ხშირად ამბობენ: „თუ აუტიზმის მქონე ერთ ადამიანს შეხვდი, შენ აუტიზმის მქონე მართლაც ერთ ადამიანს შეხვდი“ — რაც ნიშნავს, რომ დაავადების სიმტპომები ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებულია. შეიძლება ერთი პაციენტი საკმაოდ გახსნილი და კონტაქტური იყოს, მეორე კი — საერთოდ არ საუბრობდეს, თანატოლებთან უჭირდეს კონტაქტი და უმეტესად საკუთარ თავში იყოს ჩაკეტილი. როგორ უნდა დავადგინოთ აუტიზმის სიმპტომები, როდესაც დაავადება მათი ასეთი ფართო სპექტრით ხასიათდება?
აუტიზმის მარტივი ნიშნები
სანამ აუტიზმის მარტივ სიმტპომებს გაგაცნობთ, გაითვალისწინე, რომ ცალკე აღებული ნებისმიერი მათგანი აპრიორი აუტიზმის დიაგნოზი არ არის. აუტიზმი ადამიანის განვითარების ცვლილებაა, რაც ნიშნავს, რომ ბავშვს ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე სიმპტომი ერთდროულად უნდა აღმოაჩნდეს. ასევე, ისეც ხდება ხოლმე, რომ ბავშვი ასაკთან შედარებით საკმაოდ განვითარებულია, თუმცა აუტიზმის დიაგნოზი მაინც მიესადაგება.
განსხვავდება სიმპტომების გამოვლენის ასაკიც: ზოგიერთი ბავშვი გარკვეული დროის განმავლობაში ჩვეულებრივად ვითარდება და აუტიზმის სიმპტომებს შემდეგ ავლენს, ზოგის კი დაავადების ნიშნებს ჩვილობის ასაკიდან ატყობენ.
აუტიზმის ადრეული სიმპტომებია:
- ბავშვი 1 წლისაა, მაგრამ ხმას არ იღებს და არც ხელით მიანიშნებს რამეზე
- ბავშვი 16 თვისაა, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. ან 2 წლისაა და 2-სიტყვიან ფრაზებს არ გამოთქვამს
- დაძახებაზე არ რეაგირებს
- სოციალური უნარები დაკარგული აქვს
- მზერით კონტაქტს იშვიათად ამყარებს
- სათამაშოებს ან სხვა ნივთებს ერთ რიგად განალაგებს
- არ იღიმის და კონტაქტზე არ რეაგიერბს
- შეხებაზე, ყნოსვაზე, გემოზე და ხმაურზე გადამეტებულად ან საერთოდ არ რეაგირებს
როგორც წესი, აუტიზმის ნიშნები ბავშვებში 3 წლამდე ვლინდება, თუმცა ზოგჯერ ეს სიმპტომები იმდენად მსუბუქია, რომ ადრეულ ასაკში დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება.
3 წელს გადაცილებული ბავშვების სიმპტომებია:
- თანატოლებთან დამეგობრება უჭირს
- წარმოსახვითი ან სოციალური თამაშის უნარები დაქვეითებული აქვს
- საუბრობს სტერეოტიპულად, სიტყვებს იმეორებს ან ლაპარაკის უჩვეულო მანერა აქვს
- ინერტულია ყურადღების ცენტრში მოქცეული მოვლენების და საგნების მიმართ
- მთელ ყურადღებას რამდენიმე საგანს ან ობიექტს უთმობს
- მიჯაჭვულია კონკრეტულ რუტინებსა და რიტუალებზე
გაითვალისწინე: თუ ეს სიმპტომები 3 წლის ბავშვმა უეცრად გამოამჟღავნა და მანამდე არც ერთი მათგანი არ შეგინიშნავს, მაშინ აუტიზმი შეიძლება არ არის დიაგნოზი, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარების სხვა დარღვევა ან ფსიქიატრიული პრობლემა იყოს.
აუტიზმის ნაკლებად გავრცელებული ნიშნები:
აუტიზმით დაავადებულებს სხვა სახის სიმპტომებსაც ავლენენ: ძილის აშლილობას, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს, საკუთარი თავის მიმართ ძალადობრივ ქცევას და ა.შ.
ამ პრობლემებთან ერთად, აუტიზმზე ეჭვი შეიძლება გაჩნდეს თუ ბავშვს შეამჩნევთ:
- ყურადღების დაბალ კონცენტრაციას
- ქცევის დარღვევებს და ეპილეფსიურ შეტევებს
- „მოზაიკურ სინდრომს“ — ერთ, რომელიმე სპეციფიკურ საკითხში არაორდინალურ უნარებს
- ჰიპერლექსიას (ადრეულ ასაკში განვითარებული სიტყვების გაშიფვრის უნარი მათ მნიშვნელობის გაგების გარეშე)
- სინესთეზიას (სიტყვების და იდეების ფერებთან, ბგერებთან ან გემოსთან ასოცირება)
- კუნთების დაბალ ტონუსს და ნატიფი მოტორიკის შესუსტებულ უნარებს — ამ დროს ბავშვებს უჭირთ კოვზის დაჭერა, ხელის და ფეხის თითების, მაჯების, ტუჩების მოძრაობა და ა.შ.
თემები: ბავშვი, აუტიზმი, აუტიზმის სინდრომი
წყარო: <a href="https://www.verywell.com/autism-symptoms-4014330">www.verywell.com</a>