სილამაზე მხოლოდ გენეტიკა და კოსმეტიკა არ არის - 7 ჩვევა, რომელიც გარეგნობაზე მოქმედებს
- 24.09.2026
კარგი გარეგნობისთვის ძვირადღირებული კოსმეტიკა და უამრავი პროცედურა ყოველთვის აუცილებელი არ არის. კანისა და სხეულის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ისიც, როგორ ვიკვებებით, რამდენად გვძინავს, ვმოძრაობთ თუ არა და რამდენად ვუფრთხილდებით საკუთარ თავს.
ზოგი ჩვევა შეიძლება ძალიან უბრალო ჩანდეს, მაგრამ მათი ყოველდღიურად დაცვა დროთა განმავლობაში გარეგნობაზეც აისახება.
1. ეცადეთ, რაციონი ფერადი იყოს
რაც უფრო მრავალფეროვანია ხილისა და ბოსტნეულის არჩევანი, მით მეტი სხვადასხვა საკვები ნივთიერება ხვდება ორგანიზმში.
მწვანე, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ლურჯი პროდუქტების მონაცვლეობა ყოველდღიურ რაციონს უფრო მრავალფეროვანს გახდის. სასურველია, ნაკლებად ხშირად მიირთვათ შაქრით, გაჯერებული ცხიმებითა და სხვა დანამატებით დატვირთული ულტრადამუშავებული საკვები.
2. კანი მზისგან დაიცავით
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება კანის ნაადრევ დაბერებასთან და კანის კიბოს რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ მზისგან დაცვა მხოლოდ ზაფხულში ან სანაპიროზე არ არის საჭირო.
დერმატოლოგები ყოველდღიურად გირჩევენ ფართო სპექტრის, წყალგამძლე მზისგან დამცავ საშუალებებს SPF 30 ან უფრო მაღალი მაჩვენებლით.
3. მეტი იმოძრავეთ
ფიზიკური აქტივობა მხოლოდ წონის კონტროლს არ ემსახურება. რეგულარული მოძრაობა ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია და განწყობის გაუმჯობესებასაც უკავშირდება.
არ არის აუცილებელი ყოველდღე რთული ვარჯიში - სწრაფი სიარული, ცეკვა, ველოსიპედი ან თქვენთვის სასიამოვნო სხვა აქტივობაც კარგი დასაწყისია.
4. დღეში ცოტა ხნით ყველაფერს გამოეთიშეთ
სტრესს კანისა და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა, ამიტომ დასვენება ფუფუნება არ არის.

ეცადეთ, ყოველდღე ცოტა ხნით მაინც გადადოთ ტელეფონი და საქმეები - გაისეირნოთ, წაიკითხოთ, მიიღოთ აბაზანა, მოუსმინოთ მუსიკას ან უბრალოდ მშვიდად იყოთ.
5. იძინეთ საკმარისად
უძილობა მხოლოდ დაღლილ სახეს არ ნიშნავს. ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ჯანმრთელობისთვის. ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია, როგორც წესი, ღამეში მინიმუმ 7 საათი ძილი.
ამიტომ გვიანობამდე ტელეფონთან ყოფნის ნაცვლად, შეძლებისდაგვარად, შეინარჩუნეთ ძილის სტაბილური რეჟიმი.
6. დალიეთ საკმარისი წყალი
ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სითხე სჭირდება. თუმცა ყველასთვის ერთი კონკრეტული რაოდენობის წყლის დალევა აუცილებელი არ არის - საჭიროება დამოკიდებულია ასაკზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ამინდსა და სხვა ფაქტორებზე.
მნიშვნელოვანია, დღის განმავლობაში წყლის მიღება ჩვევად აქციოთ და ძლიერი წყურვილის განვითარებას არ დაელოდოთ.
7. საკუთარ თავზე ზრუნვა გარეგნობაზეც აისახება
მუდმივი ნეგატიური ფიქრები და გადაღლა ყოველდღიურ ცხოვრებასაც ართულებს. ამიტომ საკუთარ თავზე ზრუნვა მხოლოდ კანის კრემებსა და მაკიაჟს არ უნდა ნიშნავდეს.

მეტი მოძრაობა, ნორმალური ძილი, მრავალფეროვანი კვება, დასვენება და მზისგან დაცვა ის ჩვევებია, რომლებიც ყოველდღიურად შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე კიდევ ერთი ახალი კოსმეტიკური პროდუქტის ყიდვა.
კარგი გარეგნობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საიდუმლო სწორედ ყოველდღიური ჩვევებია - შედეგი კი ერთ დღეში არა, დროთა განმავლობაში ჩნდება.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია