LIFE

რა არის ციფრული მარტოობის ფენომენი და როგორ გავუმკლავდეთ მას

რა არის ციფრული მარტოობის ფენომენი და როგორ გავუმკლავდეთ მას

სოციალური ქსელები ქმნის ილუზიას, რომ მარტო არ ვართ. თუმცა, ასობით მოწონება და კომენტარი, სამწუხაროდ, არ არის მეგობრობის მაჩვენებელი და საიმედოობის გარანტია. ჩვენ ვცდილობთ, ყურადღება მივიპყროთ და სამყაროსთან კავშირი შევინარჩუნოთ, მაგრამ საბოლოოდ ისე მარტო აღმოვჩნდებით, როგორც არასდროს.

ციფრული მარტოობის ფენომენი

ციფრული მარტოობა პარადოქსული მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი, სოციალურ პლატფორმებზე მუდმივი და აქტიური ციფრული კომუნიკაციის მიუხედავად, განიცდის იზოლაციის, სიცარიელის და რეალური ემოციური სიახლოვის ნაკლებობას.

მარტოობა და ფსიქიკური არასტაბილურობა ამ თაობის დაავადებაა და ეს დასტურდება არა მხოლოდ სპეციალისტების კვლევებითა და დაკვირვებებით, არამედ ახალგაზრდების ქცევითაც სოციალურ ქსელებში. საზოგადოებრივი ისტერიკის ტენდენცია, ოჯახის ინსტიტუტის უნდობლობა, მეგობრობაში იმედგაცრუება, საკუთარი თავის მუდმივი ძიება, წარსულში დაბრუნების მცდელობები, სადაც იყო რაღაც ღირებული, უფროსი თაობების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება და უშედეგო მცდელობები, ტექნოლოგიების პროგრესის დამსახურებაა.

ადამიანებს აქვთ მუდმივი განცდა, რომ მხოლოდ სმარტფონს შეუძლია მათი მიღება ისეთებად, როგორებიც არიან, თუმცა ფოტოების გამოქვეყნებაც და პასიური ყურებაც მხოლოდ ზრდის მარტოობას და არ აშორებს მას.

როგორ ზრდის სოციალური ქსელები ჩვენს მარტოობას?

1. ონლაინ ურთიერთობები არ ცვლის ცოცხალ კომუნიკაციას, სოციალური ქსელები ვერ აკმაყოფილებენ ადამიანის ღრმა სოციალურ მოთხოვნილებებს, რომლებიც ყალიბდება პირადი შეხვედრებისა და ემოციურად დატვირთული კომუნიკაციის დროს. ადამიანები თავს იზოლირებულად გრძნობენ, რადგან იძულებულნი არიან მუდმივად გაუმკლავდნენ ზედაპირულობას.

2. ზედაპირულობა და კავშირის ილუზია

კომენტარი და მოწონება ისეთი ქმედებებია, რომლებიც ჩვენგან ემოციურ ჩართულობას საერთოდ არ მოითხოვს. ჩვენ შეგვიძლია მოვიწონოთ თანაკლასელის ფოტო არა იმიტომ, რომ ის ნამდვილად მოგვწონდა, არამედ თავაზიანობის გამო. ემოციები და კომპლიმენტები ასევე არ იძლევა გულწრფელობის გარანტიას. ჩვენ ვცხოვრობთ კავშირისა და მოწონების მუდმივ ილუზიაში, რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირი არ აქვს.

3. სოციალური შედარება და შური

აქტიური მომხმარებლები ხედავენ სხვა ადამიანების ცხოვრების იდეალიზებულ სურათებს, რაც იწვევს არასრულფასოვნებისა და იზოლაციის განცდას. საკუთარი თავის „ციფრული ვერსიის“ შექმნამ შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი დისკომფორტი და უფსკრული რეალურ და ვირტუალურ იდენტობას შორის, მათ შორის შესაძლოა გააღვივოს შურის გაცდაც.

4. უპიროვნო რიცხვების დევნა

რაც უფრო მეტი გამომწერი გყავთ, მით უფრო მაღალი სოციალური სტატუსი გაქვთ, მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს, ამ ადამიანებისგან რამდენს შეგიძლიათ უწოდოთ მეგობარი? აქ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა.

5. მუდმივი მოწონების საჭიროება

მოწონებები და კომენტარები ერთგვარი ვირტუალური ჯილდოა ჩვენი ქმედებისთვის. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თუ ფოტო, რომელსაც იდეალურად მიიჩნევდით, მომხმარებლის საკმარის რეაქციებს არ იღებს, დისკომფორტს იწყებთ, ეძებთ ხარვეზებს საკუთარ თავში და ქმედებებში: არასწორი დრო, არასწორი ხელმოწერა, სულელური ფილტრი. ეს ამით არ მთავრდება და გადადიხართ შემდეგ ფაზაში, გეუფლებათ ამაზრზენი გრძნობა, რომ არ გაფასებენ და საერთოდ არ გამჩნევენ.

შესაძლებელია ციფრული მარტოობის დაძლევა?

სოციალური ქსელებით პროვოცირებული ქრონიკული მარტოობის დაძლევა შესაძლებელია, თუმცა, გამარჯვების მთავარი პირობა პრობლემის აღიარება და მზადყოფნაა, გადამწყვეტად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, რათა თავი დააღწიოთ სოციალური ქსელების კონტროლს.

დააწესეთ მკაფიო საზღვრები - მაგალითად, დაუთმეთ დღეში არაუმეტეს 3 საათისა ფიდს და მესენჯერებში კომუნიკაციას;
სცადეთ ციფრული დეტოქსიკაცია - მინიმუმამდე დაიყვანეთ სოციალური ქსელებისთვის გამოყოფილი დრო, წინასწარ გააფრთხილეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, რომ, მაგალითად, შაბათ-კვირას შეუძლიათ მხოლოდ დარეკვა, დაივიწყეთ ფიდის დაუსრულებელი თვალიერება;

გადახედეთ გამოწერებს - დატოვეთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ემოციურ სიამოვნებას განიჭებთ. გააუქმეთ ყველა ნაცნობის გამოწერა, ვისთანაც კონტაქტს არ ინარჩუნებთ - დროა, სივრცე საინფორმაციო ხმაურისგან გაათავისუფლოთ;

შეხვდით მეგობრებს - თუ გრძნობთ, რომ ცოცხალი კომუნიკაცია გაკლიათ, მოიფიქრეთ რაიმე ახალი, რათა ერთად დროის გატარება ყველასთვის სასიამოვნო იყოს.

გახსოვდეთ, სოციალური ქსელები ბოროტების მანქანა ნამდვილად არ არის, ის შესანიშნავი ინსტრუმენტია, ცხოვრების გასამარტივებლად, თუმცა აქ მთავარი მაინც ზომიერებაა.