სილამაზე

მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?

მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?

სიცხე, ტენიანობა, მარილიანი წყალი - ეს ყველაფერი გამოცდას უქმნის ნებისმიერი პროდუქტის გამძლეობას და ხშირად ჩვენს მოთმინებასაც. თუმცა, სწორი მიდგომით, მაკიაჟს შეუძლია არა მხოლოდ შეინარჩუნოს მოწესრიგებული იერსახე, არამედ მოგვცეს რეალური სარგებელი - დაიცვას კანი, მისცეს სახეს სიახლე და თავდაჯერებულობა. მთავარია, არ გადააჭარბოთ და იცოდეთ, რომელი პროდუქტები მუშაობს კარგად სანაპიროს პირობებში.

მაკიაჟის ბაზა: სიმსუბუქე

ნებისმიერი სანაპიროს მაკიაჟი იწყება მზისგან დამცავი საშუალებით: ის უნდა იყოს ფართო სპექტრის, მინიმუმ 30 SPF-ით და იდეალურ შემთხვევაში 50. თუ პროდუქტს აქვს ელფერი, ეს დამატებითი ბონუსია: ის ოდნავ გაათანაბრებს კანის ტონს და ჩაანაცვლებს ძირითად დეკორატიულ პროდუქტებს. ასეთი ფორმულები, როგორც წესი, არ საჭიროებს ტონალური საცხის დამატებით წასმას.

თუ გსურთ მეტი თანაბარობა, შეგიძლიათ აირჩიოთ მზისგან დამცავი კრემი ტონალური ეფექტით ან მსუბუქი BB კრემი SPF-ით. მნიშვნელოვანია: არ წაისვათ სქელი სტრუქტურის ტონალური. აუცილებელია კანმა ისუნთქოს, განსაკუთრებით მზეზე. ზედმეტი ფენა გამოიწვევს ფორების დახშობას და მაკიაჟის ესთეტიკის სწრაფ დაკარგვას.



სიცხეში კანი უფრო აქტიურად გამოყოფს ცხიმს და ნებისმიერი მკვრივი ტექსტურა უფრო სწრაფად იწყებს დაშლას. მსუბუქი ტექსტურები სწორ ბაზასთან ერთად საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ სახის ჯანსაღი ელფერი სანაპიროზე რამდენიმე საათის შემდეგაც კი - შესაფერის მაკიაჟის ბაზებს უნდა ჰქონდეთ მქრქალი ან ფიქსაციის ეფექტი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა აშრობდნენ კანს.

კორექტორი: ლაქების დახმარება

თუ გჭირდებათ მუქი წრეების, სიწითლის ან პოსტ-აკნეს კვალის დამალვა, გამოიყენეთ მსუბუქი კორექტორი მზრუნველი კომპონენტებით. შესაფერისია თხევადი ტექსტურის მქონე პროდუქტები, რომლებიც არ აშრობენ კანს და არ უსვამს ხაზს ნაოჭებს. წაისვით ფრთხილად, მხოლოდ სასურველ ადგილებში და შეიზილეთ თითის წვერებით.



მნიშვნელოვანია სწორი ფერის არჩევა: ძალიან ღია შეიძლება არაბუნებრივად გამოიყურებოდეს რუჯის ფონზე, ხოლო ძალიან მუქი გამოკვეთს პრობლემურ ადგილებს. უნივერსალური ვარიანტია ნეიტრალური კრემისფერი ღია ფერის კორექტორით, რომელიც თქვენს ტონს შეესაბამება.

SPF-ის მქონე პუდრი: დამატებითი დაცვა

მაკიაჟის დასაფიქსირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ SPF-ის მქონე ფხვიერი პუდრი. ის დაგეხმარებათ ბზინვარების კონტროლში და დამატებით დაცვაში.
დასაფიქსირებლად იდეალური საშუალებაა რბილი ფუნჯი, ის თანაბრად ანაწილებს პროდუქტს და არ აღიზიანებს კანს.

რუჟი: ბუნებრივი ეფექტი

ნებისმიერი ტონი უფრო კაშკაშა ჩანს მზეზე, ამიტომ უმჯობესია აირჩიოთ გამჭვირვალე ტექსტურის მქონე რუჟი. საუკეთესო არჩევანია რბილი ტექსტურა,  ის შეიწოვება კანში და არ ჩამოირეცხება ცურვის დროს, მთავარია სწრაფად წაისვათ და წასმისთანავე დაჩრდილოთ.



აქტუალური ტონებია: მარჯნისფერი, ნაზი ვარდისფერი, ატმისფერი. ისინი აცოცხლებენ და ბუნებრივ ფერს ანიჭებენ სახეს.

თვალები: აქცენტები გადაჭარბების გარეშე

ტუში ისეთი პროდუქტია, რომლის სანაპიროზე გამოყენებისას მეტი სიფრთხილე გმართებთ, ის აუცილებლად წყალგაუმტარი უნდა იყოს, რადგან მაღალი სიცხისა და ტენიანობის პირობებში სწრაფად შეუძლია დაკარგოს ფორმა, წყალგაუმტარი ტუშიც კი შეიძლება ჩამოირეცხოს მარილიან წყალში, ამიტომ, უმჯობესია პროდუქტი წინასწარ გამოსცადოთ მოგზაურობამდე. ასევე შეგიძლიათ დამატებით გამოიყენოთ წამწამების პრაიმერი - ეს გაზრდის გამძლეობას და ფიქსაციას.

წარბები: მსუბუქი ფიქსაცია

წარბებისთვის იდეალურია ღია ელფერის გელი. ის ხაზს უსვამს ფორმას და აფიქსირებს წარბებს, ასეთი გელების უპირატესობა გამძლეობა და წასმის სიმარტივეა. ფუნჯის ერთი-ორი მოსმა და წარბები მთელი დღის განმავლობაში მოწესრიგებულია. მით უფრო რომ თანამედროვე ფორმულები შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც მდგრადია ტენიანობისა და ოფლის მიმართ.

ტუჩები: მოვლა და დაცვა

ტუჩების კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მზის მიმართ. ის მიდრეკილია გამოშრობისა და დახეთქვისკენ, ამიტომ, ზღვაზე ყოფნისას უმჯობესია თავი აარიდოთ სქელ ტექსტურებს და უპირატესობა მიანიჭოთ დამატენიანებელ ბალმებს SPF-ით. ისინი იცავენ, არბილებენ და ანიჭებენ ტუჩს ღია ელფერს.

მთავარი წესი: კომფორტი

სანაპიროზე მაკიაჟი არ არის ვალდებულება, ეს თქვენი არჩევანია, ამიტომ მნიშვნელოვანია, პროდუქტები ადაპტირებული იყოს პირობებთან: არ ამძიმებდეს კანს, არ საჭიროებდეს მუდმივ კორექციას და არ იწვევდეს დისკომფორტს. ეს მიდგომა საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ სუფთა და მოვლილი იერი კანის ჯანმრთელობისა და კომფორტის შელახვის გარეშე.