როგორ და რა ვასწავლოთ ბავშვს ზაფხულში: შეხსენება მშობლებისთვის
- 24.06.2025

„არდადეგები დასვენების დროა“, - ამბობს ბევრი მშობელი და შვილებს მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს. თუმცა, მშობლების ნაწილი ამ აზრს არ ეთანხმება, ისინი მიიჩნევენ, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს, რათა არ დაივიწყოს სკოლის სასწავლო გეგმა. მართლაც, არდადეგები დასვენებისთვისაა შექმნილი, მაგრამ ზაფხულში ბავშვებს შეიძლება დაავიწყდეთ გაკვეთილზე განხილული მასალები. მაშ, სად არის სიმართლე?
იდეალური ზაფხული არის დაბალანსებული შვებულება, რომელიც მოიცავს სწავლასაც. რა თქმა უნდა, ყველა საგნის პროგრამა არ უნდა გაიმეოროთ. ზოგიერთი საგნის შესწავლა შესაძლებელია ნებისმიერი სახის აქტივობასთან პარალელურად: მაგალითად, ფილმის ყურება და უცხო ენის შესწავლა თავსებადია, განსაკუთრებით თუ ის სუბტიტრებით მიმდინარეობს.
ინგლისური ის საგანია, რომელიც მუდმივ პრაქტიკას მოითხოვს. იმისათვის, რომ არ დაკარგოთ კომუნიკაციის, მოსმენის ან წერის უნარები, სწავლა არდადეგების დროსაც კი გჭირდებათ. ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ზაფხული სწავლაში უნდა გაატაროთ, აქ გაკვეთილების ხარისხი გაცილებით მნიშვნელოვანია.
როგორ ვისწავლოთ ბავშვთან ერთად ზაფხულში?
სასწავლო წლის ბოლოს არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც იღლებიან და ეს გასაგებიცაა. აკადემიური სწავლების რამდენიმე თვემ შეიძლება დაგღალათ და ზაფხულში საერთოდ არ მოგინდეთ სწავლა. ნუ ღელავთ: ცოდნის შესანარჩუნებლად საკმარისია დღეში 20-30 წუთი დაუთმოთ საგანს, მაგრამ ეს რეგულარული უნდა იყოს და ბავშვს სიამოვნებას ანიჭებდეს.
არდადეგების მკაფიოდ დასაგეგმად, შეათანხმეთ ბავშვებთან, რამდენ დროს დახარჯავთ სწავლაზე და რამდენს დასვენებაზე. შეეცადეთ შეადგინოთ გრაფიკი და გააცნოთ თქვენს შვილს: ამ გზით მან დანამდვილებით იცის, რომ სამშაბათს და ხუთშაბათს საუზმის შემდეგ რომელიმე კონკრეტულ საგანს იმეცადინებს.
შექმენით ზაფხულის ყოველდღიური რუტინა: თანდათანობით გადაწიეთ ადგომის დრო რამდენიმე საათით ადრე, როდესაც სკოლაში წასვლის დრო მოვა, თქვენი შვილი შეძლებს ადრე ადგომას სტრესის გარეშე, თუ ზაფხულში სადილამდე არ მისცემთ ძილის საშუალებას.
ზაფხული შესანიშნავი შესაძლებლობაა არა მხოლოდ ცოდნის შესანარჩუნებლად, არამედ ცოდნის გასაზრდელად და სასწავლო წლის განმავლობაში წარმოქმნილი ხარვეზების შესავსებად. მნიშვნელოვანია სხვადასხვა უნარების პრაქტიკა: კომუნიკაცია, კითხვა და წერა, რათა სიტყვები და კონსტრუქციები არ გაქრეს აქტიური ლექსიკიდან.
თუ თქვენს შვილს რომელიმე კონკრეტული საგანი იტაცებს, ეცადეთ ცოდნა ამ კუთხით მეტად გაუღრმაოთ და დაეხმაროთ მეტი ინფორმაციის თუ მასალის მოძიებაში.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც კითხვა არ შეუძლიათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი და ილუსტრირებული წიგნები, სპეციალური საგანმანათლებლო აპლიკაციები, შეგიძლიათ ჩართოთ ვიდეო და მუსიკალური რიტმით გაუმარტივოთ კითხვის პროცესი. ეცადეთ აკონტროლოთ დრო, ამასთან, დაყავით სავარჯიშო ნაწილებად და ყოველ ჯერზე განიხილეთ შვილთან ერთად, რა გაიმეორეთ ან ისწავლეთ.
რომელი მეთოდი თუ სტრატეგია არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში თქვენი ატიური ჩართვა. გამოხატეთ ცოცხალი ინტერესი პროცესის მიმართ: აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენ მისი მხარდამჭერი და მოსიყვარულე მშობლები ხართ, რომლებიც მზად არიან წაახალისონ შვილები და მონაწილეობაც მიიღონ. აუცილებლად შეაქეთ მიღწევები, თუნდაც ისინი თქვენთვის უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ და მოერიდეთ ნეგატიურ კომენტარებს, თუ ბავშვი რაღაცაში ვერ აღწევს წარმატებას. ეს ბავშვებში ქმნის წარმოდგენას, რომ ისინი მნიშვნელოვან რამეს აკეთებენ და მათ მოტივაციას აძლევს, გააგრძელონ სწავლა ზაფხულშიც კი, ოღონდ რა თქმა უნდა პოზიტიური დისციპლინით და თქვენი მაქსიმალური მხარდაჭერით.
თემები: ბავშვები