LIFE

რატომ დარჩა ჰით ლეჯერის ერთადერთი ქალიშვილი ანდერძის მიღმა: 16-მილიონიანი ქონების იდუმალი ისტორია

რატომ დარჩა ჰით ლეჯერის ერთადერთი ქალიშვილი ანდერძის მიღმა: 16-მილიონიანი ქონების იდუმალი ისტორია

ჰით ლეჯერის მოულოდნელმა გარდაცვალებამ 2008 წელს მსოფლიო შოკში ჩააგდო. „ბნელი რაინდის“ ვარსკვლავი სულ რაღაც 28 წლის იყო, როდესაც ტრაგიკულად დაიღუპა. თუმცა, გარდა ნიჭიერი მსახიობის დაკარგვისა, საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთმა დეტალმა მიიპყრო: აღმოჩნდა, რომ მის 16.3-მილიონიან ქონებაზე შედგენილ ანდერძში მისი ერთადერთი ქალიშვილი, მატილდა, საერთოდ არ იყო ნახსენები.

დაგვიანებული ანდერძი და ოჯახის კეთილი ნება

მიზეზი, რის გამოც მატილდა ანდერძის მიღმა დარჩა, საკმაოდ მარტივი, თუმცა საბედისწერო აღმოჩნდა: ჰითმა დოკუმენტი 2003 წელს შეადგინა - ორი წლით ადრე, სანამ ქალიშვილი შეეძინებოდა. ანდერძის მიხედვით, მთელი მისი ქონება მშობლებსა და დებს ეკუთვნოდათ.

მიუხედავად იურიდიული ჩანაწერისა, ლეჯერის ოჯახმა უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მსახიობის სურვილებსა და ღირებულებებს შეესაბამებოდა. მათ მთელი ქონება მატილდას გადასცეს.

„ჩვენმა ოჯახმა ყველაფერი მატილდას აჩუქა. კითხვაც კი არ დასმულა იმის შესახებ, რომ ჰითის ქონება მის ქალიშვილს არ ეკუთვნოდა. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მიშელთან (უილიამსთან) და მატილდასთან,“ - განაცხადა მსახიობის მამამ, კიმ ლეჯერიმ.

კოლეგების არაჩვეულებრივი ჟესტი

მატილდაზე ზრუნვა მხოლოდ ოჯახმა არ იტვირთა. ჰითის მეგობრებმა და კოლეგებმა - ჯონი დეპმა, კოლინ ფარელმა და ჯუდ ლოუმ - ნამდვილი ჰოლივუდური კეთილშობილება გამოიჩინეს. მათ დაასრულეს ლეჯერის ბოლო ფილმი „დოქტორ პარნასის ფანტაზიორიუმი“, სადაც მსახიობის პერსონაჟის სხვადასხვა ვერსიები განასახიერეს, ხოლო ფილმიდან მიღებული მთლიანი ჰონორარი მატილდას გადაურიცხეს.

როგორ ცხოვრობს დღეს 20 წლის მატილდა?

მატილდა ლეჯერი დღეს უკვე 20 წლისაა. ის დედასთან, ოსკაროსან მსახიობ მიშელ უილიამსთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მატილდა მამის გარეშე გაიზარდა, მის გარემოცვაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჰითის დანაკლისს უვსებდნენ. მათ შორის არის სერიალ „მემკვიდრეობის“ ვარსკვლავი ჯერემი სტრონგი, რომელიც მიშელისა და მატილდას გვერდით იყო მათთვის ყველაზე მძიმე პერიოდში.

მატილდას სამსახიობო სამყაროსთან სხვა მჭიდრო კავშირებიც აქვს - მისი ნათლიები ჯეიკ ჯილენჰალი და ბიზი ფილიპსია.

ჰით ლეჯერი ქალიშვილის დაბადებიდან მალევე ამბობდა: „მამობა ჩემს ყველა მოლოდინს აჭარბებს. ეს ყველაზე საოცარი გამოცდილებაა, რაც კი ოდესმე მქონია“. მიუხედავად იმისა, რომ მას არ დასცალდა შვილის გაზრდა, მისმა ახლობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მატილდას მამისგან დატოვებული მატერიალური თუ მორალური მემკვიდრეობა სრულად მიეღო.