის რეგულირებას და დეპრესიასთან გამკლავებას, თუმცა მას ხშირად აქვს გვერდითი მოვლენებიც. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, აუცილებლად ექიმმა დანიშნოს მედიკამენტები და ამ საკითხში თვითმკურნალობა გამოირიცხოს.

ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგიერთი ჯანსაღი დანამატის, განსაკუთრებით D ვიტამინის მიღება, ის ხელს შეუწყობს საერთო ჯანმრთელობის ნორმალიზებას და სეროტონინის დონის გაუმჯობესებას.

სესიები ფსიქოთერაპევტთან

სეზონური ემოციური აშლილობის კიდევ ერთი ეფექტური მკურნალობაა კოგნიტური ქცევითი თერაპია. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტი ეხმარება პაციენტს გამოავლინოს უარყოფითი აზრები, რომლებიც ზრდის დეპრესიას და ჩაანაცვლოს პოზიტიური დამოკიდებულებით.

გარდა ამისა, შემეცნებითი ქცევითი თერაპია ეხმარება პაციენტს ისწავლოს სტრესისა და უარყოფითი ემოციების მართვა, რაც სასარგებლოა არა მხოლოდ ზამთარში, არამედ წლის ნებისმიერ სხვა დროს.

ასევე, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, აქტიური ცხოვრების წესი აუმჯობესებს განწყობას და აძლევს ადამიანს მეტ ენერგიას. ასე რომ, დღისით უბრალო გასეირნებასაც კი შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი მდგომარეობა.
და ბოლოს, გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ: მეგობრებთან შეხვედრა, საყვარელი ფილმის ყურება ან სასრიალო მოედანზე სრიალი. ასეთი მცირე სიხარული მოგაშორებთ ნეგატიური ფიქრებს და დაგეხმარებათ კარგზე ფოკუსირებაში.



გახსოვდეთ, სეზონური ემოციური აშლილობა არ არის სასიკვდილო განაჩენი. ამ მდგომარეობის მიზეზების გააზრება და შესაბამისი მკურნალობა დაგეხმარებათ წარმატებით გაუმკლავდეთ ზამთრის დეპრესიას და ცხოვრება იმაზე ხალისიანი მოგეჩვენოთ, ვიდრე აქამდე გეგონათ.