LIFE

5 ძლიერი ჩვევა, რითაც თავდაჯერებული ადამიანები სხვების პატივისცემას იმსახურებენ

5 ძლიერი ჩვევა, რითაც თავდაჯერებული ადამიანები სხვების პატივისცემას იმსახურებენ

(როგორ მოვიპოვოთ პატივისცემა სწორი გზებით)

თავდაჯერებულობა ძლიერი ადამიანების თვისებაა; თუ თანამოსაუბრესთან იცავთ გარკვეულ წესებს ისე, რომ არც მის ინტერესებს უგულებელყოფთ და არც თქვენსას, მაშინ თქვენ ძლიერ ჩვევებს ფლობთ.

აქ მოცემულია რამდენიმე ძლიერი ჩვევა, რომელსაც თავდაჯერებული ადამიანები იყენებენ იმისთვის, რომ სხვები მათ პატივისცემით ეპყრობოდნენ.

საზღვრების დაწესება

თავდაჯერებულ ადამიანებს შეუძლია საზღვრების დადგენა გონივრული, სწორი ტონით. მათ ზუსტად იციან, რისი კეთებისას არიან კომფორტულად და რისი - არა. უპრობლემოდ შეუძლიათ უარი უთხრან საყვარელ ადამიანებს და თავი კომფორტულად იგრძნონ თუნდაც ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან საზღვრების დაწესებისას.

პირდაპირ უარის თქმა ერთგვარი საშუალებაა, აცნობოთ სხვებს, რას აიტანთ ან ვერ/არ აიტანთ - საზღვრების დაწესებით ერთგული რჩებით საკუთარი პრინციპების და არ არღვევთ თქვენი კომფორტის ზონას: „იმისათვის, რომ თავდაჯერებული იყო, უნდა იყო შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაში და თქვა სიმართლე. არაფრის გამართლება ან დამტკიცება არ გჭირდება, უბრალოდ, მშვიდად და თავდაჯერებულად ილაპარაკე სიმართლე“ - ამბობს კლინიკური ჰიპნოთერაპევტი კეია მურტი.

სხეულის ენა

როდესაც საქმე ასერტულ კომუნიკაციას ეხება, სხეულის ენა გადამწყვეტია. ეს ეხება პოზის შეცვლას, გარკვევით საუბარს და ხელის ჩამორთმევასაც კი - ყველა ეს პატარა ჟესტი თქვენს თავდაჯერებულობას აძლიერებს.

ადამიანებისთვის ზოგჯერ საკუთარი ემოციების გამხელა არაკომფორტულია; ეს იმითაც ჩანს, თუ როგორ ერიდებიან ისინი თვალით კონტაქტს.

თუ სხეულის ენას მეტ ყურადღებას დაუთმობთ, უფრო თავდაჯერებული გახდებით და ეს თვითშეფასებასა და საერთო ემოციურ მდგომარეობაზე პოზიტიურად აისახება.

ზურგს უკან ქილიკი

ურთიერთობებში კრიზისი გონებით გადაწყვიტეთ და ემოციებისგან თავი შორს დაიჭირეთ - თუ თქვენი უახლოესი მეგობრის ქცევაში რამე არ მოგწონთ, ნუ მოგერიდებათ პირდაპირ უთხრათ მას ამის შესახებ და ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ.

თავდაჯერებული ადამიანები არასოდეს აქილიკებენ სხვებს ზურგს უკან, ისინი არასოდეს ამცირებენ სხვებს, მაშინაც კი, როცა დარწმუნებული არიან, რომ სიმართლე მათ მხარესაა.

სიმშვიდე

თავდაჯერებულობის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი დაპირისპირების დროს სიმშვიდის შენარჩუნებაა.
შეგიძლიათ იყოთ თავდაჯერებული უხეშობის გარეშე, სახის ნეიტრალური გამომეტყველების შენარჩუნებით; ვინმეს დაცინვამ ან ხმამაღლა საუბარმა შეიძლება ყველაფერი გააუარესოს.

სიმშვიდე მნიშვნელოვანია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ემოციურობა ბევრს არ ეტყობა, ემოციების დაუფარავად გამოხატვა გავლენას ახდენს ნდობაზე, თავდაჯერებულობაზე და კომპეტენციაზეც კი, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში, როდესაც კონკრეტული ემოციის გადმოცემა შეიძლება შეუსაბამო ან უადგილო იყოს.

თავდაჯერებულობა უხეშობის გარეშე

ივარჯიშეთ ასე რთულ კომუნიკაციაში „მე“ ფრაზების გამოყენებით. ეს საშუალებას გაძლევთ, თქვენი საჭიროებები გამოხატოთ ბრალდების ან მტრული განწყობის გარეშე. შეგიძლიათ იყოთ უფრო თავდაჯერებული უხეშობის გარეშე, ნუ წაუყენებთ უპატივცემულო ბრალდებებს.

მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ თქვათ: „ვხედავ, ჭურჭლის რეცხვა დაგავიწყდა“, თქვით მსგავსი რამ: „თავს უკეთ ვგრძნობ, როდესაც სამზარეულოს ნიჟარაში ჭურჭელს არ ვხედავ“ - აქ არანაირი ბრალდება არ არის გაჟღერებული; სამაგიეროდ, გამოხატავთ თქვენს გრძნობებს და დამოკიდებულებებს.

დაბოლოს, გახსოვდეთ, თავდაჯერებული ადამიანები სხვების წარმატებითაც ბედნიერები არიან, რისკებზე წასვლაც სურთ, ბევრსაც იცინიან, სწავლობენ და ვითარდებიან, არც შეცდომების აღიარება უჭირთ და არც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება…