სილამაზე

გაიცანით კატრინ დიორი: ყვავილოვანი MISS DIOR-ის მუზა

გაიცანით კატრინ დიორი: ყვავილოვანი MISS DIOR-ის მუზა

„თუ არ ჩავთვლით ქალებს, ყვავილები ყველაზე ღვთაებრივი ქმნილებები არიან“ - კრისტიან დიორი 

MISS DIOR-ის სუნამოს ხსენებაზე, ალბათ ყველას ყვავილების რბილი სურნელი ახსენდება. ფრანგული მოდის სახლი ხომ, უკვე ათწლეულებია ყვავილებს ეტრფის. სწორედ ისევე, როგორც მისი დამაარსებელი, კრისტიან დიორი. ყვავილები ყოველთვის იყო დიზაინერის შთაგონების წყარო. თუმცა, ამ ყვავილოვანი სუნამოს მიღმა კიდევ უფრო დიდი ისტორია იმალება. ისტორია ქალზე, რომელიც MISS DIOR-ის მუზა გახდა. 

კატრინ დიორი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი იყო. უმცროს ძმას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მასთან. თუმცა ამ სიახლოვის მიუხედავად, ისინი განსხვავებულ გზას დაადგნენ. სანამ კრისტიანი ადგილის დამკვიდრებას ხელოვნებაში ცდილობდა, კატრინი მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთის წინააღმდეგობრივ მოძრაობაში ჩაერთო.

1944 წლის ივლისში, ის გესტაპომ დააკავა და რავენბსრიუკში მდებარე ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა. თუმცა 1945 წელს, სხვა დაკავებულებთან ერთად კატრინი გათავისუფლდა. საფრანგეთში დაბრუნებისთანავე მან მშვიდობიანი ცხოვრება აირჩია და ყვავილებით ვაჭრობა დაიწყო. 

BO-1 Multipic:

კრისტიანი უბრალოდ აღმერთებდა კატრინის ხასიათს - ძლიერ, დინამიკურ და შთამაგონებელ ქალს, რომელიც მოდის სახლის გახსნისთანავე, აქტიურად ეხმარებოდა ძმას. დიზაინერის პირველი კოლექციის გამოშვებამდე, 1947 წელს, დიორის პირველი სუნამო შეიქმნა, მაგრამ სახელის შერჩევა დაგვიანდა. ერთხელაც, კრისტიანის თანამშრომელმა, სტუდიაში მიმავალი კატრინი დაინახა და წამოიძახა: „აი, მოდის მის დიორი!“. ამ სიტყვების გაგონებისთანავე, კრისტიანმა გადაწყვიტა თუ რა იქნებოდა სუნამოს სახელი. სუნამოს, რომელიც 1947 წლიდან ყვავილების შთამაგონებელი სურნელით ქმნის ისტორიას... 

დიორის მოდის სახლმა, 2021 წელს კიდევ ერთხელ გააცოცხლა ლეგენდად ქცეული სუნამო და ქალებს ახალი MISS DIOR EAU DE PARFUM შესთავაზა, რომელიც აერთიანებს ხავერდოვან და მგრძნობიარე ემოციებს. სუნამოში გაერთიანებულია ნაზი ვარდების არომატი, შროშანების მაცოცხლებელი სურნელი და მძაფრი პიონების შთაგონება, რომელიც ხავერდოვანი ირისის არომატით გვირგვინდება. MISS DIOR - ესაა ისტორია ძლიერი, დინამიკური და სიყვარულით სავსე ქალების შესახებ...