LIFE

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ

ოდესმე გამოგიცდია განშორება, როცა კვლავაც გტანჯავდა იმ ადამიანის მიმართ გრძნობა, რომელსაც დაემშვიდობე?

ზოგჯერ, ყველაფერი თავისით ხდება. ბევრი ჩხუბის, კამათის, წყენისა და ფიზიკური დაპირისპირების გარეშე. ზოგჯერ ადამიანები რაციონალურად განიხილავენ თავიანთ პრობლემებს და იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დაასრულონ ურთიერთობა. ისინი ფიქრობენ, რომ მათი სამომავლო ხედვები და ინტერესები არ ემთხვევა.

ადამიანებს უჩნდებათ კითხვები:

გადაიტანენ და გადალახავენ სირთულეებს და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება? თუ ...

დროა, სხვადასხვა მიმართულებით განაგრძონ სვლა?

სამწუხაროდ, ხშირად ისინი უკანასკნელს ირჩევენ და აგრძელებენ ცხოვრებას ერთმანეთის გარეშე. აღსანიშნავია, რომ მათი განშორების მიზეზი ხშირად სიყვარულის ნაკლებობა არ არის, ამიტომაც ისინი ერთმანეთის გარეშე იტანჯებიან. კარგავენ მუშაობისა და საქმის კეთების ხალისს, მდგომარეობიდან გამოსასვლელად სვამენ და ეწევიან ბევრს, თუმცა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ.

თუ მსგავსი პერიოდი გაქვთ, უპირველესად, უნდა იცოდეთ, რომ ალკოჰოლში შვებას ვერ ნახავთ, ვერც საშხაპეში გაუთავებელი ცრემლისღვრა შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ორი არჩევანი გაქვთ: ან უნდა დარჩეთ სამუდამოდ სასოწარკვეთილი, გამოტოვოთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები და გაუშვათ ყველა შანსი ხელიდან. ან პირიქით, ცხოვრება უნდა განაგრძოთ. ამისთვის პირველი, რაც და ვინც გჭირდებათ, მხოლოდ საკუთარი თავია. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, უთხრათ თქვენს თავს, რომ კმარა, შეაღოთ ყველა ფანჯარა და კვლავ შემოუშვათ მზის სხივები თქვენს ოთახებსა და ცხოვრებაში.

როცა იფიქრებთ, რომ განშორებისგან გამოწვეულ ტკივილს დრო წაიღებს, როცა ჩათვლით, რომ მწუხარების გარდა, არაფერი გამოგდით, როცა განშორების შემდეგ, იმედს გაიღვივებთ, რომ სიყვარული ყველაფერს ეყოფა და მასთან დაბრუნებას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ:

1. დრო არ კურნავს

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ

მნიშვნელოვანი ურთიერთობების დასრულებით გამოწვეული ტკივილის დასაძლევად, ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ხშირად გვეუბნებიან, რომ „ყველაფერი დროსთან ერთად გაივლის“. არ გაივლის! დრო არ კურნავს, ეს ფრაზა საბაბია, რათა გაამართლონ თქვენი 24-საათიანი უმოქმედობა, სასმელისადმი მიდრეკილება, მომატებული ძილიანობა და ა.შ.

რა თქმა უნდა, თუ საუკუნოდ დაელოდებით იარების მოშუშებას, ადრე თუ გვიან, ყველა ჭრილობა ხორცდება, მაგრამ რამდენი დრო გაქვთ დასაკარგი? ერთი თვე? ექვსი თვე? წელიწადი? ათეული წელიწადი?

ჩვენი ცხოვრება არანაირ გარანტიებს არ იძლევა, შესაბამისად, იმის რწმენა, რომ დრო სასწაულებრივად განგვკურნავს ტკივილებისგან, დროის უაზრო კარგვაა და სხვა არაფერი.

მარტივია გამუდმებულ მწუხარებასა და დეპრესიაში ყოფნა; რთულია, იმოძრაო მაშინ, როცა ვიღაც კიდევ გიყვარს და ის შენ გვერდით აღარ არის. მაგრამ საჭიროა იმოძრაო, საჭიროა ცხოვრება განაგრძო, აუცილებელია იმოქმედო, რადგან ცხოვრება არ დაგელოდება.

