LIFE

ზარმაცი არ ხარ, უბრალოდ გადაიწვი!

ზარმაცი არ ხარ, უბრალოდ გადაიწვი!

მრავალი ადამიანისთვის, გადაწვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ეს არის ფენომენი, რომელიც გულისხმობს ზედმეტი დაღლილობის, მოტივაციის ნაკლებობისა და კონცენტრაციის დეფიციტის შეგრძნებებს. ის ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის, განსაკუთრებით კი, მენტალური პრობლემის წინაპირობაა.

გადაწვის ფენომენი განსაკუთრებით ხშირია იმ ადამიანებში, ვისაც ემოციურად მძიმე სამუშაო აქვთ - მაგალითად: ექიმებში, ექთნებსა და სოციალურ მუშაკებში. ასევე, ამ პრობლემას უჩივიან ადამიანები, ვინც დღის განმავლობაში დიდხანს მუშაობენ, აქვთ საპასუხისმგებლო საქმე და/ან კონფლიქტური სამუშაო გარემო.

საქმე იმაშია, რომ როდესაც ვგრძნობთ, გადავიწვით, ჩვენი ტვინი გვაფიქრებინებს,  რომ უბრალოდ ზარმაცები ვართ და საკმარისად არ ვცდილობთ... ეს კი, კიდევ ერთი პრობლემაა!
 



მაშ ასე, ეს არის გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ზარმაცი ადამიანი ხართ, თუ უბრალოდ ძალიან გადაიღალეთ - ანუ გ ა დ ა ი წ ვ ი თ!

გაწუხებთ ყველაფრისგან გამოთიშვის და განცალკევების შეგრძნება.

გადაწვის პირველი ნიშანი არის ის, რომ თქვენ უბრალოდ აღარ ზრუნავთ. მაშინაც კი, თუ თქვენი სამუშაო მნიშვნელოვანია და ძალიან გიყვართ, ახლა უბრალოდ აღარ გაინტერესებთ. თქვენ აგრძელებთ დავალებების შესრულებას, თუმცა რობოტივით მუშაობთ.

აღნიშნული დამოკიდებულება ვრცელდება პირად ურთიერთობებზეც - აღარ გაინტერესებთ ადამიანები, რომლებიც ძალიან გიყვართ...

და შესაბამისად - გაქვთ იზოლაციის ძლიერი სურვილი.

შეიძლება ინტროვერტი ადამიანი ხართ, მაგრამ თუ ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების ნახვისგან თავს იკავებთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დაღლილი ხართ. ახლა უბრალოდ მარტო ყოფნა და არაფრის კეთება გსურთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქვეა მოტივაციის ნაკლებობაც.

მოტივაცია, რომელიც კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად გქონდათ, უბრალოდ არსად ჩანს. ახლა გრძნობთ, რომ ეს ყველაფერი ზედმეტია.

აღარ გსიამოვნებთ ის, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგედგინათ.

ახლა ყველაფერი უაზრო და მოსაწყენია. თქვენი საყვარელი მუსიკა? ეს ზედმეტი ხმაურია. თქვენი ჰობი? ამისთვისაც არ გაქვთ ენერგია!

შედეგად, თავს უხასიათოდ და გაღიზიანებულად გრძნობთ

გადაწვის კიდევ ერთი ნიშანი არის გაღიზიანების შეგრძნება და განწყობის დაქვეითება. ეს ბუნებრივიცაა, თქვენ აღარ გაინტერესებთ რა ხდება სამყაროში, გაქვთ იზოლაციის ძლიერი სურვილი, აღარ გიხარიათ მეგობრების და საყვარელი ადამიანების ნახვა და ამასთან, ვერ განიცდით სიამოვნებას.

ახლა თქვენთვის ყველა აქტივობა ბრძოლაა.

ამიტომ, აუცილებელია, რომ დაისვენოთ.

მნიშვნელობა არ აქვს რამხელა პასუხისმგებლობა გაქვთ, ამ ეტაპზე რამდენი საქმე გაქვთ ან ვის სჭირდება თქვენი დახმარება. ახლა, თქვენ გჭირდებათ დასვენება, ძალების აღდგენა და გაძლიერება. სხვა შემთხვევაში, სიტუაცია იქამდე გართულდება, სანამ ორგანიზმი თავად არ გაიძულებთ დასვენებას...