იცით, რა არის „ბედნიერების ჰორმონები“ და როგორ „მოიპაროთ“ მათი ყოველდღიური დოზა?
- 01.04.2022
მარტივად რომ ვთქვათ, ჰორმონები ენდოკრინულ სისტემაში შექმნილ პატარა ქიმიურ მესინჯერებს ჰგვანან და უმეტესობა ჩვენგანი, ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიდად არ ფიქრობს მათ არსებობაზე - თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ისინი არსებობენ; ვიცით, რომ თინეიჯერები განიცდიან ჰორმონალურ ცვლილებებს; ვიცით, რომ მენსტრუაციის დროს ხასიათის ცვლილებაც ამ ჰორმონებს უკავშირდება და გვსმენია, რომ არსებობენ „ბედნიერების ჰორმონები“, რომლებიც ჩვენს განწყობას ამაღლებენ.
მაგრამ რა იცით „ბედნიერების ჰორმონების“ შესახებ? და რა მოხდება, თუკი იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ დაელოდოთ ჰორმონების გამოყოფას, განზრახ „მოიპარავთ“, რათა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ?
ოქსიტოცინი
ოქსიტოცინს ხშირად უწოდებენ „დამაკავშირებელ ჰორმონს". ის გამოიყოფა მაშინ, როცა თავს დაცულად გრძნობთ და იმ ადამიანებთან ხართ, რომლებსაც ენდობით. მისი დანიშნულებაა გააძლიეროს ემოციური კავშირები, დაეხმაროს მშობლებს ჩვილებთან ურთიერთობაში და უბრალოდ, დაახლოვოს ადამიანები.
მისი ბუნებრივად სტიმულირების გზებია:
· შინაური ცხოველის ჩახუტება
· მეგობრების ან ოჯახის წევრების მოსიყვარულეობა
· კომპლიმენტების გაცემა
· ხელის ჩაკიდება
· მასაჟის გაკეთება
· საჭმლის მომზადება და საყვარელ ადამიანებთან გაზიარება
სეროტონინი
სეროტონინი ყველაზე ხშირად ასოცირდება განწყობის რეგულირებასთან, დაბალანსებულ ძილის რეჟიმთან, ბედნიერების განცდის გაძლიერებასა და შფოთვის შემცირებასთან.
მისი ბუნებრივად სტიმულირების გზებია:
· მზის აბაზანები
· სირბილი, ცურვა ან კარდიო ვარჯიშები
· მედიტაცია
· ბუნებაში დროის გატარება
დოპამინი
ეს არის ქიმიური ჯილდო, რადგან მისი გამოყოფა ძლიერდება ისეთი მოვლენების დროს, როგორებიცაა შექება, დადებითი შედეგების მიღება, გამარჯვება და კვება.
მისი ბუნებრივად სტიმულირების გზებია:
· თქვენი საყვარელი კერძის მიღება
· ყოველდღიური პატარა გამარჯვებების აღნიშვნა
· თავის მოვლა
· სასიამოვნო მუსიკის მოსმენა
· დაწყებული დავალების ან პროექტის დასრულება
ენდორფინი
ენდორფინი სინამდვილეში ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია. ის გვეხმარება ტკივილის მართვაში, სტრესის შემცირებაში და სიამოვნების შეგრძნებაში.
მისი ბუნებრივად სტიმულირების გზებია:
· ვარჯიში
· მეგობრებთან ერთად სიცილი ან კომედიის ყურება
· შავი შოკოლადის ჭამა
· ისეთი ეთერზეთები, როგორებიცაა - ლავანდა, ციტრუსი და როზმარინი
· და რა თქმა უნდა, სექსი
თემები: სიყვარული, პრობლემები, თავდაჯერებულობა, ჯანმრთელობა, რჩევები