საქმე საკვებში არ არის - ჭარბი წონის ფსიქოსომატური მიზეზები
- 23.06.2025

თუ უმეტესად ჯანსაღ კვებას მისდევთ, მაგრამ სასწორზე რიცხვები კლების მაგივრად იზრდება, ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა თქვენს აზროვნებაშია, სავარაუდოდ, ეს ფსიქოსომატური პრობლემაა და წონაში დასაკლებად, თქვენს აზრებთან და გრძნობებთან გამკლავება მოგიწევთ.
ჭარბი წონის ფსიქოსომატური მიზეზები
მარტივად რომ ვთქვათ, ფსიქოსომატიკა არის ის, როდესაც ფსიქიკა არ ამუშავებს გარკვეულ გამოცდილებას და მას სხეულში „ფუთავს“. ფსიქიკური ენერგია (გამოუხატავი ტკივილი, შფოთვა, დაუმუშავებელი შიში და ა.შ.) იჭედება სხეულში და ვლინდება ჭარბი წონის ან დაავადების სახით.
თუ შვებულების შემდეგ სასწორზე +5 კილოს გიწერთ, ეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური ამბავია; გარკვეული მედიკამენტების მიღების შემდეგაც, შესაძლოა წონაში მოიმატოთ - ასეთ სიტუაციებში, აზრი არ აქვს პრობლემის ფესვების ფსიქიკაში ძიებას, მაგრამ როდესაც, არ არსებობს ობიექტური მიზეზები, რომ წონაში მოიმატოთ, ღირს ამაზე დაფიქრდეთ.
„ჯავშნის“ საჭიროება
სხეული ჩვენი ციხესიმაგრეა, როდესაც განსაცდელში ვართ, ქვეცნობიერში ჩნდება სურვილი, მისგან თავი დავიცვათ, გავაძლიეროთ ჩვენი სხეული, ამიტომ ისტერიულად ვიკვებებით.
წონაში მატებით, ჩვენ ვამაგრებთ კედელს საკუთარ თავსა და საზოგადოებას შორის, ვიკეთებთ ერთგვარ „ჯავშანს“, რაც ორგანიზმისთვის ერთგვარი ძალადობაა და მომავალში შეიძლება გამოიწვიოს თვითზიზღი, „ავტომატური რეჟიმით“ ცხოვრება თქვენი ნამდვილი სურვილებისა და საჭიროებების გაგების გარეშე.
სურვილი, იყოთ ხილული
როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მას არ ამჩნევენ, მის აზრს უგულებელყოფენ, უჩნდება სურვილი გახდეს უფრო ხილული, „უფრო მნიშვნელოვანი“ საზოგადოებაში.
თუ აღიარების მიღწევა სხვა გზებით შეუძლებელია, სხეული ირგებს მაშველის ფუნქციას და ის უფრო დიდი ხდება; ადამიანი ფიზიკურად იწყებს სივრცეში მეტი სივრცის დაკავებას: ახლა ის ყველასთვის ხილულია და მისი იგნორირება შეუძლებელია.
სიცარიელის განცდა
ჭარბი წონის კიდევ ერთი ფსიქოსომატური მიზეზი სულში სიცარიელის განცდაა. როდესაც ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი გვაკლია, ჩვენ მიდრეკილნი ვართ კომპენსაციის სხვა სფეროებში ძიებისკენ.
თუ ადამიანს აკლია სიყვარული და სითბო, ამ სიცარიელის შევსებას საკვებით შეეცდება. ეს არის მცდელობა, „შეიყვაროს“ საკუთარი თავი მატერიალური სიამოვნებების საშუალებით, ნუგეშის პოვნა რაღაც ხელშესახებში და მარტივში.
პასუხისმგებლობის ტვირთი
როდესაც დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ, შეიძლება წონაში მოიმატოთ, თითქოს ასე ცდილობთ ამ ტვირთის საკუთარ თავზე ტარებას, თუმცა, ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტა!
ჭარბი წონის ფსიქოსომატიკასთან გასამკლავებლად, უნდა ისწავლოთ დატვირთვის შემცირება და დავალებების დელეგირება. მიეცით სხვებს საშუალება დაგეხმარონ, შემდეგ თავს უფრო მსუბუქად იგრძნობთ და თქვენი წონაც ნორმაში ჩადგება.
როგორ გავუმკლავდეთ ჭარბი წონის ფსიქოსომატიკას?
მსგავსი გამოწვევები ერთ მარტივ გარემოებას ეფუძნება - ჩვენ საკმარისად არ გვიყვარს და არ ვაფასებთ საკუთარ თავს, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება თუ:
ვისწავლით სტრესთან სწორად გამკლავებას
ავიმაღლებთ თვითშეფასებას
ვიცხოვრებთ სხვებთან ჰარმონიაში, მათ აზრზე დამოკიდებულების გარეშე
გავითვალისწინებთ ჩვენს შინაგან მოთხოვნილებებს
პირველ ადგილზე დავაყენებთ ჩვენს უსაფრთხოებას - ფიზიკურს და ფსიქოლოგიურს
შევწყვეტთ პრობლემების თავიდან აცილებას და ვეცდებით მათ გადაჭრას, რაც არ უნდა რთული იყოს ისინი.
შემდეგ დაიწყეთ თქვენი დიეტისა და ცხოვრების წესის გადახედვა. დაივიწყეთ ფრაზა „წონაში ვიკლებ“, ამის ნაცვლად, თქვით: „ვიწყებ საკუთარი თავის სიყვარულს“.
დაიწყეთ ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვების მიღება: თქვენ იმსახურებთ ხარისხიან „საწვავს“ და არა უსარგებლო საკვებს.
მიირთვით მცირე ულუფები დღეში 5-6-ჯერ, ეს დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის დაჩქარებაში და შიმშილის თავიდან აცილებაში.
არ დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობა: მოძრაობა სიცოცხლეა! იპოვეთ აქტივობა, რომელიც თქვენთვის შესაფერისია და სიამოვნებას განიჭებთ.
გახსოვდეთ, წონის დაკლება არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც მყისიერად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მხოლოდ საკუთარი თავის, თქვენი სხეულის და ზოგადად ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების შეცვლით იპოვით ნამდვილ ბედნიერებას და ეს საერთოდ არ არის დამოკიდებული თქვენს წონაზე.
თემები: დიეტა