ლიდერი ქალი სამოქალაქო საზოგადოებაში - ანა საბახტარიშვილის ნარატივი
- 08.04.2017
ხმა, რომელიც ცვლის ამბებს, ისტორიებსა და შეხედულებებს. ხმა, რომელიც ანგრევს, აშენებს და აახლებს - ეს ქალის ხმაა. ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენია, მნიშვნელოვანია ქალის ხმა ისმოდეს ხშირად და მკაფიოდ, ვინაიდან ჩვენთან გენდერული დისბალანსის საკითხი, დღემდე საკმაოდ აქტუალურია.
USAID-ის პროექტის, მმართველობა განვითარებისთვის (G4G) საქართველოში, ფარგლებში, მეწარმე ქალთა საბჭოსა და თბილისის მერიის თანამშრომლობით გამართულ ქალთა მე-3 კონფერენციაზე - “ქალის როლი ეკონომიკისა და პოლიტიკის განვითარებაში” მთავრობაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ლიდერი ქალები დასახელდნენ.
TREND. ანა საბახტარიშვილს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორსა და "ლიდერი ქალი სამოქალაქო საზოგადოებაში" ჯილდოს მფლობელს, დაბრკოლებებსა და სირთულეებზე ესაუბრა, რაც, ხშირად, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ბუნებრივად ჩნდება.
ქალის როლი, თანაბარი შესაძლებლობები, განვლილი და გასავლელი რთული გზები, გასაკეთებელი არჩევანი და წარმატებული ქალის ცხოვრების წესი - ეს ანა საბახტარიშვილის ნარატივია:
1. არსებობს თუ არა უნივერსალური წარმატების ფორმულა ქალებისთვის და თქვენს შემთხვევაში რა აღმოჩნდა წარმატების მომტანი?
ვფიქრობ, რომ წარმატების ფორმულა ცალკე ქალებისთვის და ცალკე მამრობითი სქესისთვის არ არსებობს. წარმატების არსი საკითხების მიმართ დამოკიდებულებით განისაზღვრება. ამ დამოკიდებულებაში, რა თქმა უნდა, მოვიაზრებ მოტივაციასაც, შრომასაც, რომელიც წარმატებისკენ სვლისას, საკუთარი მიზნის განხორციელებაში უნდა ჩადო და რწმენას იმისას, რომ რაღაც, აუცილებლად გამოგივა.
2. როგორ ფიქრობთ, რა წინააღმდეგობები არსებობს, რომლებიც წარმატებამდე, უკლებლივ ყველას ხვდება?
ალბათ, ჩვენი თაობის ქალების ძირითად დაბრკოლებას ის წარმოადგენს, რომ საკმაოდ მძიმე პერიოდს დაემთხვა ჩვენი ბავშვობა. იყო სტრესული გარემო, გაუმართავი განათლების სისტემა, არ არსებობდა კონკურენცია. ამან განაპირობა კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში, თავიანთ მისწრაფებებზე უარის თქმა. თუმცა, დღეს, ალბათ, რასაც ყველანი ვეჭიდებით, თქვენც, მეც და სხვებიც, ის არის, რომ გვსურს, ყველაფერი დავაბალანსოთ, ყველაფერი მოვაწყოთ დროის მოთხოვნების შესაბამისად. ხშირად, ბუნებრივია, ეს არ გამოგვდის და შესაბამისად, რაღაცების დათმობა გვიწევს. ამიტომაც, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი სირთულე, ყველაზე დიდი გამოწვევა - სწორად აირჩიო პრიორიტეტები.
3. პირადი გამოცდილებიდან თუ გახსენდებათ წინაარმდეგობები, რომლებიც გხვდებოდათ?
მე პირადად, არასდროს არ მქონია ისეთი წინააღმდეგობა ან დაბრკოლება, რომელიც მახსენდება. შესაძლოა, არ შემიმჩნევია და იდენტიფიცირება არ მომიხდენია. რომ რაღაც კონტექსტში დისკრიმინაციის მსხვერპლი ვარ ან სხვა. თუმცა, მსგავსი პრობლემები შექმნიათ ჩემს მეგობრებს, რომლებიც საკმაოდ სპეციფიკურ სფეროებში მუშაობდნენ და ეს არასასიამოვნოა, ბუნებრივია, რადგან, მოტივიაციას გაკარგვინებს და ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად გესახება.
