ჯანმრთელობა

7 შეცდომა, რომელსაც ქალები საცვლების არჩევისა და მოვლის დროს ხშირად უშვებენ

7 შეცდომა, რომელსაც ქალები საცვლების არჩევისა და მოვლის დროს ხშირად უშვებენ

საცვლების არჩევისას ბევრ ქალს შეიძლება ეგონოს, რომ მთავარია სწორი ზომა და ლამაზი დიზაინი.

თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში კიდევ არაერთ დეტალს აქვს მნიშვნელობა - როგორ ვინახავთ ბიუსჰალტერს, რამდენად ხშირად ვცვლით მას და გვერგება თუ არა კონკრეტული ზომა სხვადასხვა ბრენდში.

გთავაზობთ 7 გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც ხშირად უშვებთ

1. კომპლექტის მნიშვნელობას უგულებელყოფთ

ბიუსჰალტერისა და ტრუსის ერთიან კომპლექტად ტარება მხოლოდ გარეგნულად ლამაზი არჩევანი არ არის. წყაროს მიხედვით, შეხამებული საცვლების ტარებამ შეიძლება ქალს საკუთარი თავის მიმართ უკეთესი განცდაც შეუქმნას.

ამიტომ, თუ ხშირად ფიქრობთ, რომ ფერებისა და დიზაინის შეხამებას მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლოა, ეს პატარა დეტალი მაინც გაითვალისწინოთ.

2. საცვლებს არასწორად ინახავთ

ბიუსჰალტერების უბრალოდ უჯრაში ჩაყრა შეიძლება მათი დაზიანების მიზეზი გახდეს.

განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე ბიუსჰალტერს ერთმანეთზე ვაწყობთ ან ვკუჭავთ. ამ დროს კარკასი შეიძლება დაიღუნოს, ფორმა შეიცვალოს და საცვალი მალე გაფუჭდეს.

უმჯობესია, ბიუსჰალტერები ისე შეინახოთ, რომ არ დაიჭმუჭნოს და სხვა ნივთებმა ზედმეტი ზეწოლა არ მოახდინოს.

3. მხოლოდ ერთი ზომის ბიუსჰალტერი გაქვთ

შესაძლოა, თქვენი ჩვეულებრივი ზომა ზუსტად იცოდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ზომა დაგჭირდებათ.

წყაროში აღნიშნულია, რომ მკერდის ზომაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს წონის ცვლილებამ და მენსტრუალურმა ციკლმა.

ამიტომ სხვადასხვა პერიოდში ერთი და იმავე მოდელის ოდნავ განსხვავებული ზომა შესაძლოა უფრო კომფორტული აღმოჩნდეს.

4. ერთსა და იმავე ბიუსჰალტერს ძალიან ხშირად ატარებთ

ერთი საყვარელი ბიუსჰალტერი შეიძლება იმდენად კომფორტული იყოს, რომ მისი ჩაცმა ყოველდღე მოგინდეთ.

თუმცა, რეკომენდირებულია ბიუსჰალტერები ერთმანეთში მონაცვლეობით ატაროთ და ერთი და იგივე მოდელი ზედიზედ ძალიან ხშირად არ ჩაიცვათ.

საცვლის რეგულარული შეცვლა და დასვენების საშუალება მის ფორმასა და ელასტიკურობასაც ეხმარება.

5. სპორტული ბიუსჰალტერი მორგებული არ გაქვთ

ვარჯიშისთვის ჩვეულებრივი ბიუსჰალტერის გამოყენება ყოველთვის საუკეთესო არჩევანი არ არის.

სპორტული აქტივობის დროს მკერდს მეტი მხარდაჭერა სჭირდება, განსაკუთრებით სირბილისა და აქტიური ვარჯიშის შემთხვევაში. ამიტომ სპორტული ბიუსჰალტერის სწორად შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ყოველდღიური მოდელის მორგება.

6. ძველ საცვლებს ზედმეტად დიდხანს ინახავთ

საყვარელი ან ძვირადღირებული ბიუსჰალტერის გადაგდება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის იშვიათად გეცვათ.

თუმცა საცვალი, რომელსაც ყოველდღიურად ატარებთ, დროთა განმავლობაში კარგავს ფორმასა და ელასტიკურობას. ამიტომ პერიოდულად ღირს საკუთარი უჯრის გადახედვა და იმ მოდელების გამოცვლა, რომლებიც უკვე გაცვეთილია.

7. ფიქრობთ, რომ ერთი ზომა ყველა მაღაზიაში ერთნაირია

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ის არის, რომ ქალებს ჰგონიათ - თუ ერთ მაღაზიაში კონკრეტული ზომა მოერგოთ, სხვაგანაც ზუსტად იგივე ზომა უნდა ჰქონდეთ.

რეალურად, სხვადასხვა ბრენდისა და მწარმოებლის ზომები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ამიტომ ახალი ბიუსჰალტერის ყიდვისას მხოლოდ ეტიკეტზე მითითებულ ზომას ნუ დაეყრდნობით - უმჯობესია, მოიზომოთ და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად კომფორტულად გერგებათ.

საბოლოოდ, ლამაზი საცვალი მხოლოდ გარეგნობაზე არ არის დამოკიდებული. სწორი ზომა, კომფორტი და მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფერი და დიზაინი.