LIFE

თუ გრძელი გზა გელოდებათ, ეს 5 წიგნი წაიღეთ - ისტორიები, რომლებშიც საკუთარ თავსაც იპოვით

თუ გრძელი გზა გელოდებათ, ეს 5 წიგნი წაიღეთ - ისტორიები, რომლებშიც საკუთარ თავსაც იპოვით

გრძელი მგზავრობისას დროის გასაყვანად ფილმის ჩართვა ყველაზე მარტივი არჩევანია, თუმცა ზოგჯერ ერთი კარგი წიგნი გაცილებით მეტს გვაძლევს - გვართობს, გვამშვიდებს და შეიძლება საკუთარ თავზე ისეთი რამ დაგვანახოს, რაზეც ყოველდღიურობის დროს იშვიათად ვფიქრობთ.

გრძელი მგზავრობისთვის ხუთი წიგნი შეგირჩიეთ, რომლებიც მარტივად იკითხება, ზედმეტად მძიმე არ არის და ამავდროულად ადამიანურ ურთიერთობებზე, საკუთარ თავთან მიღებაზე, დანაკარგზე, თავისუფლებასა და ცხოვრების აზრზე გვაფიქრებს.

ანა გავალდას „35 კილო იმედი“

ანა გავალდას ეს რომანი მოზარდებისთვისაა დაწერილი, თუმცა მასში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი სათქმელი მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის. წიგნი საკუთარ თავთან მიღებაზე, ოცნებების ძიებასა და იმაზეა, როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობები მაშინაც იპოვოს, როცა სხვებს მისი არ სჯერათ.

მთავარი გმირი 13 წლის გრეგუარია, რომელსაც სკოლაში სწავლა უჭირს და ამის გამო თავს წარუმატებლად მიიჩნევს. მისი ცუდი ნიშნები მშობლებს შორის კონფლიქტის მიზეზიც ხდება, რის გამოც ბიჭი საკუთარ თავს ოჯახის პრობლემებში დამნაშავედაც კი აღიქვამს.

მისი მთავარი თავშესაფარი გამოგონებები და ბაბუაა, რომელთან ერთადაც სხვადასხვა ნივთის შექმნა უყვარს. ერთ დღეს გრეგუარი იგებს სპეციალური ლიცეუმის შესახებ, სადაც სასკოლო საგნებთან ერთად ხელობასაც ასწავლიან - და სწორედ აქ ჩნდება შესაძლებლობა, რომ მან საკუთარი გზა იპოვოს.

ფრედრიკ ბაკმანის „მშფოთვარე ადამიანები“

თუ ფრედრიკ ბაკმანის „მოხუცი კაცის მეორე სიცოცხლე“ მოგწონთ, „მშფოთვარე ადამიანები“ შესაძლოა სწორედ ის წიგნი იყოს, რომელსაც მოგზაურობისას სიამოვნებით წაიკითხავთ.

რომანში მწერალი ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა თანაგრძნობა, ადამიანის მოსმენის საჭიროება და პატიების შესაძლებლობა.

სიუჟეტის ცენტრში შვედური ქალაქის რამდენიმე მცხოვრებია. წარუმატებელი ძარცვის შემდეგ დამნაშავე რვა ადამიანს მძევლად აიყვანს. ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან და თითოეულს საკუთარი პრობლემა აქვს.

მძევლად ყოფნისას კი უცნაური რამ ხდება - ადამიანები ერთმანეთს საკუთარ ისტორიებს უზიარებენ და ნელ-ნელა ხვდებიან, რომ მათზე ბევრად მეტი საერთო აქვთ, ვიდრე თავიდან ეგონათ. ეს არაორდინარული სიტუაცია თითოეულ მათგანს საკუთარ თავში ჩახედვაში ეხმარება.

ჯოჯო მოიესის „ვარსკვლავების მბოძებელი“

ჯოჯო მოიესის „მე შენამდე“ ალბათ ბევრ მკითხველს აქვს წაკითხული, თუმცა მგზავრობისთვის გამოცემა მის კიდევ ერთ რომანს - „ვარსკვლავების მბოძებელი“ - გვთავაზობს.

ეს არის მეგობრობის შესახებ დაწერილი ისტორია, რომელიც რეალურ მოვლენებს ეფუძნება. მოქმედება 1930-იანი წლების ამერიკაში ვითარდება.

ახალგაზრდა ელისი ცოლად მიჰყვება ბენეტს, რადგან სურს მშობლების ზედმეტი მზრუნველობისგან გათავისუფლდეს. თუმცა მალე ხვდება, რომ ახალი ცხოვრებაც თავისუფლებას არ აძლევს და კვლავ სხვისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.

გაქცევის საშუალებად ელისი ადგილობრივ ბიბლიოთეკაში მუშაობას იწყებს, სადაც ოთხ საინტერესო ქალს ხვდება. სწორედ მათთან შეხვედრა ხდება მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი და გოგონა იმ თავისუფლებას პოულობს, რომელიც ასე ძალიან აკლდა.

ჯენდი ნელსონის „ცა ყველგან“

ეს წიგნი ზრდაზე, პირველ სიყვარულსა და დანაკარგთან გამკლავებაზეა.

რომანის მთავარი გმირი 17 წლის ლენია, რომლის ცხოვრებაც უფროსი დის, ბეილის, გარდაცვალების შემდეგ მთლიანად იცვლება. გოგონას უჭირს დანაკარგთან შეგუება და ჰგონია, რომ ძველ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდება.

ლენისთვის ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც საკუთარ მწუხარებაზე საუბარი შეუძლია, მისი გარდაცვლილი დის ყოფილი შეყვარებული ტობია. ისინი თანდათან უახლოვდებიან ერთმანეთს, თუმცა შემდეგ ლენის ცხოვრებაში ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი - მუსიკოსი ჯო, რომელიც პარიზიდან დაბრუნდა.

რომანის მთავარი ხაზი სწორედ ლენის შინაგანი ბრძოლაა - მან საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვეს და გაიგოს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება იმ დანაკარგის შემდეგ, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.

ჯონ სტრელეკის "კაფე მსოფლიოს საზღვარზე"

ბოლო არჩევანი მათთვისაა, ვისაც მოგზაურობისას ცოტა უფრო დაფიქრებული წიგნის წაკითხვა სურს.

ჯონ სტრელეკის რომანი თვითგანვითარებისა და ცხოვრების აზრის ძიებას ეხება. ავტორი გვთავაზობს დავფიქრდეთ, როგორ გამოვიდეთ ყოველდღიური რუტინიდან, მოვუსმინოთ საკუთარ სურვილებს და გავარკვიოთ, რა გვინდა სინამდვილეში.

მთავარი გმირი ჯონია - ოფისის ჩვეულებრივი თანამშრომელი, რომელიც თითქოს ავტოპილოტზე ცხოვრობს: სამსახური, სახლი, ისევ სამსახური. მისი ყოველდღიურობა მოულოდნელად იცვლება, როდესაც გზაში იკარგება და უცნაურ კაფეს მიადგება.

კაფეს სახელია „რატომ ხართ აქ?“, თუმცა ყველაზე უცნაური მენიუა - იქ კერძების ნაცვლად მხოლოდ სამი შეკითხვაა:

„რატომ ხართ აქ?“
„გეშინიათ სიკვდილის?“
„კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით?“

სწორედ ამ სამი კითხვის გარშემო იწყება ჯონისთვის საკუთარი ცხოვრების სხვაგვარად დანახვა.