ის, თუ როგორ ვხედავთ მოვლენებს მიმდინარე მომენტში, ძალიან განსხვავდება იმისგან, თუ რას დავინახავთ, როდესაც დრო გავა. თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ სიტუაციები, სადაც, თავის დროზე ძალიან შეგრცხვათ, ან ძალიან გაბრაზდით, ახლა კი, სასაცილო ანეკდოტივით გახსენდებათ.
ეს პერსპექტივა დაგეხმარებათ მაშინ, როდესაც ძალიან გადაღლილი ხართ. ასეთ მომენტებში, ჩვენს თავში, ნებისმიერი წვრილმანი გაუგებრობა, შესაძლოა სრულ კატასტროფად გადაიქცეს. ამიტომ, მათ ისე შეხედეთ, როგორც წარსულს - შესაძლოა, ის იმდენად უმნიშვნელო აღმოჩნდეს, რომ თავადვე გაოცდეთ.
თუ ახლა, ამ მომენტში პრობლემის, გაუგებრობის ან გაურკვევლობის წინაშე დგახართ, დაფიქრდით, ამ საკითხზე 1 კვირის შემდეგაც იდარდებთ? 1 თვის შემდეგ? 1 წლის შემდეგ?
ეს აზროვნება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე მაშინაც კი, როცა ნერვიულობთ და განიცდით. ეს მეთოდი საშუალებას გაძლევთ, რომ სიტუაცია, უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში შეაფასოთ.
ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ყველაფერი დროებითია. ის სიტუაცია, რომელშიც ახლა ხარ, სამუდამოდ არ გაგრძელდება. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასასრული - როგორც კარგ, ასევე ცუდ მოვლენებს. როგორც კი ის დასრულდება, ჩვენ შეგვიძლია სიტუაციის სხვაგვარად დანახვა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ სიტუაცია აქ, ახლა დავინახოთ სხვა პერსპეტქივით.
თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი სიტუაციები, რომლებიც ახლა უმნიშვნელოა, მაგრამ მაშინ, თავი უხერხულად იგრძენით, ინერვიულეთ, ბევრი თეთრი ღამეც გაათენეთ და იტირეთ კიდეც. თუ ახლა ეს სიტუაციები აღარ გაღელვებთ, ეს ნიშნავს, რომ გაიზარდეთ. მაგრამ გიფიქრიათ, რომ ეს გამოცდილება, შესაძლოა აზროვნების ფორმად აქციოთ?
ცხადია, ყველა სიტუაცია არ აღმოჩნდება უმნიშვნელო. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი პრობლემები, რაც 1 წლის შემდეგაც აქტუალური იქნება, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა, ძალიან მცირე.
როდესაც იცით, რომ ყველაფერი დროებითია, უფრო ადვილია ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გაუმკლავება. ნება მიეცით საკუთარ თავს, ნაკლებად ინერვიულოთ უმნიშვნელო საკითხებზე და ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია.ისწავლეთ შეხედოთ უფრო დიდ სურათს და ყველაფერი ისე განიხილოთ, როგორც სიტუაცია, რომელიც აუცილებლად დასრულდება. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ახლა, ყველაფერი ასე არ დარჩება.