4. როგორ ფიქრობთ, გაძლიერდა თუ არა ქალის ხმა სამოქალაქო საზოგადოებაში და არის თუ არა ერთნაირად ჟღერადი ქალისა და მამაკაცის ხმები?
არის კონკრეტული სფეროები, სადაც აბსოლუტური გენდერული ბალანსია და ეს ძალიან კარგია. თუმცა, არსებობს სფეროები, მაგალითად ბიზნეს სექტორი, სამშენებლო ბიზნესი, სადაც ნაკლებად ფიგურირებენ ქალბატონები, რაც საკმაოდ ცუდია, რადგან, ზოგადად, კვლევებიც ადასტურებენ, რომ ტოპ მენეჯმენტსა და მსგავს სფეროებში, ქალები რაოდენობრივად, უფრო განათლებულები არიან. ჩემი აზრით, ძალიან ბევრს კარგავენ ისეთი კომპანიები, რომლებიც არ აძლევენ ქალებს საშუალებას წვრილ მენეჯმენტს გასცდნენ, განვითარდნენ. მითუმეტეს, როდესაც, ბოლო კვლევების შედეგად, დასტურდება, რომ უმაღლეს განათლებას, გაცილებით მეტი, 54% ქალბატონი იღებს. ამის პარალელურად, უნდა აღინიშნოს, მსგავსი საკითხების მიმართ მედიის ყურადღების ზრდა, თავად სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული კამპანიები, რომლებიც, იმედს იძლევა, რომ ნელ-ნელა, დროსთან ერთად, მოგვეცემა საშუალება გავათანაბროთ შესაძლებლობების აღქმა, თავად შესაძლებლობები კი ისედაც თანაბარია.
5. როგორია ლიდერი ქალის ცხოვრების წესი და ყოველდღიურობა საქმიანი იმიჯის მიღმა?
მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ვცდილობ და გამომდის, რომ ჩემი ასაკის ქალბატონისთვის ადეკვატური ცხოვრების წესი მქონდეს. მყავს ძალიან საინტერესო მეგობრები, მაქვს მუდმივი განვითარებისა და სწავლის სურვილი, რადგან ვფიქრობ, რომ ამოწურვადი არ არის და ამჯერად მეორე მაგისტრატურად ვამთავრებ. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ის თავისუფალი დრო, რაც მაქვს ჩემთვის საინტერესო სფეროებს, მუსიკას, გართობას, იქნება ეს ქლაბინგი თუ სხვა. დავუთმო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, იკეტები რაღაც მიმართულებაში, რაც ჩემთვის საინტერესო არ არის და ვფიქრობ, საჭიროა, ყურადღების გადატანა, ადამიანებისთვის დროის და ყურადღების დათმობას, რომლებიც გვერდში გიდგას. ვცდილობ, ასე ვიცხოვრო.
6. რა მნიშვნელობის მქონეა წოდება "ლიდერი ქალი სამოქალაქო საზოგადოებაში" თქვენთვის?
გამომდინარე იქედან, რომ გადაწყვეტილება, ხმის მიცემის შედეგად მიიღეს ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და ჩათვალეს, რომ ნომინანტებს შორის, არჩევანი ჩემზე უნდა შეეჩერებინათ, მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის მხარდაჭერა. ამით, ფაქტობრივად გეუბნებიან, რომ რაღაცას აკეთებ და რასაც აკეთებ სწორია, გეუბნებიან, რომ გენდობიან და გაძლევენ სტიმულს, რომ უფრო მეტი გააკეთო.
7. რას ურჩევდით იმ ახალგაზრდა ქალბატონებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?
ალბათ, იმას, რომ ისიამოვნონ იმით, რასაც აკეთებენ. საქმიანობის პროცესში კი მუდმივად საქმის ხარისხის სრულყოფაზეც იმუშაონ. ვფიქრობ, რომ სიამოვნებისა და მუდმივი თვითგანვითარების სურვილის ფონზე, ყოველთვის შესაძლებელი იქნება გაცილებით დიდი მიზნების მიღწევა.
თემები: ქალები, წარმატება, წარმატებული ქალები, ნარატივი, ქალების ნარატივი, ლიდერი ქალი, სამოქალაქო საზოგადოება
Trend.ge