
ტერმინი „კვებითი აშლილობა“ კრებითი სახელწოდებაა ისეთი ფსიქიკური აშლილობებისა, სადაც წამყვანია საკვების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, კვებითი აშლილობის მიზეზები კომპლექსურია. ის ძირითადად ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული. აღნიშნული აშლილობების განვითარებას ხელს უწყობს როგორც მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ასევე მასზე გავლენას ახდენს პიროვნების ხასიათი, სოციო-კულტურული გარემო, მაგალითად, რა ღირებულებითი კონტექსტია სოციუმში, როგორია ე.წ. სილამაზის სტანდარტი და ა.შ.
კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 8-10%-ს აწუხებს კვებითი აშლილობა - ეს არის ბულიმია, ანორექსია, გადაჭარბებული კვება და სხვა.
ნერვული ანორექსია
ნერვული ანორექსია ძირითადად თინეიჯერულ ასაკში იწყება და ის უმეტესად გოგონებშია გავრცელებული.
ანორექსია არ ნიშნავს უმადობას, თავდაპირველად ადამიანს ჩვეულებრივი მადა აქვს, უბრალოდ თანდათან ეკარგება საკვების მიღების მოთხოვნილება. ამ დაავადებისას ირღვევა/არასწორად ხდება საკუთარი სხეულის აღქმა, ადამიანს ჰგონია, რომ მას აქვს ზედმეტი წონა და ამის გამო იწყებს საკვების შეზღუდვას.
როდესაც ნერვული ანორექსიის შორს წასულ ფორმასთან გვაქვს საქმე, ის ვიზუალურადაც თვალშისაცემია არაბუნებრივი სიგამხდრის გამო. ამ დაავადების გართულებული შემთხვევების დაახლოებით 5%-ში ლეტალური შედეგი დგება.
ნერვული ბულიმია
ნერვული ბულიმიის მქონე ადამიანი კარგავს კონტროლს მიღებული საკვების რაოდენობაზე და მხოლოდ მაშინ შეუძლია გაჩერება, როდესაც ფიზიკურად შეუძლებელი ხდება საკვების მიღება. ამას მოჰყვება წუხილი, სინდისის ქენჯნა, თვითგვემა და მცდელობა, არ აისახოს ჭარბი რაოდენობით მიღებული საკვები წონაზე. ამიტომ სხვადასხვა საშუალებით უკან იღებს საკვებს, ამასთან, ჭარბი კვების შუალედებში იცავს მკაცრ დიეტას, შიმშილობს და ა. შ.ნერვული ბულიმიის დროს მიზეზები განსხვავებულია და, მეტწილად სხვა დაავადებასთანაა შეჭიდული, მაგალითად, ყველაზე ხშირად უკავშირებენ დეპრესიას.
რა იწვევს კვების დარღვევას?
დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ ფსევდო-ჯანსაღი კვებისადმი ვნება/მიდრეკილება და სასარგებლო პროდუქტების მიღებაზე არაგონივრული უარის თქმამ შეიძლება კვებითი აშლილობის პროვოცირება გამოიწვიოს.
ჭარბწონიანობა გავლენას ახდენს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუ არ მიმდინარეობს სწორი თერაპია და არ არის დაცული მკურნალობის ან/და კვების რეჟიმი, პაციენტის მდგომარეობა უარესდება და შესაძლებელია ფატალური შედეგიც დადგეს.
კვებითი დარღვევები ყველა სისტემასა და ორგანოს აზიანებს, მაგრამ ყველაზე მეტად გულ-სისხლძარღვთა სისტემა და საჭმლის მომნელებელი სისტემა ზარალდება.
არანაკლებ სერიოზული და საყურადღებოა ფსიქოლოგიური შედეგები:
კვებით აშლილობას ახლავს დეპრესია, შფოთვა,
თვითშეფასების და თავდაჯერებულობის დაქვეითება,
დანაშაულის და სირცხვილის ძლიერი გრძნობა.
ასევე ხშირია საშიშროება, ერთი კვებითი დარღვევა მეორეში გადაიზარდოს: ბულიმია გადაიზარდოს ანორექსიაში.
როგორ ვუმკურნალოთ კვების დარღვევას?
მკურნალობის სავალდებულო ეტაპია სრულფასოვანი გამოკვლევა: სისხლის სრული კვლევა, ლიპიდური პროფილის შეფასება, შარდის ანალიზი, ასევე შინაგანი ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, რაც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, რამდენად სერიოზულად განიცდიდა სხეული კვების დარღვევის შედეგებს.
მნიშვნელოვანია, პაციენტებმა გადადგან პირველი ნაბიჯი დახმარების მოთხოვნით. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ კვებითი დარღვევების მქონე ადამიანების 70% არ იღებს საჭირო დახმარებას, რადგან ყველა არ არის მზად, აღიაროს პრობლემა, გადაწყვიტოს სპეციალისტთან მისვლა და რეკომენდაციების დაცვა. წარმატებული თერაპია კი შეუძლებელია ფსიქოლოგთან მუშაობის, მედიკამენტების მიღებისა და ახლობლების მხარდაჭერის გარეშე.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია