არსებობს მოსაზრება, რომ მაღაზიებში სიარული ბედნიერებაა. ნამდვილად! შოპინგს აქვს ძალა და ის მართლაც ემოციური პროცესია.
მიდიხარ მაღაზიაში, ყიდულობ ახალ სამოსს ან აქსესუარს და ხარ ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ეს ემოცია ქრება. როგორც კი ის „რაღაც“ შენი ხდება, ძალიან მალე „ჩვეულებრივდება“. შეიძლება იმედგაცრუებაც იგრძნო და ახლის ძიება დაიწყო - წახვიდე და ისევ რაღაც იყიდო. ასე შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. სიახლის მოთხოვნილება მაღაზიიდან მაღაზიაში სიარულად იქცეს.
მოდი, ვილაპარაკოთ იმ სასიამოვნო დღეებსა და ემოციებზე, რომლებიც უფრო დიდხანს გაგვყვება, შეიძლება მთელი ცხოვრებაც.
ფსიქოლოგი თომას გილოვიჩი დიდხანს აკვირდებოდა მოგზაურებსა და მყიდველებს, მათ განცდებს. კვლევის პროცესში დადასტურდა, რომ ყიდვაც და მოგზაურობაც ერთნაირად სიხარულის მომგვრელია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის დასასრულს გაირკვა: მოგზაურობის შემდეგ ემოციები დიდხანს გრძელდება და ადამიანის მეხსიერებაში წლობით, თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება იმ დროს მიღებული შთაბეჭდილებები; ახალი ნივთის შეძენით გამოწვეული სიხარული, აღტაცება და ბედნიერების შეგრძნება კი მალევე ქრება.
რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილი, ახალი ტანსაცმელი ან თუნდაც ახალი სახლი ფანტასტიკური ემოციებით გტვირთავს, მაგრამ... მაგრამ მალე მოდის შეგუება და ყველაფერი ძველ კალაპოტს უბრუნდება...
ყველაფერი ის, რასაც მოგზაურობა მოიცავს - ახალი ქალაქები, ახალი ქვეყნები, ახალი სამყარო, მოულოდნელობა და ხიფათიც კი - ყველაზე ხანგრძლივად აბედნიერებს ადამიანს.
ასე რომ, იმოგზაურე!!! ის გაცილები მეტს მოგცემს, მეტად გაგაბედნიერებს, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური შენაძენი.
თემები: მოგზაურობა, ბედნიერება