დაივიწყეთ ის, რომ დრო მოარჩენს ყველა იარას. დრო არ აპირებს, დაგეხმაროთ და მოგცეთ მიმართულება. ამის ნაცვლად, თქვენ უნდა გააკეთოთ რამე. მაგალითად, გახვიდეთ სახლიდან, შეხვდეთ ახალ ადამიანებს, გაიხსენოთ თქვენი ჰობი, ივარჯიშოთ, დაიწყოთ იოგა. არჩევანი ბევრია, მთავარია, რამე გააკეთოთ და სულერთია, რა იქნება ეს. ნუ იქნებით უმოქმედოდ და ნუ დაელოდებით იმას, რაც არასოდეს მოხდება.

2. სიყვარული ყოველთვის საკმარისი არ არის

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ

მეგობრები და ოჯახის წევრები გამუდმებით იმეორებენ, რომ, თუ კვლავ გიყვართ ერთმანეთი, ყველაფერს შეძლებთ. ჩვენ ვიზრდებით რწმენით, რომ სიყვარულს შეუძლია ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა; რომ სიყვარული ყველა გასაჭირს მოერევა და დაძლევს; რომ, თუ ის არსებობს, აუცილებლად იარსებებს ბედნიერი დასასრულიც.

რეალურ ცხოვრებაში ჩვენი რწმენები ჩვეულებრივ ილუზიებად გარდაიქმნება, რადგან სიყვარული ძალიან ხშირად ბედნიერი დასასრულისთვის საკმარისი არ არის.

შესაძლოა, ადამიანებს ერთმანეთი მართლაც უყვარდეთ, მაგრამ არსებობს უამრავი ფუნდამენტური საკითხი, რაზეც, სიყვარულის მიუხედავად, შესაძლოა, ვერ თანხმდებოდნენ. მაგალითად, შვილების ყოლა, ქალაქი, რომელშიც უნდა იცხოვრონ ან ნებისმიერი სხვა ღირებულება. თუ მსგავს ფუნდამენტურ საკითხზე ორი ადამიანი ერთმანეთთან ვერ თანხმდება, ურთიერთობა განწირულია. რა თქმა უნდა, გაჭიანურებით შენარჩუნება შეიძლება, მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად დაშორდებიან, და გაცილებით ხმაურიანადაც.

ამიტომ მეტად გონივრულია, ორივე მხარემ გაიღოს გარკვეული მსხვერპლი და ზრდასრული ადამიანებივით, ერთმანეთთან მოლაპარაკების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

გახსოვდეთ: სიყვარული შესანიშნავი, ულამაზესი გრძნობაა, მაგრამ ის ყოველთვის არ არის საკმარისი.

3. შეგიძლიათ წუხდეთ, მაგრამ არა სამუდამოდ

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ

ძალიან მნიშვნელოვანია, შევძლოთ საკუთარი დანაკარგის გაანალიზება. არ აქვს მნიშვნელობა, დავკარგეთ საყვარელი ადამიანი, საყვარელი სამსახური, თუ ნებისმიერი სხვა რამ. ასეთი დანაკარგები სევდასა და მწუხარებას გვგვრის და გვჭირდება ამ დროის საკუთარ თავთან გატარება. გვჭირდება საკუთარი გრძნობების გაანალიზება. ამიტომ, როცა რაღაც ძალიან გაწუხებთ, დარჩით მარტო საკუთარ თავთან.

მთავარია, ნუ მისცემთ სევდასა და წუხილს იმის საშუალებას, რომ თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი დაიკავოს და ძალიან ბევრი დრო წაგართვათ. იპოვეთ სწორი გზა საკუთარ მწუხარებასთან გასამკლავებლად. მაგალითად, წერეთ ან ხატეთ, თუ ამის ნიჭი გაქვთ. იმოგზაურეთ, გამოსცადეთ ახალი თავგადასავლები, დაამყარეთ კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი მსგავსი გამოცდილება აქვთ. ეს დაგეხმარებათ, გააცნობიეროთ, რომ ერთადერთი არ ხართ, ვისაც სტკივა და ვინც განიცდის.

