„მე გადავრჩი, მაგრამ ამისთვის ბევრი ვიშრომე და ახლა ვამაყობ, მე არ მეშინია სიბნელის“, - შარლიზ ტერონის უმძიმესი ოჯახური ტრაგედია
- 25.10.2021
მომღიმარი სახე, თვალები, რომელიც სულ ბრწყინავს, საზოგადოების ყურადღება, სიმდიდრე, აღიარება, ჯილდოები, პომპეზური ცერემონიები და მილიონობით ადამიანის სიყვარული - ასეთია ჰოლივუდის ვარსკვლავის, შარლიზ ტერონის ცხოვრება, რომელსაც ეკრანიდან ვხედავთ, თუმცა ამ მომღიმარი თვალების მიღმა უდიდესი ტრაგედია იმალება, რომლის შესახებაც მსახიობი იშვიათად საუბრობს.
ის გაიზარდა ოჯახში, სადაც ძალადობა ჩვეულებრივი ამბავი და მოძალადე მამასთან გამკლავება ყოველდღიური გამოწვევა იყო. შარლიზი სამხრეთ აფრიკაში, ტრანსილვანიის პროვინციაში, ბენონში დაიბადა. გერდა ალეტისა და ჩარლზ ტერონის ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მომავალი ვარსკვლავი იოჰანესბურგის მახლობლად ოჯახურ ფერმაში იზრდებოდა. მამა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და ყოველ დღე სახლში მთვრალი ბრუნდებოდა.
მოზარდ გოგონას ასეთ ცხოვრებასთან გამკლავება ურთულდებოდა და ყოვედღიურობა ჯოჯოხეთს ჰგავდა. დღეს ამბობს, რომ ბავშვობაში მისი ბედნიერება, ღიმილი მამაზე იყო დამოკიდებული, შიშით ელოდა დაღამებას, იმის გაგებას ჩარლზი მთვრალი დაბრუნდა თუ - არა.
იმ საბედისწერო ღამით მამა სახლში მთვრალი მივიდა, მაშინ შარლიზი 15 წლის იყო. ჩარლზი აგრესიულად იქცეოდა, ცოლსა და შვილს შეურაცხყოფას აყენებდა. დედა-შვილი ოთახში ჩაიკეტა. ცდილობდნენ, რომ მოძალადე კაცისგან თავი დაეცვათ და კარი ისე ჩაეხერგათ, რომ კაცს ოთახში ვერ შეეღწია, თუმცა არ გამოუვიდათ. ჩარლზს ხელში იარაღი ჰქონდა და უმისამართოდ ისროდა.
"მე და დედა საძინებელში ვიყავით და კარი დავკეტეთ, რადგანაც მას შემოსვლა სურდა. კარის გამაგრებას ვცდილობდით. მაგრამ შემოვიდა და უმისამართოდ ისროდა. ტყვიები სასწაულებრივად არ მოგვხვდა, დღეს ამაზე საუბრის არ მრცხვენია, რადგან ვთვლი, რომ ასეთ თემებზე რაც შეიძლება ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ასე ვხვდებით, რომ მარტონი არ ვართ", - ამბობს მსახიობი.
როგორღაც გერდამ მოახერხა იარაღის ხელში აღება და ქმარს ესროლა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. სამართლდამცველებმა ყოველივე თავდაცვის მცდელობად შეაფასეს და ამიტომაც, მსახიობის დედა არ დაუკავებიათ.
რეაბილიტაციისთვის შარლიზ ტერონს დიდი დრო დასჭირდა, თუმცა ყველაფერს გაუმკლავდა.
„მე გადავრჩი, მაგრამ ამისთვის ბევრი ვიშრომე და ახლა ვამაყობ, მე არ მეშინია სიბნელის“, - ამბობს მსახიობი.
დიდი დროის განმავლობაში არავის უმხელდა თავისი ოჯახის ტრაგედიას. ამბობს, რომ უბრალოდ არ იცოდა მომხდარზე როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა. როდესაც თანატოლები მამაზე ეკითხებოდნენ, ამბობდა, რომ მამა ავარიაში დაეღუპა.
„მთელი ცხოვრება ვცდილობდი, თავი ისე მომეჩვენებინა, რომ თითქოს ეს ამბავი მე არ გადამხდენია. თუ ვინმე მამაზე მკითხავდა, ვამბობდი, რომ ავარიაში დაიღუპა. მამაჩემის საშინელი ქცევები, მისი დამოკიდებულება ალკოჰოლზე და ძალადობა დედაზე - ეს ჩემი ბავშვობის ტრაგედიაა.
დალევს თუ არა მამა დღეს - ჩემი ცხოვრება ამაზე იყო აგებული. დედაჩემის საქციელმა მე გამბედავ ადამიანად მაქცია. ის ძლიერი ქალია. მიუხედავად ყველაფრისა, ფეხზე დადგა“, - ამბობს მსახიობი.
შარლიზ ტერონი ამბობს, რომ მამის სიკვდილი მისთვის ტრაგედია არ ყოფილა, რადგანაც ჩარლზის გვერდით ცხოვრება ოჯახის წევრებისთვის ჯოჯოხეთი იყო. დედას, გერდას კი ყველაზე ძლიერ და მამაც ქალს უწოდებს.
„დედაჩემის ფილოსოფია ასეთია - თუ რაიმე ხდება, არჩევანი უნდა გააკეთო - ან უნდა ჩაიძირო, ან გაცურო.“
დედის ფილოსოფია მსახიობმა იდეალურად აითვისა, მან გაცურვა აირჩია. დღეს კი, შარლიზ ტერონის სანაპიროზე მხოლოდ დიდება, ბრწყინვალე კარიერა, დაუვიწყარი როლები და ყველაზე მნიშვნელოვანი - ადამიანების სიყვარულია. ის მაგალითია, როგორ შეიძლება აღდგე ფერფლიდან და მწვერვალზე აღმოჩნდე.
თემები: ცხოვრება, ჰოლივუდი, შარლიზ ტერონი, ადამიანური ისტორიები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია