უამრავი ადამიანი წლების განმავლობაში იტანჯება უშვილობით და მიუხედავად სამედიცინო ტექნოლოგიების მკვეთრი და სწრაფი განვითარებისა, უშედეგოდ კარგავს დროსა და ენერგიას, რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსებზე. ზოგიერთს ბავშვის ყოლასთან დაკავშირებული ასეთი სიმძაფრის პრობლემები არ აწუხებს, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს დაორსულებაში.
თუ ბავშვი გსურთ და ცდილობთ, დაორსულდეთ, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც გჭირდებათ, ბედნიერი სექსუალური ცხოვრებაა. ბუნებრივია, ეს არ კმარა და დაორსულების შანსების გასაზრდელად, გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგიწევთ თქვენს ცხოვრებაშიც.
დაიწყეთ ახლავე:
მიატოვეთ მოწევა
ყველამ ვიცით, რომ სიგარეტისთვის თავის დანებება მარტივი არ არის, მაგრამ ეს მსხვერპლი ღირს თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობად.
„მოწევა გავლენას ახდენს კვერცხუჯრედების ფუნქციაზე და მწეველი დედების შვილები, ძირითადად საჭიროზე ნაკლები წონისანი იბადებიან“, – ამბობს მეან-გინეკოლოგი რიჩარდ სმიტი.
როგორც ცნობილია, მოწევა იწვევს მენოპაუზას და საფრთხეს უქმნის კვერცხუჯრედებსაც. სასურველია, მომავალ დედებთან ერთად, მომავალმა მამებმაც უარი თქვან ამ მავნე ჩვევაზე, რადგან მოწევა მნიშვნელოვნად ზემოქმედებს სპერმის რაოდენობასა და ხარისხზე.
არავინ დავობს იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დიდი სიმტკიცეა საჭირო, თუმცა, შვილის ჯანმრთელობა ამად ღირს.
შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა
თუ დაორსულებას ცდილობთ, ჯანმრთელი წონა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც დაორსულებაში დაგეხმარებათ.
„თუ ჯანმრთელ წონაზე ბევრად მეტ კილოგრამებს ითვლით, თქვენი ესტროგენების (ქალური ჰორმონები) რაოდენობაც საჭიროზე მეტია და ისინი თავს იყრის ცხიმის უჯრედებში. აღნიშნული კი იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს, რაც ოვულაციის პერიოდს ამცირებს“. – ამბობს სმიტი.
რამდენიმე კილოგრამის დაკლებამ და ჯანმრთელმა წონამ შესაძლოა, კვლავ მოახდინოს ოვულაციის პროვოცირება. ჭარბი წონა მენსტრუაციულ ციკლსაც არღვევს. ქალების ნახევარი, რომელთაც ზედმეტი წონა აწუხებთ, არეულ პერიოდებს უჩივიან.
პარტნიორის დახმარებაც გჭირდებათ
მამაკაცებიც ისევე უნდა ცდილობდნენ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას, როგორც ქალები. იმ შემთხვევაში, თუ მათაც აწუხებთ ჭარბი წონა, იქმნება საფრთხე, რომ მამაკაცის ჰორმონების – ტესტოსტერონების უმრავლესობა, ქალის ჰორმონად – ესტროგენად გარდაიქმნება, რის შედეგადაც მამაკაცს უმცირდება სპერმის რაოდენობა.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოეშვით
ახალი ამბავი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სტრესი და დაღლა უამრავ პრობლემას იწვევს. ერთ-ერთი კი ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემაა, რომელსაც სტრესი განაპირობებს. ამიტომ, თუ დაორსულება გსურთ, ზუსტად ის დროა, მოეშვათ და დაისვენოთ. აკეთოთ ის, რაც რეალურად განიჭებთ სიამოვნებას. მიმართეთ იოგასა და აბაზანებს. ემოციური ფონი და განწყობა ამ შემთხვევაშიც დიდ როლს თამაშობს და დიდწილად ზრდის დაორსულების შანსს.
დაკავდით სექსით
თუ კვირაში, მინიმუმ, 3-ჯერ მაინც გაქვთ სექსი, თქვენი დაორსულების შანსიც გაცილებით მატულობს.
გაიგეთ, როდის გაქვთ ოვულაციის პერიოდი
თუ გსურთ, დაორსულების შანსები გაზარდოთ, გაარკვიეთ, როდის გაქვს ოვულაციის, ანუ ნაყოფიერების პერიოდი და დაკავდით ბევრი სექსით. ასეთ პერიოდში დღეში ერთხელ მაინც უნდა დაკავდეთ სექსით, რაც რეალურად გაზრდის დაორსულების შესაძლებლობას.
გამოიყენეთ სწორი პოზები
ადამიანების უმრავლესობას სჯერა, რომ გარკვეულ პოზაში დაორსულების მეტი შანსი არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გარანტია არ არსებობს, მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ, სცადოთ. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დაორსულებისთვის იდეალური პოზაა მისიონერული, რომელსაც მოძველებულსაც უწოდებენ. ასევე, ამბობენ, რომ სექსისას წელს ქვემოთ ბალიშის ამოდება, მისი გაჩერება 10 წუთის განმავლობაში სექსის შემდეგ, რეალურად ზრდის შანსებს.
სათესლე ჯირკვლები უნდა იყოს სხეულის ტემპერატურაზე დაბალი ტემპერატურის მატარებელი
გჯერათ ამის თუ არა, სათესლე ჯირკვლების დაბალი ტემპერატურა ნაყოფიერების შანსებს საგრძნობლად ზრდის. ამიტომ სთხოვეთ თქვენს მეუღლეს/პარტნიორს, ნუ ჩაიცვამს მჭიდრო საცვლებს და ნუ მიიღებს ცხელ შხაპს იმ პერიოდში, როცა თქვენ ცდილობთ, დაორსულდეთ.
თქვენმა პარტნიორმა უნდა მიიღოს მეტი თუთია
„თუთია ზრდის ნაყოფიერებას, – ამბობს სმიტი, – ამიტომაც გამოკვებეთ თქვენი პარტნიორი თუთიით მდიდარი საკვებით. ასეთებია: თხილი, კვერცხი და ზღვის პროდუქტები. რა თქმა უნდა, ახალი ხილიც და ბოსტნეულიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, რაც, ასევე, დაგეხმარებათ სასურველი მიზნის მიღწევაში“.
თემები: ორსულობა, დაორსულების შანსი
წყარო: <a href="http://www.bounty.com/getting-pregnant/getting-pregnant-naturally/before-you-begin/increase-your-chances" target="_blank">www.bounty.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია