LIFE

მშვიდი და გააზრებული ცხოვრების 3 წესი

მშვიდი და გააზრებული ცხოვრების 3 წესი

კარიერული ზრდის, პირად ცხოვრებაში ბედნიერების, მოგზაურობის შესაძლებლობისა და სანუკვარი ოცნებებისკენ სწრაფვისას, ხშირად გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - დავაფასოთ და ვიზრუნოთ საკუთარ თავზე.

გიზიარებთ სამ ეფექტურ ხერხს, რომელიც გვეხმარება დავბრუნდეთ აწმყო დროში, ვიცხოვროთ გააზრებულად, გვქონდეს თვითრეფლექსიის უნარი და არ მოვწყდეთ რეალობას.

დუმილი

ბოლო დროს ხშირად გვესმის, თუ როგორ არიან ადამიანები მზად, დაისვენონ უკაცრიელ ადგილას მხოლოდ იმიტომ, რომ დუმდნენ.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია საზოგადოებისგან სრულად გათიშვა, მაგრამ არსებობს ეფექტური პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენის შემცირებას.

დუმილის პრაქტიკა არის ძლიერი ინსტრუმენტი ცნობიერების გადატვირთვისა და თვითშემეცნების გაღრმავებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული ჩვენგანისთვის.



დუმილი შეგნებული დროებითი თავშეკავებაა მეტყველებისა და ხმოვანი სტიმულებისგან შინაგანი თვითრეფლექსიის, სტრესის შემცირებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესების მიზნით.

ის ხელს უწყობს საკუთარი თავის უკეთ გაგებას, სხეულთან და გონებასთან კავშირის გაძლიერებას, ასევე ასტიმულირებს შემოქმედებით პროცესებს და ტვინის უჯრედების ზრდას, ამცირებს სტრესსა და შფოთვას, აუმჯობესებს ემოციურ მდგომარეობას და ახალი ნეირონული კავშირების ზრდას.

როგორ გამოვიყენოთ დუმილის პრაქტიკა?

გარკვეული პერიოდით ადამიანმა უნდა გამორთოს ყველა გაჯეტი: არ გამოიყენოს ტელეფონი, არ უყუროს ტელევიზორს. ამ პრაქტიკას ასკეტიზმის ელემენტებიც ახლავს, მოვერიდოთ ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაციას, ეს ერთადერთი გზაა, სრულად ჩაეფლოთ სიმშვიდისა და შინაგანი დიალოგის მდგომარეობაში (დღეში მინიმუმ 15 წუთით).

თანდათანობით გაეთიშეთ გარე სივრცეს, როდესაც თქვენს გარშემო სივრცე საბოლოოდ გადავა ჩუმ რეჟიმში, გადადით ფიქრებზე: რა გახსენდებათ? რა გაწუხებთ ყველაზე მეტად? როგორ შეედრება ობსესიური იდეები რეალურ მდგომარეობას? თუ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში შეუფერხებლად ამ ხერხს გამოიყენებთ, დაინახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ზოგადი მდგომარეობა: როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური.

ბუნებაში სიარული

ბუნებაში სიარული იაპონური პრაქტიკაა, რომელიც ცნობილია როგორც „შინრინ-იოკუ“, რაც ნიშნავს „ტყის აბაზანას“ ან „ტყეში განბანვას“ - ის ბუნებაში სეირნობას და შინაგანი შეგრძნებების კონტროლს გულისხმობს.

ეს პრაქტიკა ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს, აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს, აჯანსაღებს გულისცემას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ააქტიურებს იმუნურ სისტემას.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბუნებაში გასეირნება ეხმარება ადამიანის ტვინს დამშვიდებაში, შფოთვითი ფიქრებისა და დეპრესიისგან თავის დაღწევაში. ეს ეფექტი მიიღწევა ბუნებრივი არომათერაპიის, ყველგან გავრცელებული ფრაქტალური ნიმუშებისა და ტაქტილური შეგრძნებების თანამშრომლობით. ბოლოს და ბოლოს, ტყუილად არ ამბობენ, რომ მსოფლიოში ბუნებაზე უკეთესი მკურნალი არაფერი გამოუგონიათ.



იაპონელმა ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს გონებამახვილური სეირნობის რამდენიმე სახეობა. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერით, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ - ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს საბოლოო მიზნებსა და პრეფერენციებზე.

გადით ბუნებაში და ყურადღებით დააკვირდეთ კისრისა და ხერხემლის შეგრძნებებს, პულსისა და სუნთქვის ცვლილებებს, ასევე ველურ ბუნებასთან ფიზიკური კონტაქტისგან მიღებულ ემოციებს, რეკომენდებულია გადადგმული ნაბიჯების რაოდენობის დათვლაც.

მოუსმინეთ ჩიტების ჭიკჭიკს, დატკბით ნაკადულის რაკრაკით და ქარში ფოთლების შრიალით, თქვენ იგრძნობთ, რომ ამ საოცარი სამყაროს ნაწილი ხართ.

კითხვა

ეს არის ღრმა, აქტიური და შინაარსიანი კითხვის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს წიგნიდან ცოდნის მაქსიმალურ ათვისებას და გამოყენებას. ის რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

წიგნის წინასწარი გაცნობა

ძირითადი კითხვის დაწყებამდე რეკომენდებულია წიგნის წინასიტყვაობის, შინაარსის და ეპილოგის ყურადღებით გაცნობა. ეს ხელს უწყობს ავტორის მიზნების, წიგნის სტრუქტურისა და ძირითადი თემების გაგებას, რაც ზოგავს დროს და ხელს უწყობს შინაარსის სწრაფად გაგებას.

კითხვა გამოტოვების გარეშე

შერჩევითი ან ზერელე კითხვისგან განსხვავებით, ეს მეთოდი „გაიძულებთ“, წაიკითხოთ წიგნი მთლიანად, მნიშვნელოვანი ნაწილების გამოტოვების გარეშე, რათა მიიღოთ შინაარსის ჰოლისტური წარმოდგენა.

კრიტიკული დამოკიდებულება ტექსტის მიმართ

მკითხველი უბრალოდ არ აღიქვამს ინფორმაციას, არამედ აანალიზებს ავტორის აზრებს და აყალიბებს კრიტიკულ პოზიციას.

ჩანაწერების გაკეთება

დამუშავებით კითხვისას გააკეთეთ ჩანაწერები, ფანქრით გახაზეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის ნიშანდობლივია, ეს დაგეხმარებათ იდეების უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებაში, ასევე აზროვნების გავარჯიშებაში.

ფანტაზიის გამოყენება

კითხვისას მნიშვნელოვანია მასალის აქტიურად „გაცოცხლება“, ჩართეთ ფანტაზია: წარმოიდგინეთ თავი პერსონაჟის ადგილას, დაფიქრდით, როგორ მოიქცეოდით მოცემულ სიტუაციაში, მოიგონეთ საკუთარი სცენარები, ხმამაღლა ითამაშეთ დიალოგები: ეს ხელს შეუწყობს თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების მნიშვნელოვნად გამდიდრებას.