დაახლოებით 3 თვის ასაკიდან, შენ პატარას დღე-ღამეში (24 საათის განმავლობაში) 14-იდან 16 საათამდე უნდა ეძინოს. აქედან, ღამის ძილი 10-11 საათი უნდა გრძელდებოდეს, დანარჩენი დრო კი — დღის განმავლობაში დაახლოებით 3 ნაწილად უნდა იყოფოდეს, 6 თვის ასაკიდან კი — 2 ნაწილად. მზად იყავი, რომ 3 თვის ასაკამდე, ღამე გაღვიძება და ბავშვის გამოკვება ერთხელ ან ორჯერ მოგიწევს, 6 თვიდან კი, შესაძლოა, შენმა პატარამ ჭამისთვის ღამე საერთოდ აღარ აგაყენოს.
კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვებს ძილის უნარები 3 თვის ასაკიდან უყალიბდებათ — თუ დამოუკიდებლად იღვიძებენ, ლოგიკურად, დაძინებაც ხომ დამოუკიდებლად უნდა შეძლონ. თუმცა, ამ უნარების ჩამოყალიბება ინდივიდუალურია და იმ რეჟიმზეა დამოკიდებული, რომელსაც შენ უნდა მიაჩვიო.
როგორ დავეხმაროთ 3-6 თვის ბავშვს ძილის უნარების ჩამოყალიბებაში?
1. დააწესე ძილის და თვლემის დრო
ახალდაბადებულის შემთხვევაში, ბავშვის მიმიკებზე დაკვირვებით, მარტივად შეიძლება განსაზღვრა, როდის მოერევა ძილი. 3 თვის ასაკიდან კი, სასურველია, ღამის ძილის და შუადღის თვლემის კონკრეტული დრო დააწესო, მათი საშუალებით, ბავშვს ძილის სტრუქტურის დარეგულირებაში დაეხმარები: ღამის ძილისთვის ყველაზე კარგი დრო საღამოს 7-იდან 8:30-მდეა. თუ ამაზე გვიან დააწვენ, გადაიღლება და ჩაძინებაც გაუჭირდება. შეიძლება, გვიან ღამით მოგეჩვენოს, რომ დაღლილი სულაც არ არის და საკმაოდ ენერგიული და მოძრავია, თუმცა, ეს მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ძილი გადაუცდა.
2. დაიწყე ღამის ძილის რუტინის დანერგვაც
ბავშვს ღამის ძილის მოახლოება ამ მოქმედებებით შეგიძლია მიანიშნო:
- ჩუმად თამაში
- დაბანა
- პიჟამას გადაცმა
- ზღაპრის წაკითხვა
- სიმღერა
- დამამშვიდებელი მასაჟი
- ძილის წინ კოცნა
სანამ ძილისწინა რუტინას შეუდგებოდე, სახლში სიჩუმე დაამყარე: გამორთე ტელევიზორი და მოამთავრე საქმეები. ამ გზით დასაძინებელ განწყობას შექმნი და შენ პატარას მოდუნების საშუალებას მისცემ. თუმცაღა, მნიშვნელობა არ აქვს, რა სახის რუტინულ მოქმედებებს მიმართავ, მთავარია ისინი ყოველდღიურ ჩვევებად აქციო და თითო ჯერზე ნახევარი საათი მაინც დაუთმო. გახსოვდეს: ამ რეჟიმს ნუ დაარღვევ მაშინაც კი, როდესაც ბავშვი ავად არის.
3. გააღვიძე ბავშვი დილას, ძილის რეჟმი რომ არ დაერღვეს
ეს მაშინ უნდა გააკეთო, თუ შენ პატარას 10 საათზე მეტხანს ძინავს, რადგან სასურველია, დაძინება და გაღვიძება რეგულარულ დროს ხდებოდეს. თუ ყოველდღიურად ერთსა და იმავე საათზე გააღვიძებ, შუადღის ძილიც გრაფიკის მიხედვით წარიმართება, შედეგად — ღამეც თავის დროზე დაეძინება. ეს ყველაფერი კი, მისი ძილის გრაფიკს მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადს გახდის.
რა სახის ძილის პრობლემები ექმნებათ 3-6 თვის ბავშვებს?
შესაძლოა, ჩვილის კალათიდან საწოლში გადაბარგებამ ძილის გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს: ხშირად გამოიღვიძოს ან ჩაძინება გაუჭირდეს. თუმცა, ნუ ინერვიულებ, საღამოს თუ თავის დროზე არ დაიძინებს ან ღამე ტირილით გაიღვიძებს — მრავალი სტრატეგიაა დანერგილი, როგორ შეგიძლია შენ პატარას დაძინებაში დაეხმარო.
დაძინება ბავშვებს ავად ყოფნის პერიოდშიც უჭირთ. ამ დროს დღისით ხშირად თვლემენ, რაც შემდგომ ღამის ძილის რეჟიმის არევას იწვევს. ასევე, შესაძლოა, ღამეც ხშირად გამოიღვიძონ, მაშინ, როდესაც კარგად ყოფნისას, როგორც წესი, ძინავთ ხოლმე. ამიტომაც, თუ ბავშვი ავადაა, ძილის რეჟმის არევაზე ძალიანაც ნუ იდარდებ, თუმცა, ეცადე, უკვე დანერგილი რუტინა არ დაარღვიო და მისი დაძინება ერთსა და იმავე დროს სცადო. როდესაც გამოკეთდება, დღისით ნაკლებად დაიძინებს და შესაბამისად, ღამის ძილიც დარეგულირდება.
თემები: ძილი, ბავშვი, 3-6 თვის ბავშვის ძილი, 3-6 თვის ბავშვის ძილის უნარები, როგორ დავაძინო 3-6 თვის ბავშვი, 3-6 თვის ბავშვი, ბავშვის ძილი, ბავშვის ძილის რეჟიმი, 3-6 თვის ბავშვის ძილის რეჟიმი
წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk/a7656/establishing-good-sleep-habits-three-to-six-months">babycentre</a>