იცი, რას ნიშნავს „მაზოხისტური წონასწორობა“? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თეორიაა, რომლის მიხედვითაც ადამიანი ქვეცნობიერად კომფორტის ზონაში დისკომფორტის შენარჩუნებას ცდილობს.
ამ თეორიის მიხედვით, ყველა ბავშვი როგორც ქცევას, ასევე შეგრძნებებს მშობლებისგან ითვისებს და თუ ოჯახში მუდმივად უთანხმოებას ხედავს და ხმამაღალი კამათი ესმის, მომავალში მშვიდი პირადი ურთიერთობების დამყარება აღარ შეუძლია — ზედმეტი ჰარმონია უბრალოდ ნერვებს უშლის. იგივე ხდება ბედნიერების შემთხვევაშიც: ადამიანები საკუთარ ბედნიერებას ქვეცნობიერად აპროტესტებენ და ბავშვობაში სხვადასხვა გარემოების გავლენით დასწავლილ „მაზოხისტურ წონასწორობას“ ინარჩუნებენ ან ურთიერთობებში გრძნობებს არ რევენ და სიყვარულს ერთგვარ რუტინის ფორმად აქცევენ.
რატომ ხდება ასე? უმეტესად, ბავშვი გარკვეული გარემოებების გავლენით, ბედნიერების განსაზღვრულ რაოდენობას შეიგრძნობს, რაც მისთვის ნორმად ყალიბდება. წარმოიდგინე, შეიძლება ბავშვობაში ბედნიერების 80%-ს ან მხოლოდ 65%-ს შეიგრძნობდი: შემდეგ წლებში, შენ მიერ განცდილი ბედნიერების პროცენტული მაჩვენებელი თუნდაც რომ გაიზარდოს, ახალ კომფორტის ზონაში მოექცევი, რომელიც შენთვის უჩვეულო იქნება. შედეგად, ინსტინქტურად ისეთ რამეს გააკეთებ, რომ საკუთარ თავს „ზედმეტი“ ბედნიერების შეგრძნების უფლება არ მისცე და კომფორტის ჩვეულ ზონას — „მაზოხისტურ წონასწორობას“ დაუბრუნდე.
როგორ გავთავისუფლდეთ „მაზოხისტური წონასწორობის“ ბორკილებისგან?
უპირველესად, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ მიერ ჩადენილი ნებისმიერი სისულელე ბავშვობის ნეგატიური გამოცდილებების შედეგია, რომლებიც ჩვენს გონებას „აბინძურებს“. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება ცხოვრების ახალი გზა. ერთ-ერთი მეთოდი წარსული გამოცდილებების შებრუნება, ანუ „პოზიტიური გაკვეთილებია“: წარსულში განცდილი პრობლემები უნდა გაიხსენო და გაიაზრო, რომ სამომავლოდ მათ პოზიტიური შედეგები მოგიტანეს: მაგალითად, ყოფილ პარტნიორთან დაშორება, რომელსაც ახალი, უფრო კარგი ურთიერთობა მოჰყვა, სამსახურის დაკარგვა, რომელმაც ახალი პერსპექტივები გიჩვენა.
„პოზიტიური გაკვეთილები“ ამ პროცედურებს მოითხოვს:
- მოადუნე გონება. ღრმად ისუნთქე. შეაღწიე მედიტაციურ ფაზაში;
- თავს ძალა დაატანე და შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მომენტები გაიხსენე;
- უპასუხე კითხვებს: რა გამოცდილება მომიტანა ამ შემთხვევებმა და რა ვისწავლე მათი დამსახურებით? სულ მცირე ხუთი დადებითი შედეგი ჩამოწერე. ისინი წარსულის დავიწყებასა და პოზიტიურ წინსვლაში დაგეხმარება.
მას შემდეგ, რაც წარსულის გამოცდილებების დღევანდელ პრობლემებთან კავშირს გაწყვეტ, პასუხისმგებლობის გააზრებაც გმართებს: შენ ხომ ზრდასრული ხარ! პრობლემებისკენ მიდრეკილი ქვეცნობიერი მტკივნეული ურთიერთობებისკენ გიბიძგებდა, თუმცა დროა, ცხოვრებას სხვა თვალით შეხედო. ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოგიწევს:
- როგორც კი „მაზოხისტური წონასწორობისკენ“ მისწრაფებას შენიშნავ, საკუთარ თავს გაუმეორე: „პრობლემები წარსულში დარჩა. ახლა აღარავის მივცემ უფლებას, ცუდად მომექცნენ. მე მხოლოდ ის ვარ, რასაც ახლა ვფიქრობ და როგორც ახლა ვიქცევი!“
- იპოვე ბედნიერი წყვილები და ეცადე, დრო მათთან ერთად გაატარო. ეს შენს ქვეცნობიერში „ნორმალური სიყვარულის“ ასოციაციებს ჩაბეჭდავს და მშვიდი ურთიერთობები შინაგან დისკომფორტს აღარ შეგიქმნის.
- ესაუბრე ახლობლებს, რომლებსაც შენზე გული შესტკივათ. რაც უფრო ხშირად გამოხატავ შენს გრძნობებს ხმამაღლა, მით უფრო ნაკლებად იქნება შენი ქვეცნობიერი მიდრეკილი, ბედნიერების შეგრძნებები ჩაახშოს.
- თავიდან მოიცილე ის ნივთები, რომლებიც ცუდ სიტუაციებს გახსენებს და შენს თვალსაწიერში პოზიტიურ ემოციებთან დაკავშირებული ნივთები განალაგე — მაგალითად, ფოტო, რომელზეც შენს ყოფილ პარტნიორთან ერთად ხარ, მეგობრების წრეში, შენი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო დღეს გადაღებული ფოტოთი ჩაანაცვლე.
- დაბოლოს, კარლ იუნგის თეორიის მიხედვით, ადამიანის ცხოვრება მიზანს საჭიროებს და თუ გარკვეული მიზნები არ გაგვაჩნია, „ცუდ ჩვევას“ გამოვიმუშავებთ: ურთიერთობებში ხელოვნურად ვქმნით დრამას, რომ ვიგრძნოთ, ჩვენს ცხოვრებაში რაღაც საინტერესო ხდება ან პრობლემის გადაჭრა გვჭირდება.
კარგი ამბავი ისაა, რომ ამ „ცუდი ჩვევის“ „კარგი ჩვევით“ ჩანაცვლება შეგვიძლია: ადამიანმა პოზიტიური მამოძრავებელი ძალა უნდა განავითაროს, რომელიც წინსვლისკენ უბიძგებს. მაგალითად, თუ სასიყვარულო ურთიერთობებში გადატანილი პრობლემების მოყოლა გსიამოვნებს, ისინი პოზიტიური, სახალისო ამბებით უნდა ჩაანაცვლო. თუმცა, „კარგი ჩვევის“ გამომუშავება მხოლოდ ამბის მოყოლას არ გულისხმობს: შეგიძლია მოგზაურობა, საინტერესო წიგნების კითხვა, ველოსიპედით ბუნებაში სეირნობა და ექსტრემალური სპორტიც სცადო.
თემები: ბედნიერება, პროტესტი, საბოტაჟი
წყარო: <a href="http://notsalmon.com/2012/10/17/why-people-self-sabotage-their-happiness/">otsalmon.com</a>