ჯადოქრობის ახალი ერა: ჰარი პოტერის ახალი შემადგენლობა პირველად გამოჩნდა ერთად
- 26.03.2026
ჰოგვორტსის კედლებიდან წითელ ხალიჩამდე - ლონდონში ნამდვილი მაგია დატრიალდა. HBO Max-ის ოფიციალურ საღამოზე სამყარომ პირველად იხილა ის სამი ბავშვი, რომლებზეც უახლოესი ათი წლის განმავლობაში მთელი პლანეტა ისაუბრებს.
12 წლის დომინიკ მაკლაფლინი, 11 წლის არაბელა სტენტონი და ალასტერ სტაუტი ფოტოგრაფების წინაშე პირველად წარსდგნენ, როგორც ახალი ჰარი, ჰერმიონი და რონი.

ნოსტალგია და ახალი იმედები
ინტერნეტსივრცეში ფოტოების გავრცელებას ნამდვილი შტორმი მოჰყვა. ფანები გაოცებას ვერ მალავენ - 12 წლის დომინიკის გამოხედვაში ბევრი ძველ, ნაცნობ „გადარჩენილ ბიჭუნას“ ხედავს. „მას ზუსტად ისეთივე მზერა აქვს, როგორიც პატარა დანიელ რედკლიფს ჰქონდა,“ - წერენ Reddit-ზე.

თუმცა, აღფრთოვანებასთან ერთად, საზოგადოებაში ჩნდება შიშიც. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ შოუბიზნესის ხშირად სასტიკი სამყარო ამ პატარა მსახიობებს არ გატეხს.


ყველას კარგად ახსოვს „ორიგინალური სამეულის“ გზა: დანიელ რედკლიფმა, ემა უოტსონმა და რუპერტ გრინტმა შეძლეს დიდების ტვირთისთვის გაეძლოთ და დღეს წარმატებულ, რეალიზებულ ადამიანებად დარჩენილიყვნენ.
_1774547001.webp)
სკანდალი და მოლოდინი
მიუხედავად პოზიტიური განწყობისა, პროექტს სკანდალებმაც არ აუარა გვერდი. სოციალურ ქსელებში დიდი კამათი გამოიწვია პროფესორი სნეიპის როლზე პააპა ესიედუს შერჩევამ. თუმცა, თავად ჯოან როულინგი, რომელიც სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერია, პროცესში აქტიურადაა ჩართული, რაც ფანებს იმედს აძლევს, რომ სერიალი წიგნის სულისკვეთებას მაქსიმალურად შეინარჩუნებს.

როდის ვნახავთ შედეგს?
ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს, თუმცა მოთმინება მაინც დაგვჭირდება. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ეკრანებზე 2026 წლის 25 დეკემბერს, შობის დღესასწაულზე გამოვა.
რვა ეპიზოდისგან შემდგარი პირველი სეზონი შეეცდება თავიდან შეგვაყვაროს ის სამყარო, რომელზეც თაობები გაიზარდნენ.
ახალი სახეები, ახალი ემოციები და იგივე მაგია - ჰარი პოტერის ისტორია თავიდან იწერება.
თემები: სერიალი, ჰარი პოტერი