4. ნუ დარჩებით მარტო

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ

ასეთ დროს ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი მეგობრები. მწუხარებისას ყველას გვჭირდება ახლობელი, რომელიც გვეტყვის: „დროა, შეწყვიტო უმოქმედობა! დროა, შეწყვიტო დალევა! შენ გაქვს მიზნები, რომლებსაც განახორციელებ!“

როგორი ძლიერებიც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერს მარტო ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, რთულ მომენტებში მარტო დარჩენის ნაცვლად, უმჯობესია, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

ურთიერთობები ზოგჯერ იმდენად ღრმად გვიტაცებს, რომ ძალიან ვაკლებთ ყურადღებასა და სითბოს იმ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ჩვენ გვერდით არიან: ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს! ხოლო, როცა სასიყვარულო ურთიერთობებს ვასრულებთ, სწორედ ისინი გვიწვდიან დახმარების ხელს და გვეხმარებიან წამოდგომაში. ეს ადამიანები გვიშვერენ მხრებს, რომ დავეყრდნოთ, თავი ჩამოვადოთ და ვიტიროთ.

ახლობლების სიყვარული ყოველთვის საჭირო და სასარგებლოა, ამიტომ ნუ დარჩებით მარტო, იყოლიეთ ისინი ახლოს.

5. რაც არ უნდა ყოფილიყო, დროის კარგვა არ ყოფილა

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ

ძალიან ხშირად ადამიანები დასრულებულ სასიყვარულო ურთიერთობებს ნანობენ და დროის უაზრო კარგვად მიიჩნევენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან, როცა გრძელვადიანი ურთიერთობები სრულდება, ადამიანები ბრაზის საფუძველზე ფიქრობენ, რომ წლები, თვეები ტყუილად დაკარგეს.

თუმცა, თუ კარგად გაიხსენებთ, ვინ იყავით ურთიერთობის დასაწყისისას და ვინ ხართ ახლა, აუცილებლად იპოვით დიდ სხვაობას. აუცილებლად მიხვდებით, რომ დღეს სხვა ადამიანი ხართ, რადიკალურად და დადებითად განსხვავებული იმისგან, რაც ადრე იყავით. თქვენ იცხოვრეთ, გიყვარდათ და რაც ყველაზე მთავარია, ისწავლეთ.

ნებისმიერი ურთიერთობა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გრძელდება ის, ცხოვრებისეული გამოცდილებაა, პატარა გაკვეთილია, რომელიც დიდ შედეგებს იძლევა.

მართალია, მარტივია იმის თქმა, რომ დრო ტყუილად დაიკარგა, მაგრამ, თუ რეალურად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ წარსულში გატარებული არც ერთი წამი დაკარგული არ არის.

ყველა განშორება მტკივნეულია, ამ ტკივილის გავლა, გადალახვა და დავიწყება კი – საკმაოდ რთული. ამიტომაც გამოუშვით ყველაფერი, რასაც გრძნობთ, იტირეთ, მოიწყინეთ, ინერვიულეთ, ისაუბრეთ ამაზე.

მაგრამ ამის შემდეგ ცხოვრება აუცილებლად გააგრძელეთ.

საკმაოდ მარტივად ჟღერს, ვიცი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, არჩევანი გასაკეთებელია.

თქვენ კი არჩევანი თქვენი თავდაჯერებულობის, საკუთარი თავის მიმართ ნდობის სასარგებლოდ უნდა გააკეთოთ.

იცხოვრეთ. მიაღწიეთ წარმატებებს და იყავით განსაკუთრებული.

ცხოვრება მოკლეა, ამიტომაც ეცადეთ, მიიღოთ მისგან საუკეთესო.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.stumbleupon.com/su/21CWGt/tinybuddha.com/blog/5-things-need-tell-painful-breakup/?ref_src=fb" target="_blank">www.stumbleupon.com</a>