5 ნაკლებად ცნობილი ფილმი, რომელიც სამყაროს ახალი ხედვით დაგანახებთ
- 24.09.2025

ამ შესანიშნავ, მაღალრეიტინგულ ფილმებს არც ოსკარი აუღიათ და არც კინოთეატრებში გაყიდულა რეკორდულად ამ სეანსის ბილეთები, თუმცა, თუ ღრმა და საინტერესო კინოსურათის მოყვარული ხართ, მათი ყურება ნამდვილად ღირს.
„გოლგოთა“ (2013)
ფილმი იმედის ძიებაზეა ამ უსამართლო სამყაროში - მღვდელი პასტორ ჯეიმსი პროვინციულ ირლანდიურ სოფელში ცხოვრობს. მის ეკლესიაში ცოტა მრევლია, მღვდელი თითოეულ მათგანს პირადად იცნობს. ის ყოველთვის მზადაა მოუსმინოს და დაეხმაროს თავის სამწყსოს. სწორედ ამიტომ, ყველას უყვარს ჯეიმსი და მას მტრები არ შეიძლება ჰყავდეს, მაგრამ ერთ დღეს მის მშვიდ ცხოვრებას არღვევს მამაკაცი, რომელიც აღსარებაზე მივიდა და უთხრა, რომ ბავშვობა პედოფილმა მღვდელმა დაუნგრია. ის აღიარებს, რომ დიდი ხანია შურისძიების გეგმას აწყობდა, მაგრამ მხოლოდ დამნაშავის გარდაცვალების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ მისი ახალი მსხვერპლი პასტორი ჯეიმსი ყოფილიყო.
კაცი თავის გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ ცუდი მღვდლის სიკვდილს არავინ მიაქცევს ყურადღებას, მაგრამ კარგი მღვდლის მკვლელობამ შეიძლება საზოგადოება დააფიქროს.
ფილმი „გოლგოთა“ სავსეა სახარებისეული მინიშნებებით (ფილმში 12 მეორეხარისხოვანი პერსონაჟიც კია - იმდენივე, რამდენიც ქრისტეს მოწაფე იყო, რომლებმაც თავი გასწირეს სხვა ადამიანების ცოდვებისთვის). თუმცა, ეს არ არის ამაღლებული და ქადაგების მოყვარული არტჰაუსი, არამედ რეჟისორ მარტინ ჯონ მაკდონოს დინამიური და გარკვეულწილად ცინიკური ნამუშევარია, რომელიც აერთიანებს კომედიის, ღრმა ფილოსოფიური დრამისა და ხარისხიანი დეტექტიური ისტორიის ელემენტებს არაპროგნოზირებადი დასასრულით.
„ცხოვრება იღვიძებს“ (2001)
ფილმი ყველაზე უჩვეულო კინოკვლევაა სიზმრების თემაზე. მთავარი გმირი ბავშვობის მეგობრისგან უცნაურ წინასწარმეტყველებას იღებს, მრავალი წლის შემდეგ კი ავარიაში ყვება. თუმცა, თვალების გახელის მერე, ხვდება, რომ სინამდვილეში არანაირი ტრაგედია არ მომხდარა. ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ამ მომენტიდან ის ცდილობს გაარკვიოს, სად გადის ზღვარი, სიზმრების სამყაროსა და მატერიალურ სამყაროს შორის.
არისტოტელესა და ნიცშეს ლექციებით, ნათელი სიზმრების მოყვარულთა გამოცდილების შესწავლით და საოცარი ბედისწერის მქონე ექსცენტრიულ პერსონაჟებთან ურთიერთობით, მთავარი გმირი ბევრ ახალ რამეს სწავლობს, მაგრამ მისი მიგნებები მხოლოდ ილუზიაა იმისა, რომ ის სიმართლეს უახლოვდება. სინამდვილეში, სიუჟეტის ყოველი ახალი შემობრუნებით ის მხოლოდ უფრო და უფრო იბნევა და საბოლოოდ კარგავს სიტუაციის კონტროლს. და როგორ უნდა იცოდეს ახლა, სძინავს თუ არა? და თუ სძინავს, მაშინ როგორ უნდა გაიღვიძოს საბოლოოდ?
ფილმის უცნაური სიუჟეტი მაყურებელს ჭეშმარიტად მედიტაციურ, თითქმის ჰიპნოზურ მდგომარეობაში ამყოფებს.
„ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია“ (2016)
წარმატებული მწერალი ლუი, რომელიც მენტალურ პრობლემებს ებრძვის, დიდი ხნის შემდეგ სახლში ბრუნდება, რათა ოჯახს საშინელი ამბავი მოუყვეს. ოჯახი აღფრთოვანებულია მისი მოულოდნელი ვიზიტით. ლუი კი ამდენ ხალხში თავს მარტო გრძნობს, მთავარი გმირი შინაგანი კონფლიქტებით იტანჯება, მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევს, მხოლოდ მისი ძმის ცოლი ხედავს, რომ ლუისთან რაღაც რიგზე არ არის, მაგრამ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, მთავარი გმირი სულ უფრო ჩუმად არის, რაც საყვარელ ადამიანებს საშუალებას აძლევს, ჯერ ფარულად, შემდეგ კი საკმაოდ ღიად დააბრკოლონ იგი დაგროვილი პრეტენზიებითა და წყენით. რა მოხდება, როდესაც ემოციური დაძაბულობა პიკს მიაღწევს? შეძლებს თუ არა ლუი შესაფერისი მომენტის პოვნას იმ სევდიანი სიტყვების სათქმელად, რის გამოც სახლში დაბრუნდა? და შეიცვლება თუ არა რამე, როდესაც მისი ოჯახი სიმართლეს გაიგებს?
ეს ფილმი არის აპოკალიფსზე, რომელსაც არავინ ამჩნევს და მარტოობაზე, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა უახლოესი ადამიანების გარემოცვაში.
„ბანში ინიშერინი“ (2022)
ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ ანგრევს სხვისი „სხვაობის“ მიღებისა და საკუთარი აზრის ქონის უფლების არქონა ყველაზე ძლიერ ურთიერთობებს.
დავუშვათ, გყავთ საუკეთესო მეგობარი, რომელსაც მრავალი წელია იცნობთ, შეგიძლიათ ყველაფერზე ესაუბროთ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ მეგობართან მიდიხართ სტუმრად და ის... სკამზე ზის, ეწევა და ყურადღებას არ გაქცევთ. შემდეგ თქვენ ერთმანეთს კაფეში შეხვდებით, ის გულწრფელად გეუბნებათ, რომ აღარ მოსწონხართ, ამიტომ აღარ გესაუბრებათ.
ფილმი დაგაფიქრებთ იმაზე, თუ როგორ იბადება და როგორ კვდება მეგობრობა; რატომ არის ასე რთული იმ ადამიანებთან განშორება, რომლებთანაც კომუნიკაცია უბრალოდ დასრულდა.
„იდეალური დღეები“ (2023)
ფილმი იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება იყოს უბრალო ქალაქის ტუალეტის დამლაგებელი თქვენზე ბევრად ბედნიერი და რა უნდა ისწავლოთ მისგან.
„იდეალური დღეები“ ყველაზე მსუბუქი და შთამაგონებელი ფილმია. მისი მთავარი პერსონაჟია ხანდაზმული მამაკაცი, სახელად ჰირაიამა, რომელსაც უყვარს ძველი კასეტების მოსმენა და პარკში ხეების გადაღება. იაპონელი მამაკაცის მთელი ცხოვრება ასკეტური და სტრუქტურირებულია: ის დილით ადრე დგება, რწყავს ოთახის მცენარეებს და მიდის სამსახურში, საღამოობით კი საზოგადოებრივ აბანოს, შემდეგ კი იაფფასიან კაფეს სტუმრობს. მეორე დღეს ყველაფერი ისევ მეორდება. დღეები კვირებად იქცევა, კვირები კი - წლებად.
და სულ ესაა? რისთვის ცხოვრობს ჰირაიამა? და რაც მთავარია, რატომ გამოიყურება ის ბედნიერად, როცა ასეთი უღიმღამო და მოსაწყენი ცხოვრება აქვს? მაყურებელს ფილმის ფინალამდე მოუწევს ამის გარკვევა.
რაც უფრო მეტად გამოვლინდება მთავარი გმირის ხასიათი სირთულეებთან შეხვედრისას და სხვა პერსონაჟებთან ურთიერთობისას, მით უფრო ნათლად გაიგებთ, როგორ არის სტრუქტურირებული მისი შინაგანი სამყარო - შესაძლოა, ჰირაიამას ბედნიერების საიდუმლოს აღმოჩენის შემდეგ, თქვენს ცხოვრებას სულ სხვა თვალით და პერსპექტივით შეხედოთ.