LIFE

ბელა ჰადიდი მძიმე დაავადებას ებრძვის: „დეპრესიისა და იზოლაციის განცდა მაქვს, სხეული გონებას არ მემორჩილება“

ბელა ჰადიდი მძიმე დაავადებას ებრძვის: „დეპრესიისა და იზოლაციის განცდა მაქვს, სხეული გონებას არ მემორჩილება“

ცნობილი ამერიკელი სუპერმოდელი, 29 წლის ბელა ჰადიდი, ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებსა და თანმდევ ფსიქოლოგიურ კრიზისზე სოციალურ ქსელში გულახდილად ალაპარაკდა. მოდელმა ინსტაგრამის გამომწერებს საკუთარი ემოციური მდგომარეობა გაუზიარა და აღიარა, რომ ამჟამად მძიმე დეპრესიასა და სრულ იზოლაციას ებრძვის.

„ვისურვებდი, ასეთი საშიში და რთული ასახსნელი არ იყოს ის ტკივილი, გამოფიტვა, დაღლილობა, შფოთვა და გონებრივი ნისლი, რაც ქრონიკულ დაავადებებსა და ფსიქოლოგიურ ტრავმებს ახლავს,“ - დაწერა ბელამ.

„სამზარეულომდე ძლივს მივედი“ - მოდელის ყოველდღიური ბრძოლა

მოდელმა თვალცრემლიანი სელფიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დაავადების მორიგ გამწვავებას ვერაფრით უმკლავდება. მისი თქმით, 11-საათიანი ძილის შემდეგაც კი ორგანიზმი სრულად გამოფიტული აქვს და ექიმების მიერ დანიშნული არცერთი პროტოკოლი ამჯერად არ შველის.

ბელამ იუმორითაც სცადა მდგომარეობის შემსუბუქება და აღნიშნა, რომ სამზარეულომდე მისვლისას სუნთქვა შეეკრა, თუმცა ერთი პატარა გამარჯვება მაინც მოიპოვა:

„დღეს ისე მივიღე შხაპი, რომ გული არ წამსვლია... ვინც ამ მდგომარეობაში ყოფილა, გაიგებს - ეს ჩემთვის დღეს მართლაც დიდი მიღწევა იყო.“

მოგვიანებით სუპერმოდელმა გამომწერებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ თავისი რეალობით შესაძლოა ვინმე შეაშინა ან აღელვა: „ეს ჩემი ყოველდღიურობაა ბოლო 15 წელია. უბრალოდ, ემოციებმა მძლია იმის გამო, რომ ჩემს გონებას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, სხეულს კი - აღარ.“

ოჯახური სენი - რა სჭირს ბელა ჰადიდს?

ბელა ჰადიდს ლაიმის დაავადების (ტკიპისმიერი ბორელიოზი) დიაგნოზი ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში დაუსვეს. ვარსკვლავი ხშირად აზიარებს ხოლმე კადრებს საავადმყოფოდან და პერიოდულად სოციალური სივრციდან ქრება, რის გამოც ფანებს ყოველთვის უხდის ბოდიშს.

აღსანიშნავია, რომ ეს მძიმე ქრონიკული სენი ჰადიდების ოჯახისთვის უცხო არ არის. ლაიმის დაავადებას ბელასთან ერთად მისი დედა, იოლანდა ჰადიდი და ძმა, ანვარ ჰადიდიც ებრძვიან.

რთულ პერიოდში მოდელს მხარდაჭერა და სიყვარული დას, ჯიჯი ჰადიდს, და დედას არ მოუკლიათ, რომელმაც ბელას საჯაროდ „ლაიმის ნამდვილი მეომარი“ უწოდა.